მთავარი მენიუს გახსნა

გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი (დ. 1892, საირხე, შორაპნის მაზრა — გ. 10 ივნისი, 1926, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფიარედაქტირება

გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე) დაიბადა 1891 წელს შორაპნის მაზრის სოფელ საირხეში (დღევანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას სტიპენდია დაუნიშნა და სასწავლებლად მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გაგზავნა. სტუდენტობისას აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვის ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1915 წელს ჩაება გაზეთ „საქართველოს“ მუშაობაში, წერილებს წერდა იმ დროისათვის აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებზე. ამ წლებში დაწერა რამდენიმე შრომა ქართულ და რუსულ ენებზე, რომელთა შორის აღსანიშნავია „საქართველო და ლაზისტანი“ და „საქართველოს შეერთება რუსეთთან“. 1916 წელს გრიგოლ ვეშაპელმა მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა. ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ გრიგოლ ვეშაპელი სამშობლოში დაბრუნდა. იგი იყო ერთ–ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ახლად დაარსებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიისა და ამავე პარტიის ორგანოს „საქართველოს“ რედაქტორი. 1917 წელს გრიგოლ ვეშაპელი არჩეულ იქნა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სათათბირო ორგანოს – სეიმის წევრად. ასევე იყო ეროვნული საბჭოს წევრი, რომელიც მისი ინიცაიტივითა და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გრიგოლ ვეშაპელი არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად – საქართველოს პარლამენტის დეპუტატად. პარლამენტში იგი შევიდა, როგორც დამოუკიდებელი ნაციონალურ–დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, რომლის ორგანო იყო გაზეთი „კლდე“.

გრიგოლ ვეშაპელი აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმინობაში. 1917 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“, 1918-1920 წლებში - „კლდეს“ (1919 წ. გაზეთი ზოგჯერ „სალი კლდის“, „პიტალო კლდის“ სახელით გამოდიოდა), 1920 წელს - გაზეთ „ნაციონალისტს“, ხოლო 1920-1921 წლებში - „მიწას“.

ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო გრიგოლ ვეშაპელი გაემიჯნა ძირითად პარტიულ ბირთვს და შექმნა „მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია“, რომლის ორგანოსაც ასევე მისი რედაქტორობით გამომავალი გაზეთი „მიწა“ წარმოადგენდა. მისი მოადგილე იყო გიორგი ლეონიძე, რომელმაც 1920 წლის რამდენიმე ნომერს გრიგოლ ვეშაპელის ნაცვლად მოაწერა ხელი.

1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ იგი ემიგრაციაში არ გაჰყოლია საქართველოს მთავრობას. რამდენიმე თვე ბათუმში დარჩა, შემდეგ სტამბოლში იმყოფებოდა, შემოიარა ევროპის ქვეყნები და ბოლოს პარიზში ჩავიდა. ეწეოდა ანტიბოლშევიკურ პროპაგანდას, როგორც დამოუკიდებლად ისე ემიგრანტულ მთავრობასთან ერთად. გრიგოლ ვეშაპელი რევაზ გაბაშვილთან და დავით ვაჩნაძესთან ერთად მონაწილეობდა „სტამბოლის პოლიტიკური კომისიის“ მუშაობაში, როგორც ედპ–ეს წევრი. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყო 1922 წლის ვაშინგტონის კონფერენციაზე.

1923 წლის დეკემბერში ედპ–ს მთავარმა კომიტეტმა გრიგოლ ვეშაპელის პერსონალური საკითხი განიხილა შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო. 1924 წლის მაისიდან გრიგოლ ვეშაპელი უპირისპირდება საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას. 1924 წლის დამარცხებამ გრიგოლ ვეშაპელზე მძიმედ იმოქმედა. მან დაიწყო მზადება სამშობლოში ჩამოსასვლელად. მან კავშირი დაამყარა საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლებთან ევროპაში, 1924 წლის 5 ნოემბერს პარიზში დააარსა გაზეთი „ახალი საქართველო“ (გამოდიოდა 1924-26 წწ. ბერლინსა და პარიზში), რომლის ფურცლებიდანაც ემიგრატებს საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას მოუწოდებდა და აქტიური საბჭოთა პროპაგანდისტი გახდა. ამის გამო დიდი კონფლიქტი წარმოიშვა მასა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლ ქართველ ემიგრანტებს შორის. 1925 წლის 9 აგვისტოს კაფე „ვოლტერში“ მათ ხელი შეუშალეს პარიზში ქართული „საბჭოთა კოლონიის“ დაფუძნებას, რასაც მოჰყვა თებერვლის დაპირისპირებები. კულმინაცია 1926 წლის 28 თებერვლის სისხლიანი შეტაკება იყო, რაც „ოდენკურის ამბების“ სახელწოდებითაა ცნობილი. 1926 წლის 10 ივნისს გრიგოლ ვეშაპელი პარიზში რამდენიმე გასროლით მოკლა ავთანდილ მერაბაშვილმა.

1926 წლის 14 ივნისს გრიგოლ ვეშაპელი დაკრძალეს პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე. ნეკროლოგი და გამოსათხოვარი წერილები დაიბეჭდა მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ახალ საქართველოში“. ამ ფაქტს გამოეხმაურა საბჭოთა პრესა. ნეკროლოგები გამოქვეყნდა საქართველოშიც („Зария Востока“ და „კომუნისტი“).

1928 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მშობლების თხოვნით გრიგოლ ვეშაპელის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენა და თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალა. 1937 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მისი ნეშტი დიდუბიდან ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ.233-236.
  • ქართველები უცხოეთში. წიგნი I. თბილისი, 2012, გვ. 90-91.
  • დოდო ჭუმბურიძე. ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა. თბილისი, 2008, გვ. 293-317.
  • ნატო ნიქაბაძე. გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი/ვეშაპიძე (1891-1926). ქართველური მემკვიდრეობა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქუთაისი, 2008, ტ. XII. გვ.256-259.