ვაშინგტონის კონფერენცია

ვაშინგტონის კონფერენციააშშ-ის ინიციატივით მოწვეული კონფერენცია. მიმდინარეობდა ვაშინგტონში 1921 წლის 12 ნოემბრიდან 1922 წლის 6 თებერვლამდე. მონაწილეობდნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია და პორტუგალია. საბჭოთა კავშირმა პროტესტი განაცხადა იმის გამო, რომ რსფსრ, როგორც წყნარი ოკეანის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, არ იყო მიწვეული კონფერენციაზე და ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზის საკითხს მის გარეშე განიხილავდნენ. ვაშინგტონის კონფერენციაზე შეიმუშავეს და მიიღეს შემდეგი მთავარი დოკუმენტები:

  • ოთხი სახელმწიფოს ხელშეკრულება
  • ხუთი სახელმწიფოს ხელშეკრულება
  • ცხრა სახელმწიფოს ხელშეკრულება
  • ვაშინგტონის შეთანხმება
  • ტრაქტატი ჩინეთის საბაჟო ტარიფის შესახებ

ოთხი სახელმწიფოს ხელშეკრულება

რედაქტირება

აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და იაპონიას შორის. ეს იყო ხელშეკრულება წყნარ ოკეანეში მათი ტერიტორიული უფლებების ერთობლივი დაცვის შესახებ. ხელი მოაწერეს 1921 წლის 13 დეკემბერს. ხელშეკრულება მიზნად ისახავდა იმპერიალისტური სახელმწიფოების ძალთა გაერთიანებას წყნარი ოკეანის აუზისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ. ამ ხელშეკრულებით ძალას კარგავდა ინგლის-იაპონიის კავშირი (1902), რომელიც იმ დროს მიმართული იყო აშშ-ის გეგმების წინააღმდეგ შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის აუზში.

ხუთი სახელმწიფოს ხელშეკრულება

რედაქტირება

ხელშეკრულება საზღვაო შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ, დაიდო აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, საფრანგეთსა და იტალიას შორის. ხელი მოეწერა 1922 წლის 6 თებერვალს. ხელშეკრულების თანახმად საზღვაო შეიარაღებათა სფეროში ძალთა თანაფარდობა პერსპექტივაში აშშ-ის სასარგებლოდ იცვლებოდა, დიდი ბრიტანეთი უარს ამბობდა ტრადიციულ პრინციპებზე, რომ ინგლისის ფლოტი მსოფლიოს ორი უძლიერესი საზღვაო სახელმწიფოს გაერთიანებული ფლოტის ტოლი ყოფილიყო. ხელშეკრულებამ დაადგინა ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების სახაზო ფლოტების ზღვრული ტონაჟი, განისაზღვრა იმ სახაზო ხომალდების ტონაჟი, რომლებიც უნდა შეცვლილიყო. დადგინდა აგრეთვე ავიამზიდებისა და მათი წყალწყვის ტონაჟი, სახელმწიფოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტების ტონაჟი შეუზღუდველი დარჩა.

ცხრა სახელმწიფოს ხელშეკრულება

რედაქტირება

ცხრა სახელმწიფოს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იაპონიამ, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ და ჩინეთმა 1922 წლის 6 თებერვალს. აღნიშნულ სახელმწიფოებს ხელშეკრულება თანაბარ შესაძლებლობას ანიჭებდა ჩინეთთან ვაჭრობასა და საწარმოო საქმიანობაში და ავალდებულებდა არ გამოეყენებინათ ჩინეთის შინაგანი ვითარება განსაკუთრებული პრივილეგიების მისაღებად, არ ემოქმედათ ერთმანეთის ინტერესების საზიანოდ. ხელშეკრულება მიმართული იყო იაპონიის პრეტენზიების წინააღმდეგ და შეესაბამებოდა აშშ-ის ღია კარის პოლიტიკას, რომლითაც აშშ იმედოვნებდა განედევნა თავისი კონკურენტები ჩინეთიდან.

ვაშინგტონის შეთანხმება

რედაქტირება

1922 წლის 4 თებერვალს იაპონია იძულებული იყო ხელი მოეწერა ვაშინგტონის შეთანხმებისათვის (ჩინეთ-იაპონიის შეთანხმება) ჩინეთის შანდუნის პროვინციიდან იაპონიის ჯარების ევაკუაციის, ჩინეთისათვის ცინდაო-ძინანის რკინიგზისა და ძიაოჯოუს ტერიტორიის დაბრუნების შესახებ.

ტრაქტატი ჩინეთის საბაჟო ტარიფის შესახებ

რედაქტირება

1922 წლის 6 თებერვალს ხელი მოაწერეს ტრაქტატს ჩინეთის საბაჟო ტარიფის შესახებ, რომელიც განამტკიცებდა ჩინეთის საბაჟო არათანასწორუფლებიანობას. რსფსრ და ჩინეთის პროტესტებისა და ვაშინგტონის კონფერენციის მონაწილეთა შორის წინააღმდეგობის გამო ვაშინგტონის კონფერენციამ ვერ შეცვალა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზის მაშინდელი მდგომარეობა.

შედეგები

რედაქტირება

ვაშინგტონის კონფერენციის გადაწყვეტილებით დასრულდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული კოლონიური სამფლობელოებისა და გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება წყნარ ოკეანესა და შორეულ აღმოსავლეთში. აშშ-მა მიაღწია მნიშვნელოვან დათმობებს ინგლისისა და იაპონიის მხრივ. ვაშინგტონის კონფერენციამ დააგვირგვინა ე. წ. ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის შექმნა.

ლიტერატურა

რედაქტირება