ართვინის ოკრუგი

ართვინის ოკრუგი (რუს. Артвинский округ) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისტორიულ-სამხრეთ დასავლეთ საქართველოში. შეიქმნა 1878 წელს ბათუმის ოლქის შემადგენლობაში მას შემდეგ, რაც ეს მხარე დათმო რუსეთ-ოსმალეთის ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა. ართვინის ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქ. ართვინი. ფართობი — 3272 კმ².

ართვინის ოკრუგის რუკა

გეოგრაფიარედაქტირება

ართვინის ოკრუგი მოიცავდა ისტორიული ძველი კლარჯეთის საერისთავოს მნიშვნელოვან ნაწილს (კლარჯეთი, ლიგანის უდიდესი ნაწილი და შავშეთ-იმერხევი). აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ყარსის ოლქში შემავალი არტაანის ოკრუგი და მისგან არსიანის ქედით გამოიყოფოდა; სამხრეთით - ყარსის ოლქის ოლთისის ოკრუგი და თურქეთი, რომელთაგანაც არსიანის ქედის დასავლეთი განშტოების თოფ-ოღლის მთაგრეხილით იყო შემოსაზღვრული; დასავლეთით - თურქეთი, მათი გამყოფი სასაზღვრო ხაზი გასდევდა პონტოს ქედს; ჩრდილოეთით ბათუმის ოკრუგისაგან გამიჯნული იყო არსიანის ქედზე მდებარე ჭირუხის მწვერვალით, შავშეთის ქედით, კარჩხალის მთაგრეხილით, ბორჩხის ქედით და ლაღისტბაშის მთით. ართვინის ოკრუგი ყოველმხრივ ბუნებრივი სასაზღვრო ხაზებით შემოფარგლულ ერთ მთლიან გეოგრაფიულ ერთეულს წარმოადგენდა. მას ჭოროხის აუზის ცენტრალური ნაწილი ეკავა.

ისტორიარედაქტირება

1883 წლის 27 ივნისს ართვინის ოკრუგი ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა. იგი დაიყო ართვინის, არტანუჯის და შავშეთ-იმერხევის უბნებად. 1903 წლის 1 ივლისს ართვინის ოკრუგი კვლავ ბათუმის ოლქის შემადგენლობაში მოექცა. 1916-1918 წლებში ართვინის ოკრუგის უფროსი, ხოლო შემდეგ კომისარი იყო ი. პ. ნაკაშიძე, რომელმაც აღწერა ეს მხარე დემოგრაფიულად, სტატისტიკურად და გეოგრაფიულად.

1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა თურქეთს ყარსის, არტაანისა და ბათუმის მხარეები დაუთმო. ტრაპიზონისა და ბათუმის საზავო კონფერენციებზე ქართველი დიპლომატები დიდხანს იბრძოდნენ ამ უსამართლო გადაწყვეტილების შესაცვლელად. იმავე წლის 7-15 აპრილს ოსმალეთის ჯარებმა ბათუმის ოლქი და, შესაბამისსად, ართვინის რეგიონიც დაიკავეს. პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წწ.) თურქეთის დამარცხების შემდეგ, 1919-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მესხეთის უდიდესი ნაწილის შემოერთება შეძლო და ართვინის ოკრუგი, ისტორიული კლარჯეთი, საქართველოს დაუბრუნდა. 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა ბათუმის ოლქი და, შესაბამისად მასში შემავალი ართვინის ოკრუგი საქართველოს შემადგენელ ნაწილად ცნო. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ თურქეთმა იმავე წლის 23 თებერვალს ართვინის მხარის ოკუპაცია მოახდინა. 1921 წლის რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულებით ართვინის ოკრუგი თურქეთმა შეიერთა.

დემოგრაფიარედაქტირება

1882 წელს დასახლებული პუნქტების რაოდენობა იყო 162, 1905 წელს კი 165. 1882 წელს ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა კრუგის მხოლოდ სამ დასახლებაში: ქალაქ ართვინში (5862), სოფელ ბერთასა (1460) და სოფელ თენზოთში (1171). ოკრუგის მოსახლეობის უმრავლესობას მაჰმადიანი ქართველები შეადგენდნენ. ქართული კარგად იყო შენარჩუნებული ლივანაში, მურღულის ხეობაში, ზემო შავშეთსა და იმერხევში.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქართველები
1882[1] 45 505 23574 21931 17802
1884[2]   45 772
1886[3]   73 402
1888[4]   52 061 26663 25398
1897[5]   56 456 29575 26881
1901[6]   49 085 25622 23468
1905   58 418
1910[7]   63 379 32534 30845

ლიტერატურარედაქტირება

  • ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989
  • ზ. ცინცაძე, ჭოროხის აუზის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები“, ტ. 9, თბ., 1980

სქოლიორედაქტირება