სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორიძე.

ფილიმონ ქორიძე (დ. 1835, გამოჩინებული — გ. 12 ივლისი, 1911, ბახმარო) — ქართველი ფოლკლორისტი , მომღერალი, ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი. ქორიძე პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა.

ფილიმონ ქორიძე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1835
დაბ. ადგილი გამოჩინებული, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 12 ივლისი, 1911
გარდ. ადგილი ბახმარო, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია ოზურგეთი, ქალაქის ბაღი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი, ოპერა
საქმიანობა ლოტბარი, მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მღვდელ იესე გიორგის ძე ქორიძის ოჯახში. ჰყავდა სამი ძმა, რომელთაგან ერთი, ზოსიმეა, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ხოლო ლაზარე და იოსები მღვდელმსახურებას ეწეოდნენ გამოჩინებულისა და ნოღის წმინდა გიორგის ტაძრებში.

დაწყებითი განათლება მიიღო მამის მეგობრისგან, მღვდელ იაკინთესგან, ვისგანაც ისწავლა წერა, წმინდა წერილი, დავითნი, სამოციქულო, ჟამნი, სახარება, არითმეტიკა. 1853 წელს სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. უახლოესი ნათესავის, ამირან ბალანჩივაძის დახმარებით ის სასწავლებელში უფასოდ მიიღეს. სკოლაში სწავლისას ქორიძეს ყველაზე მეტად საეკლესიო გუნდში გალობა იზიდავდა. 1855 წელს, სწავლის დასრულების შემდეგომ, პედაგოგიურმა საბჭომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გაგრძელებისთვის მას კარგი რეკომენდაცია მისცა. 1858 წლის სექტემბერში ეგზარქოს ევსევის მიმართა თხოვნით დიაკვნად კურთხევის თაობაზე. მისი დიაკვნად კურთხევა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო, მაგრამ დაკმაყოფილდა მისი სხვა თხოვნები და ქორიძე საეგზარქოსოში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში მგალობლად დაინიშნა. ამ თანამდებობებზე ის 1858-67 წლებში მუშაობდა.

ქორიძემ ერთხელ სტუმრად ყოფნისას გაიცნო თბილისის საოპერო დასში მოღვაწე იტალიელები, რომლებიც მოიხიბლნენ ქორიძის ბანით და მას იტალიაში საოპერო სიმღერის შესწავლა ურჩიეს. 1868 წელს ქორიძემ ცოლი მოიყვანა და მეუღლის ოჯახის ხელშეწყობით გაემგზავრა იტალიაში. ის ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა მილანშიში, ფ. რონკონის ხელმძღვანელობით. მღეროდა „ლა სკალაში“. 1870 წელს გარდაეცვალა მეუღლე და დროებით დაბრუნდა სამშობლოში. 1872 წელს ის მიიწვიეს პეტერბურგის საიმპერატორო თეატრში. რუსულმა საზოგადოებამ მას რუსული რეპერტუარის ცოდან და საშემსრულებლო ნიჭი დაუწუნა. 1873 წელს ქორიძემ იქორწინა ზინაიდა ვორობეცზე, უკრაინელი სენატორის ქალიშვილზე. 1873-1874 წლებში ქორიძე ცოლთან ერთად კვლავ იტალიას დაუბრუნდა. გასტროლებით შემოიარა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი საოპერო სცენა. იტალიურმა პრესამ ის იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა. მისი წარმატებების შესახებ იმ პერიოდის ქართულ პრესაშიც იწერებოდა. 1875 წელს შეეძინა შვილი მიხეილი. ქორიძე სამშობლოშიც მართავდა კონცერტებს, მაგ. 1880 წელს მან კონცერტები გამართა თბილისში, ქუთაისსა და ფოთში. 1881-83 წლებში ის საგასტროლოდ მიიწვიეს თბილისის ოპერის თეატრში. ქორიძე ოჯახთან ერთად თბილისში 1881 წელს დასახლდა და 1883 წლისთვის ევროპაში დაბრუნებას აპირებდა.

ქართული საგალობლების ჩაწერა

რედაქტირება

ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას.

ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა.

1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა.

სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა:

 
„დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“
([1])
 
ფილიმონ ქორიძის ბიუსტი ოზურგეთში

ოზურგეთში ქორიძე დაბინავდა ქალაქის მოედანზე, ფირცხალაიშვილის ოჯახში. დადიოდა სოფელ-სოფელ, დაჰქონდა ფისჰარმონია და იწერდა ძველ საგალობლებს. ძირითად სამუშაოს ანტონ დუმბაძესთან ერთად ასრულებდა. მათ ეხმარებოდნენ სვიმონ მოლარიშვილი დუმბაძის შვილი, დავითი, რომელიც ოზურგეთის ტაძრის წინამძღვარი იყო.[2] ანტონ დუმბაძე ხანდახან მასთან ახალგაზრდა ვარლამ სიმონიშვილსაც აგზავნიდა ხოლმე. ჩაწერილ საგალობლებს ფილიმონი ყოველთვიურად თბილისში მაქსიმე შარაძეს უგზავნიდა. მას ასევე ეხმარებოდა თავადი დათა გუგუნავა. ქორიძე წელიწადზე მეტხანს დარჩა გურიაში და 12 ვრცელი ალბომი შეადგინა. გურიაში ქორიძემ სულ ჩაიწერა 5532 საგალობელი. თავისუფალ დროს მუსიკის სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდა, რომელიც 1895 წელს გამოსცა. 1897 წლის დასაწყისში მან დაასრულა ოზურგეთში საგალობლების ნოტებზე ჩაწერა და 2 თებერვალს გამართა გამოსამშვიდობებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მის მიერ შედგენილმა გუნდმა.[3]

1895-1911 წლებში გამოსცა საგალობლების ექვსი კრებული. ავტორია წიგნისა „სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის“ (1895). 1900-იანი წლების დასაწყისში ფილიმონ ქორიძე კვლავ დაბრუნდა ოზურგეთში. 1910 წლისთვის ის ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გალობას ასწავლიდა. ის ოცნებობდა ქართული ხალხური მუსიკის უფრო კვალიფიციურ ჩაწერასა და დამუშავებაზე. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა იტალიელ ოსტატებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მისი წინადადება და გამოუგზავნეს 500 მანეთი სამგზავროდ. ქორიძე აპირებდა თან წაეყვანა მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა ფილიმონის გარდაცვალების გამო.

გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით.

1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 550.
  • ჯანგულაშვილი ს., „ფილიმონ ქორიძე“ — თბილისი, 2016
  • თავბერიძე, ი., XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, ISBN 978-9941-9120-7-8.
  • ქორელი, მ. „ფილიმონ ქორიძე“ — თბილისი, 1949