ივანე სიმონის ძე მესხი (დ. 1849, ქუთაისი — გ. 1931, თბილისი) — ქართველი ექიმი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ივანე მესხი 1869 წელს შევიდა პეტერბურგის ქირურგიიის აკადემიაში. 1871 წლიდან სწავლობდა შვეიცარიაში, ჯერ ციურიხის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდეგ კი ციურიხის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ამ პერიოდში სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად ივანემ დააარსა ქართველ სტუდენტთა საზოგადოება „უღელი“ რომლის პასუხისმგებელი მდივანიც თავად იყო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მისი ინიციატივით ქუთაისში გაიხსნა პირველდაწყებითი სასწავლებელი, სადაც სწავლა მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა. იყო ქალაქის თვითმმართველობის წევრი და მდივანი.

1888 წელს ივანე მესხი სამუშაოდ ბათუმში გადაიყვანეს, სადაც ოცდახუთ წელზე მეტი დაჰყო. იგი იყო ქ. ბათუმის თვითმმართველობის მდივანი, იღწვოდა სასკოლო ქსელის გაფართოებისათვის და აქტიურად მონაწილეობდა ბათუმში კლასიკური გიმნაზიისა და ქალთა გიმნაზიის გახსნის საქმეში.

ივანე მესხი ასევე იღწვოდა კულტურული ცხოვრების აღორძინებისათვის. მან ბათუმში შექმნა სცენისმოყვარეთა კოლექტივი, საფუძველი ჩაუყარა დრამატულ საზოგადოებას, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც წლების განმავლობაში თვითონ იყო. იგი აწყობდა სალიტერატურო და თეატრალურ საღამოებს, რომლის შემოსავალიც ძირითადად გადაეცემოდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ ქართული სკოლებისა და კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებების კეთილმოწყობისათვის. 1879 წლიდან ივანე მესხი ქშწკგ საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო. [1]

1871 წლიდან ივანე მესხი თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში, კერძოდ, „დროებასა“ და „კრებულში“. „ისრელის“ ფსევდონიმით ჟურნალ „კრებულში“ ბეჭდავდა იუმორისტული ხასიათის წერილებსა და სტატიებს. მას ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი „ბათუმის საქალაქო მეურნეობის განვითარების ნარკვევი“ (რუსულ ენაზე), გოგოლის, დობროლიუბოვის, ნეკრასოვის თხზულებათა თარგმანები და სხვა.

1919 წლიდან ივანე მესხმა ცხოვრების უკანასკნელი წლები თბილისში გაატარა.

1932 წელს ივანე მესხი 82 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ივანე მესხი“, ავტ.: რამაზ სურმანიძე, თბ., 2013
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6., თბ., 1983, გვ.602
  • საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, კრებული მესამე, თბ., 1968.
  • „ეფემია მესხი“, შემდგ.: მაყვალა ცხომარია, თბ., 1957

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1] ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრების ვებსაიტი