მელიტონ ბალანჩივაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალანჩივაძე.

მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე (დ. 5 იანვარი, 1863, [ძვ. სტ. 24 დეკემბერი 1862] , სოფ. ბანოჯა — გ. 21 დეკემბერი, 1937, ქუთაისი) — ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველ-დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. აქ იგი მონაწილეობდა მოსწავლეთა გუნდში და ხელმძღვანელის ვლადიმერ აღნიაშვილის ყურადღებაც მიიპყრო. მალე თვითონ ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1879, თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ბალანჩივაძე საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში მიიღეს. გუნდის ხელმძღვანელმა ვ. აუშევმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედ დანიშნა. 1880-იდან ბალანჩივაძე თბილისის ოპერის თეატრის გუნდში მიიწვია ფილიმონ ქორიძემ. მალე სოლო პარტიებიც იმღერა ოპერებში „ევგენი ონეგინსა“ (ზარეცკი) და „ფაუსტში“ (ვალენტინი).

 

1882 ბალანჩივაძემ ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელმაც 1883 წელს თბილისში კონცერტი გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროდ შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ-ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. 1883-1886 ბალანჩივაძემ ქორიძესთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით. 1886-იდან მღეროდა ლ. აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს კიდეც ხელმძღვანელობდა მას. იმავე ხანებში ორკესტრი, რომელიც ლ. აღნიაშვილის გუნდთან ერთად კონცერტებზე ხალხური სიმღერებისაგან შედგენილ „ქართულ პოპურის“ ასრულებდა.

1889 ბალანჩივაძემ მსმენელებს წარუდგინა თავისი სამი რომანსი — „ნანა“, „შენ გეტრფი მარად“ და „ოდესაც გიცქერ“ (ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები). 1889-1895 ბალანჩივაძე პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა ჯერ ვოკალის განხრით (პროფ. ვ. სამუსთან), შემდეგ კი კონსერვატორიის დირექტორის რჩევით ანტონ რუბინშტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა ნ. რიმსკი-კორსაკოვთან, რუსეთში იგი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ხელოვნებას, მართავდა ქართული მუსიკის საღამოებს, გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი. აქ დაწერა ოპერა „თამარ ცბიერის“ (ა. წერეთლის „თამარ ცბიერის“ მიხედვით, ლიბრეტო ვასილი ველიჩკოსი) პირველი აქტი და მესამე აქტის ცალკეული ნაწილები, რომლებიც პირველად 1897 წლის 20 დეკემბერს რუსი მსახიობების მონაწილეობით შესრულდა პეტერბურგის კეთილშობილთა საკრებულოს დარბაზში. საქართველოს გარეთ, რუსეთში დადგმულმა პირველმა ქართულმა ოპერამ დიდი მოწონება დაიმსახურა (განმეორებით შესრულდა 1912 იქვე). 1906 პეტერბურგში ბალანჩივაძემ მონაწილეობა მიიღო ა. რუბინშტეინის ოპერა "დემონის" ქართულ ენაზე დადგმაში. 1907 დააფინანსა მიხეილ გლინკას წერილების გამოცემა (სანქტ-პეტერბურგი, 1908, 250 წერილი). 1917 იგი საქართველოში დაბრუნდა და ფართოდ გაშალა მუსიკალური-საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1918 ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში; იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარე, „საქართველოს სამუსიკო საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ხალხური სიმღერების გუნდების დაარსებაში; ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისის; მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას; 1929-1931 იყო ბათუმის, ხოლო 1935 — ქუთაისის მუსიკის სასწავლებლის დირექტორი. 1926 წლის 6 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა ბალანჩივაძის „თამარ ცბიერი“ (ლიბრეტო კონსტანტინე ფოცხვერაშვილისა), პატრიოტული სულისკვეთებით, ლირიზმით გამსჭვალული ნაწარმოები. 1937 ეს ოპერა „დარეჯან ცბიერის“ სახელწოდებით მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე შესრულდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბალანჩივაძის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია კანტატა „დიდება ზაჰესს“ (1927), „სტუდენტების სიმღერა“ ქალ-ვაჟთა გუნდისათვის და „ქართული ეროვნული მარში“ სიმფონიური ორკესტრისათვის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა.

მელიტონ ბალანჩივაძე დაქორწინებული იყო გერმანული წარმოშობის პეტერბურგელ მარია ფონ ალმენდინგენზე (ვასილიევა). მეუღლეებს ჰყავდათ ოთხი შვილი:

  • ნინო — გარდაიცვალა ბავშვობაში,
  • თამარი (1902-1943) — მხატვარი, ცხოვრობდა რუსეთში. მოღვაწეობდა თეატრის მხატვრად. დაიღუპა ლენინგრადის ბლოკადის დროს.
  • გიორგი (ჯორჯ ბალანჩინი) (1904-1983) — გამოჩენილი ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი.
  • ანდრია (1906-1992) — გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება