ნიგალი

(გადამისამართდა გვერდიდან ლივანა)

ნიგალი, ლიგანი, ლივანა — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამხრეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო დინებაში, მაჭახელის სამხრეთით.

ნიგალი მესხეთის VIII-X საუკუნეების რუკაზე.

საზღვრები

რედაქტირება

წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში ნიგალის სახელწოდებით. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ: " და ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმერი და ამერი იწოდების ლიგანის ჴეობად. და არს ეს ლიგანის ჴეობა თჳნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით..."[1]. ნიგალის საზღვარი მდინარეების აჭარისწყლისა და ჭოროხის შესაყართან სრულდებოდა.

1549 წელს ლივანა ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. ლივანას კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში. 1860-იან წლებში ის შევიდა არზრუმის ვილაიეთში, მაგრამ მოსახლეობა სულთანს სთხოვდა კვლავ ტრაპისონის ვილაიეთში დაბრუნებას. 1865 წელს ლივანაში სულ იყო 1 ქალაქი — ართვინი და 114 სოფელი. ცხოვრობდა 18170 ადამიანი, აქედან 16559 მუსლიმი, 1229 კათოლიკე სომეხი, 280 გრიგორიანელი და 102 ბერძენი. მოსახლეობას მოჰყავდა ფეტვი, ქერი, ყურძენი, ზეთისხილი, აწარმოებდნენ შებოლილ ხორცს, ყველ-კარაქს, ტილოს, ქაღალდს, ბამბის წინდებს, აგურს, კრამიტს, დენთს.[2]

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და ბათუმის და ართვინის ოკრუგებში განაწილდა. ამ დროისთვის ნიგალის ადგილობრივი მოსახლეობა გამაჰმადიანებული იყო, თუმცა შენარჩუნებული ჰქონდა ქრისტიანული დროის მეხსიერება, ასევე საუბრობდნენ ქართულ ენაზე.[3]

ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში (სოფლები: ქვედა მარადიდი, კირნათი, მაჭახლისპირი, გვარა, მირვეთი, შუშანეთი, კობალეთი, ძაბლავეთი, ზედა კირნათი), დანარჩენი კვლავ თურქეთის საზღვრებშია.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

ხეობის ისტორიული ძეგლებია: გვარას ციხე (საქართველო), ართვინის, მამანათის, სინკოითის, მელოს, ქვამჩირეთის ციხეები, მამაწმინდის ეკლესია, სვეტის ნაეკლესიარი, თაღოვანი ხიდები (ყველა თურქეთშია).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვახუშტი, 1941, გვ.136
  2. Кавказский календарь на 1867 год : 22-й год. - 1866 გვ. 402
  3. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 49 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987