გრიგოლ ვოლსკი
გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი (ფსევდ. გრ. უმწიფარიძე) (დ. 24 იანვარი, 1860, ქუთაისი, — გ. 5 ოქტომბერი, 1909, თბილისი; დაკრძალულია ბათუმში) — ქართველი პუბლიცისტი, პოეტი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე; წარმოშობით პოლონელი.
დაიბადა რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი პატრიოტის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო და ფილოლოგიური ფაკულტეტებზე.
ვოლსკი 1888 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს წევრად. მისი თაოსნობით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც შემდგომ თავადვე ემსახურებოდა უფასოდ, როგორც ექიმი. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს კი — ბათუმის საბავშვო მუზეუმი. დავით კლდიაშვილთან და ივანე მესხთან ერთად იღვწოდა აჭარის მოსახლეობის კულტურული პროგრესისათვის. ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილებას; მხარს უჭერდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, საწარმოო ძალთა განვითარებას კაპიტალისტურ საფუძველზე.
1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. მოღვაწეობის გაგრძელება მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო – მუშაობდა თბილისის კერძო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. გარდაიცვალა თბილისში; დაკრძალულია ბათუმში, თუმცა მისი საფლავი დაკარგულია. ვოლსკის სახელს ატარებს ქუჩა ბათუმში.
ვოლსკის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ლექსები და თარგმანები 1878 წლიდან იბეჭდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. წერდა „გრ. უმწიფარიძის“ ფსევდონიმით. მისთვის პოეზია „ჩაგრულთა ფარია“ („ჩემო მუზავ!“, 1881). ვოლსკის ეკუთვნის პატრიოტული და ლირიკული ლექსები: „მეგობარს“, „სიზმარი“ (1882), „როს საუკუნოდ დავდუმდე“ (1893), ასევე პოპულარულ რომანსად ქცეული „შენ გეტრფი მარად“ (1891, მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძისა), მოთხრობა „თორნიკეს დარდი“ (1888), ჩეხოვის, ანდერსენის ქართული თარგმანები, ილიას, შიო არაგვისპირელის, ეკატერინე გაბაშვილის რუსული თარგმანები და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე გ. გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 285.
- „გრიგოლ ვოლსკი — მოღვაწე საქართველოს მაჯისცემას მიყურადებული“, გაზ. „ახალი ეპოქა“ #11. 21-27 მარტი, 2007 წ.