სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია

სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია (ან სამაჰმადიანო საქართველო) — ავტონომიური ერთეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, მოიცავდა ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიას. ავტონომიის სტატუსი განისაზღვრა 1921 წლის კონსტიტუციით (მუხლი 107).

1917 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოში შეიქმნა „სამუსლიმანო საქართველოს“ საქმეთა სექცია. მის თავმჯდომარედ აკაკი ჩხენკელი აირჩიეს, მოადგილედ მ. აბაშიძე, მდივნად დავით ცერცვაძე, საქმეთა მმართველად პ. საყვარელიძე. იმავე სექციის დადგენილებით, სამუშაო გეგმის შედგენა ივანე გომართელს დაევალა.

სექციის ამოცანა „სამუსლიმანო საქართველოს“ შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეკრება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება იყო. 1917 წლის 13 დეკემბრის სექციის სხდომამ საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოს სტატუსი განიხილა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა სამუსლიმანო საქართველოს კანტონის უფლებებით საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მ. აბაშიძისეული მოთხოვნა. სექციის მონაწილეთა უმრავლესობამ იგი იმ მოტივით უარყო, რომ, საქართველოს სინამდვილიდან გამომდინარე, ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საზიანო აღმოჩნდებოდა. იმავე სხდომის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოს საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მინიჭების შესახებ საგანგებო მიმართვის მომზადება დაევალა.

ეროვნული საბჭოს 1917 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით, იმ ქართველი მაჰმადიანებისთვის, რომელთა სასაუბრო ენა ქართული იყო, სწავლება ქართულ ენაზე უნდა წარმოებულიყო, ხოლო თურქული სავალდებულო საგნად გამოცხადებულიყო. იქ, სადაც ქართული არ იცოდნენ, სწავლება თურქულ ენაზე უნდა განხორციელებულიყო, ხოლო ქართული სავალდებულო საგნად დარჩენილიყო.

რაც შეეხება აკაკი ჩხენკელის მოხსენებას სამუსლიმანო საქართველოს შესახებ, მასში რეგიონისათვის საკუთარი თვითმმართველობის მინიჭების საკითხის ფართო საზოგადოებაში გატანის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის შექმნის აუცილებლობა იყო დასმული. სირთულეს ავტონომიის ტერიტორიული ფარგლების გაურკვევლობა ქმნიდა. ამ ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორების მცდელობას „სახელმწიფოებრივი ტერიტორიის“ შესახებ პ. საყვარელიძის მიერ 1918 მომზადებული „დებულება“ წარმოადგენდა.

ხედვით, საამ დოკუმენტის მიმუსლიმანო საქართველო შემდეგი ტერიტორიული და ადმინისტრაციული ერთეულებით იყო წრმოდგენილი:

  1. სამცხე-საათაბაგო;
  2. ახალციხე-ახალქალაქის მაზრა — (მესხეთი და ჯავახეთი);
  3. არტაანის ოლქიკოლა-არტაანი;
  4. ოლთისის ოლქი (ძველი ტაო);
  5. თორთუმი
  6. ისპირი
  7. ჭანეთი.

ბათუმის ოლქი:

  1. ქობულეთი;
  2. აჭარა;
  3. შავშეთი;
  4. კლარჯეთი;
  5. ლივანა.

შემდგომში „სამუსლიმანო საქართველოს“ ტერიტორიული საზღვრები მხოლოდ ბათუმისა და ართვინის ოკრუგებით შემოიფარგლა. ამ გადაწყვეტილებას, პ. ინგოროყვას მიერ შემუშავებული „პროექტი საქართველოს ტერიტორიის დანაწილებისა ახალ საადმინისტრაციო ერთეულებად“ (ოლქებად) დაედო საფუძვლად. რეგიონში დამკვიდრების მიზნით, ოსმალეთის ხელისუფლებამ „სამუსლიმანო საქართველოს“ ოსმალეთის შემადგენლობაში ავტონომიის მინიჭების ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით, „სამუსლიმანო საქართველოს“ ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა მუსლიმანი ქართველებისადმი ოფიციალური მიმართვა, რომელშიც სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის სტატუსი იყო დადასტურებული. ამის შემდგომ ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების 1919 წლის 31 აგვისტოს ყრილობაზე მიღებული იყო დადგენილება - ბათუმის ოლქის ფართო ავტონომიური უფლებებით საქართველოსთან შეერთების შესახებ. იგივე გამეორდა ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების 1919 წლის პირველი სექტემბრის ყრილობაზე. ყრილობების დადგენილებები დადასტურდა საქართველოს მთავრობის 1919 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, რომელიც განსახილველად გადაეცა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას, დადგენილებაში ჩამოთვლილი უფლებრივი მოთხოვნები ფართო ავტონომიის ფარგლებს სცილდებოდა და სახელმწიფოში სახელმწიფოს უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკური ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა. ბათუმის ოლქისადმი ავტონომიური უფლებების მინიჭების საქმეში საქართველოს ხელისუფლების ურყეობის მიუხედავად, ოლქში ინგლისელთა ყოფნა დაპირების რეალურ აღსრულებას ხელს უშლიდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს 1920 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათუმის ერთა ლიგის მანდატით პორტო-ფრანკოდ გამოცხადების ფაქტი.

1920 წლის 7 ივლისს, მოკავშირეებმა ბათუმის ოლქი საქართველოს ოფიციალურად გადმოსცეს. რეგიონში ქართული ჯარი შემოვიდა. „სამუსლიმანო საქართველოს“ მეჯლისისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა სამუსლიმანო საქართველოსთვის იმ ეტაპზე შესატყვისი მართვა-გამგეობის მოდელი. რაც შეეხება ავტონომიის უფლებების ამოქმედებას ეს მოხდებოდა რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. საქართველოს ხელისუფლების ამ დანაპირებს დამფუძნებელი კრების მიერ 1920 წლის ივნისში გამოქვეყნებული საქართველოს კონსტიტუციის პროექტის 120-ე მუხლი ადასტურებდა, რომლის მიხედვითაც, „სამუსლიმანო საქართველოს“ მართვა-გამგეობა ავტონომიის პრინციპებს უნდა დაფუძნებოდა, ხოლო 1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლით, „სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარეს, ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა“ ეძლეოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 350.