მაქსიმე შარაძე
მაქსიმე შარაძე (დ. 1859, ეწერი — გ. 1908, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე.
მაქსიმე შარაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1859 ეწერი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1908 თბილისი, რუსეთის იმპერია |
ეროვნება | ქართველი |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | გამომცემელი |
მშობლები | მამა: როსტომ შარაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1859 წელს სოფელ ეწერში, ოზურგეთის მაზრაში. დედისერთა ადრეულ ასაკში დაობლდა.
1882 წელს თბილისში დააარსა საღვთო წიგნთ საკითხავი კაბინეტი, რომლის მიზანი იყო საღვთისმეტყველო განათლების გავრცელება და საეკლესიო გალობის შესწავლა. შემდგომში კაბინეტი საგალობლების გადარჩენის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა ამის გამო ეგზარქოსმა პავლემ სამი დღით დაატუსაღებინა შარაძე სახალხო მღელვარების ან სექტანტობის შესაძლო ქადაგებისათვის. შარაძემ 1886 წელს მაინც მიიღო კაბინეტის გახსნის ნებართვა. კაბინეტის საქმიანობის თვალყურის დევნება დაევალა ორ მღვდელს, რომელთაგან ერთ-ერთი პეტრე კონჭოშვილი მაქსიმეს მოძღვარი და ახლო მეგობარი გახდა. 1886-1900 წლებში იყო გაზეთ „ივერიის“ ექსპედიტორი და ხაზინადარი, ილია ჭავჭავაძის მოურავი.
1885 წლის გიორგობა დღეს ქაშვეთის ტაძარში შარაძემ მოისმინა ძველი ქართული გალობა. მსახურების შემდეგ იგი შეხვდა გუნდის ლოტბარს, მელქისედეკ ნაკაშიძეს. ამ შეხვედამ განაპირობა შარაძის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჩაბმულიყო საგალობების გადარჩენის პროცესში. 1890 წელს შარაძემ დააარსა სტამბა სახელად „მ. შარაძე და ამხ. სტამბა“, რომელიც თბილისში, ნიკოლოზის 21-ში (დღევანდელი ჯავახიშვილის 7) იყო განთავსებული, იმავე სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ბინა და „ივერიის“ რედაქცია იყო განთავსებული. სტამბის მოწყობილობა შარაძემ გერმანიიდან გამოიწერა. 1891-1900 წლებში შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა „ივერია“, ასევე თბილისში გამომავალი „ცნობის ფურცელი“ და „საქართველოს კალენდარი“. 1891 წლის 10 დეკემბერს შარაძემ მოსკოვიდან ჩამოატანინა ნოტების ასაწყობი შრიფტი, რაშიც მას ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ხახანაშვილი დაეხმარნენ. ეს იყო ნოტების ასოების პირველი შემოსვლა საქართველოში. შარაძის სტამბაში დაიბეჭდა 1895 წელს ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი ქართული საეკლესიო საგალობლები. 1893 წელს შარაძემ დააფინანსა ფილიმონ ქორიძის მივლინება ოზურგეთში ანტონ დუმბაძისგან საგალობელთა ჩასაწერად.
1895-1908 წლებში ძმობამ საკუთარი სახსრებით ხუთი საგალობო კრებულის გამოცემა შეძლო. 1901 წელს შარაძის სტამბა დახურეს პროკლამაციების ბეჭდვის ბრალდებით. დამამტკიცებელი საბუთები ვერ ნახეს და 1902 წელს არისტოვლე ქუთათელაძის თავდებობით სტამბა აღადგინეს, მაგრამ ამ ფაქტმა შარაძის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა. ნერვიულობამ და დარდმა ის ფიზიკურად დააუძლურა. გარდაიცვალა 1908 წელს ჭლექით.
ლიტერატურა
რედაქტირება- თავბერიძე ი., „XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა“, თბ.: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2010. — გვ. 49-52, ISBN 978-9941-9120-7-8.
- „მონა ღვთისა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე (1859-1908)“ — თბილისი, 1909