პავლე (ლებედევი)

(გადამისამართდა გვერდიდან პავლე ლებედევი (ეგზარქოსი))

მთავარეპისკოპოსი პავლე (ერისკაცობაში — პეტრე ვასილის ძე ლებედევი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1882-1887 წლებში.

პავლე ლებედევი (ეგზარქოსი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ტვერის გუბერნიის ვესიეგორსკის უეზდის სოფ. ჩისტაია დუბრავაში 1827 წელს. 1853 წელს უმაღლესი ღვთის მეტყველების განათლება მიიღო პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, სადაც დაასრულა კურსი მაგისტრის ხარისხით. მსახურობდა სასულიერო სასწავლებელში, ინსპექტორად სმოლენსკისა და პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში, ამავე აკადემიის ინსპექტორად, იყო სმოლენსკის და პეტერბურგის სემინარიების რექტორი. 1868 წელს ეპიკსოპოსად იქნა ხელდასხმული, 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პეტერბურგის სამიტროპოლიტო ეპარქიის ვიკარიდ. 1871-1882 წწ. კიშინიოვის ეპისკოპოსი.

1882 წლის 18 ივლისიდან იყო საქართველოს ეგზარქოსი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელი და საზოგადოება, რომელმაც ის წარმოშვა. უცნობია, ზუსტად რა სიტყვები წარმოთქვა პავლემ, თუმცა ის აღქმულ იქნა, როგორც ქართველი ერის დაწყველა. პროტესტი ყველაზე მკაფიოდ დიმიტრი ყიფიანმა გამოხატა და საჯაროდ, პრესის მეშვეობით მოითხოვა ეგზარქოსისგან საქართველოს დატოვება. ეგზარქოსმა პავლემ წერილითვე უარყო წყველის წარმოთქმა, ხოლო დიმიტრი ყიფიანის მიმართ ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები გაატარა, თანამდებობიდან გადააყენა და სტავროპოლის მხარეში გადაასახლა, სადაც ის მოკლეს. ყიფიანის გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა ანტიიმპერიულ აქციად იქცა.

1888 წლიდან პავლე იყო ყაზანის მთავარ-ეპისკოპოსი. გარდაიცვალა ყაზანში 1892 წლის 23 აპრილს. გამოცემულია მისი "სიტყვანი და შესხმანი" სამ ტომად 1879-1881 წწ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
იოანიკე
საქართველოს ეგზარქოსი
1882-1887
შემდეგი:
პალადი