აბაშა (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან გამოჩინებული)
ტერმინს „აბაშა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აბაშა (მრავალმნიშვნელოვანი).

აბაშა,[1][2] იგივე გამოჩინებულისამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო აბაშისა და ქვემო აბაშის საერთო სახელწოდება.

გამოჩინებულის თემი იყო საჯავახოს მხარის ნაწილი. სავარაუდოდ ამიტომ გამოჩინებულის ეკლესიის ადგილმდებარეობად ქსე-ს მე-9 ტომში სოფელი საჯავახოა შეცდომით მითითებული.[3] მხარე რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოს ანექსიის მიერ მიეკუთვნა ქუთაისის მაზრას. 1902 წლის მონაცემებით აბაშის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 6 სოფელს და მისი მოსახლეობა იყო 4129 ადამიანი.[4] 1904 წელს აბაშის საზოგადოება ეკუთვნოდა სენაკის მაზრას.[5] 1926 წლისთვის ეწოდებოდა გამოჩინებულის თემი და შედგებოდა 14 სოფლისგან. მისი მოსახლეობა შეადგენდა 6744 ადამიანს, ხოლო ფართობი 59 კმ²-ს.[6] ამჟამად გამოჩინებულის თემი მოიცავს ორ სოფელს, ზემო და ქვემო აბაშას.

მოსახლეობა

რედაქტირება

2002 წლის აღწერაში სოფლები ზემო და ქვემო აბაშა ცალ-ცალკე იყო აღწერილი, 2014 წლის აღწერაში კი ერთად.

აღწერის წელი მოსახლეობა ზემო აბაშა ქვემო აბაშა
1902 4129
1926  6744
2002   352 154 198
2014   158

გამოჩინებულის ეკლესია

რედაქტირება

სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის გამოჩინებულის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია 1519 წლით თარიღდება. გამოჩინებულის მონასტერი გურიის ქედის ერთ-ერთ მაღლობზე დგას, ვრცელი გადასახედი აქვს და ამიტომაც ჰქვია გამოჩინებული. ეკლესიას გარს აკრავს თხილისა და ჭადრის ტევრი. ეკლესია მომცრო კვადრატული ფორმის უგუმბათო შენობას წარმოადგენს.[7]

ეკლესიის დასავლეთით დგას ქვიტკირის ორსართულიანი სამრეკლო, რომელსაც აღმოსავლეთით კარის თავზე ჰქონდა მხედრული წარწერა „მოსახსენებლად სულთა გიგო კალოიანისა და მშობელთა თვისთა ამ სამრეკლოის აშენებაზე შევაწიე სამი თუმანი აზნაურმა ოტია კალოიანმა ჩყნე წელსა (1856 წ.)“.

ძველად არსებობდა წესი: აღდგომის წინ, წითელ პარასკევს თარგამაძეების გვარის კაცი ჩამოატარებდა სოფელში დროშა ჯვარს შეჭედილს ვერცხლით და შემკულს წარწერით (ამავე ჯვრით უძღვებოდნენ ძველად მიცვალებულს მნათეს მიჰქონდა იგი წინ), ხალხი ნებაყოფლობით სწირავდა ფულს. მოგროვილი ფულით ყიდულობდნენ ზვარაკს (ცხვარს), რომელსაც აღდგომის დილას, წირვის შემდგომ შემწვარს მიართმევდნენ კალოიანებს (გვარია). ისინი ბეჭებს აიღებდნენ და შემდეგ ხალხს დაუძახებდნენ: „ზვარაკი არის და მოგროვდითო“. ხალხი მოგროვდებოდა, აიღებდნენ კალოიანები და ზვარაკს ხალხს უნაწილებდნენ.

XVIII საუკუნის 80-იან წლებში გამოჩინებულში მოქმედებდა საეპისკოპოსო კათედრა, რაც გამოწვეული იყო ხინოწმინდის საეპისკოპოსოს გაუქმებით ოსმალეთის მიერ. ხინოწმინდიდან გამოჩინებულში გადაასვენეს ღვთისმშობლის ოქროს ხატი, რომელიც ტაძრიდან მოიპარეს 1904 წელს. გამოჩინებულში მოღვაწეობდა გამოხიზნული ეპისკოპოსი იოანე ხინოწმინდელი. გამოჩინებულის ეკლესიაში დიაკვნად მსახურობდა ეფთვიმე გენათელი.[8]

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში გავრცელებული გვარია ქორიძეები. სოფელში დაიბადა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და ქართული საგალობლების ჩამწერი ფილიმონ ქორიძე. გამოჩინებულში დაიბადა ქართველი მეღვინე ვალერიან კანდელაკი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
  3. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  4. Кавказский календарь... - Тифлис, 1845-1916
  5. გაზეთი „ივერია“ N231 1904 წ.
  6. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
  7. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.197 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  8. გვენეტაძე ე. გაგუა გ. „გამოჩინებულის წმინდა გიორგის ეკლესია“