მაჭახელი
მაჭახელი, მიჭიხიანი — ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მაჭახელი ორადაა გაყოფილი, მდ. მაჭახელის დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია, ხოლო ქვედა საქართველოში.
გეოგრაფია
რედაქტირებამაჭახელი იწყება სოფელ მაჭახლისპირიდან და მდებარეობს მდინარე მაჭახლისწყლის აუზში, რომელიც აჭარისწყლის მომდევნო ხეობაა ჭოროხის აუზში. მაჭახლისწყლის შენაკადებია: მინდიეთის წყალი და ეფრატის ღელე.
ისტორია
რედაქტირებამაჭახელი მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სამრევლოების აღწერილობაში. ვახუშტი ბატონიშვილი მაჭახელს შავშეთის შემადგენლობაში გულისხმობს.
XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ოსმალებმა დაიპყრეს მთელი სამცხე-საათაბაგო. ამავე პერიოდიდან ლაზეთთან ერთად აჭარა-მაჭახელი ჩამოაცილეს საქართველოს; მიტაცებული ტერიტორიები სანჯაყებად (ოლქებად) დაყვეს. თავდაპირველად ცალკე სანჯაყს წარმოადგენდა მაჭახელი, რომელიც ახალციხის საფაშოში შედიოდა. მოგვიანებით მაჭახელი კაზას სახით შევიდა ლაზისტანის სანჯაყში. 1865 წელს მაჭახელში შედიოდა 26 სოფელი, ცხოვრობდა 4485 ადამიანი. გავრცელებული იყო ყველ-კარაქის წარმოება და იარაღის დამზადება.[1]
რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, მაჭახელი საქართველოს სხვა ისტორიულ ტერიტორიებთან ერთად გადაეცა რუსეთს. ამ ომის შემდეგ მაჭახლის მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთში გადაიხვეწა: მუჰაჯირობა განაპირობა რუსეთის ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილმა მძიმე პირობებმა: საზღვრისპირა რეგიონებში რუსეთი სომხებს უფრო ენდობოდა, ამავე დროს, სულთნის თურქეთს იაფი მუშახელი ესაჭიროებოდა.
დღეს მაჭახელის ერთი ნაწილი, ზემო მაჭახელი, კვლავ თურქეთის საზღვრებშია, ქვემო მაჭახელი კი საქართველოს შემადგენლობაშია; კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შედის: ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი, ცხემლარა, სკურდიდი, აჭარისაღმართი, ქედქედი, სინდიეთი, ჟანივრი, გორგაძეები, საფუტკრეთი და სხვ. თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია: ხერთვისი (აქ ერთმანეთს ერთვის მინდიეთისა და ეფრატის ღელეები), მინდიეთი, აკრია, ქვაბისკავი, ზედვაკე, ეფრატი.
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებამაჭახელი მდიდარია ქვისთაღოვანი ხიდებით. ცნობილია: აჭარისაღმართის, ცხემლარის, ჩხერის, ზვარიას და გორგაძეთის ხიდები. აჭარისაღმართის ხიდმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ზემო მაჭახელში გვხვდება: ხერთვისის და ევფრატის („ყრუ ხიდი“) ხიდები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კახიძე ნ., მაჭახლის ხეობა, ბათ., 1974;
- სიხარულიძე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, ტ. 1, ბათუმი, 1958.