კლარჯეთის საერისთავო, არტანუჯის საერისთავო — ადმინისტრაციული ერთეული იბერიის სამეფოში, ასევე ქართლის საერისმთავროს, ქართველთა სამეფოსა და საქართველოს სამეფოში. ამ სახელწოდების ტერიტორიული ერთეული პირველად ძვ. წ. III საუკუნეში გამოჩნდა — ის ერთ-ერთი იყო ფარნავაზ I-ის მიერ დაწესებულ საერისთავოთა შორის.[1] თავდაპირველად იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა შავშეთსა და ამიერ-ტაოსაც მოიცავდა.

იბერიის სამეფოს საერისთავოები ფარნავაზ I-ის ეპოქაში.

ისტორიარედაქტირება

საერისთავოს დაარსება უკავშირდება ფარნავაზის მიერ აზონის დამარცხებას, რის შედეგადაც მან არიან-ქართლი მიიერთა.[2] „ქართლის ცხოვრება“ მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:

(ფარნავაზმა) ...გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე.[3]

საერისთავოს უძველესი ცენტრი იყო ციხე თუხარისი, რომელიც ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს — ოძრხოსს დაუარსებია.[4]

I საუკუნეში, კლარჯეთის საერისთავოს იმჟამინდელმა ერისთავმა, დაიმსახურა მეფე ადერკის წყრომა. მიზეზი ის იყო, რომ ერისთავი მის სამფლობელოში ჩასულ ანდრია პირველწოდებულს, შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეხვდა.[5]

III საუკუნის შუა ხანებში კლარჯეთის ერისთავი, „ქვემო ივერიის“ ანუ დასავლეთ ქართლის სხვა ოთხ ერისთავთან ერთად, მეფე ამაზასპის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.[6]

V საუკუნეში, სავარაუდოდ 456[7] წელს, ვახტანგ I გორგასალმა ბიზანტიისაგან დაიბრუნა დაახ. 370 წელს წართმეული კლარჯეთი და მის გამგებლად თავისი ძუძუმტე, არტავაზი დანიშნა.[8] სააღმშენებლო საქმიანობის დაწყებასთან ერთად, მეფემ ადმინისტრაციული ცვლილებაც მოახდინა და ერისთავის რეზიდენციად ახლადაშენებული არტანუჯი დაადგინა. ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა ახიზის და ააშენა არტანუჯის ციხეები. მანვე ააშენა ოპიზის მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.[9]

კლარჯეთის საერისთავომ არსებობა იბერიის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს არსებობის პერიოდშიც განაგრძო. სტეფანოზ I-დან აშოტამდე მას უშუალოდ „ბაგრატიონები“ (ან გუარამიდები) განაგებდნენ.[10] VIII ს-ში არტანუჯის ციხე მურვან ყრუს შემოსევის შედეგად დაინგრა.[8]

ქართველთა სამეფოშირედაქტირება

დაახლოებით 786-807 წლებს შორის „ახალმა“ ბაგრატიონებმა კლარჯეთი მემკვიდრეობით მიიღეს. 813 წელს, არაბთაგან დევნილი ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი აშოტ I ბაგრატიონი კლარჯეთში გადმოვიდა, სადაც მან აღადგინა არტანუჯის ციხე და მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქი ააშენა.[8] არტანუჯში შეგროვებული გადასახადები ბაგრატიონთა ძალაუფლების ზრდის უმთავრესი ფაქტორი იყო. არაბთა შემოსევების შედეგად გაუკაცრიელებული კლარჯეთი კვლავ დასახლდა და გადაიქცა ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად, რასაც ხელს უწყობდა ფართომასშტაბიანი სამონასტრო მოღვაწეობა, წამოწყებული ქართველი ბერის, გრიგოლ ხანძთელის (759–861) მიერ.[11] აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი ქართველთა მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. ეს შტო, შუა საუკუნეების ქართულ ჩანაწერებში ცნობილია, როგორც კლარჯნი ხელმწიფენი.

საქართველოს სამეფოშირედაქტირება

დაახლოებით 1011 წელს ბაგრატ III დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.[12] ბაგრატ III-მ ტერიტორია გადასცა აბუსერისძეების ოჯახს. 1191 წელს, ზაქარია ასპანისძის თამარ მეფის მიერ, შავშეთის, კლარჯეთისა (არტანუჯის) და ტაოს ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, ფანასკეთის (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე ფანასკეთში იყო.[13]

გვიან XI საუკუნეში კლარჯეთი, სელჩუკთა გამუდმებული თავდასხმების შემდეგად გაპარტახდა და თანდათან მნიშვნელობა დაკარგა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა XIII და XIV საუკუნეში, მონღოლთა და თემურლენგის შემოსევებისას. XV საუკუნეში საქართველოს სამეფოს გაყოფის შემდეგ, კლარჯეთი სამცხის ათაბაგების ხელში აღმოჩნდა.

კლარჯეთის ერისთავებირედაქტირება

სახელი მმართველობის წლები[14] შენიშვნები
1. სუმბატ I 867–889 სუმბატ I, მამფალი, არტანუჯელი, დიდი (კონსტ.), ანთიპატოს-პატრიკი (†889).
2. ბაგრატ I 889–900 ბაგრატ I, მამფალი, მაგისტროსი (კონსტ.), არტანუჯელი (†909 წ. 20 აპრილს, აღვსების დღეს).
3. დავით I 889–943 დავით I, მამფალი, დიდი (კონსტ.) (†943 წ. 20 თებერვალს, მონაზნობაში).
4. გურგენ III 900–923 გურგენ III, ერისთავი (†923)
5. აშოტ IV კისკასი 923–932 აშოტ IV, კისკასი, პატრიკი (კონსტ.); ირთავს აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ქალს. (†939 ივნისში, უძეოდ).
6. სუმბატ III 943–988 სუმბატ III, არტანუჯელი, ერისთავთ ერისთავი; ირთავს თავისი ბიძის, ბაგრატ I-ის ქალს (კონსტ.), (†988)
7. დავით IV 988–993 დავით IV (†992–994 წლებს შორის)
8. სუმბატ IV 993–1011 სუმბატ IV, კლარჯი, არტანუჯელი (†1011, თმოგვის ციხეში).[15]
9. ბაგრატ IV 1011–1011 ბაგრატ IV, კონსტანტინეპოლს წავიდა.
10. გურგენ VI 1011–1012 გურგენ VI, კლარჯი (†1012, თმოგვის ციხეში).[15]
იოვანე აბუსერი[16] ~1011–1030
აბუსერ I აბუსერისძე[17] 1046/1047
გრიგოლ აბუსერისძე[18] 1047–1070
აბუსერ II აბუსერისძე[19] XI ს-ის ბოლო მესამედი

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949.
    • VI. ტაბულა I. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გენეალოგია სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით.
    • VII. ტაბულა II. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გენეალოგია ყველა არსებული ცნობების მიხედვით.

სქოლიორედაქტირება

  1. გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232
  2. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4
  3. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“. თავი მესამე.
  4. დ. მუსხელიშვილი, სტ „თუხარისი“, ქსე, ტ.5, გვ. 30
  5. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 42
  6. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 57
  7. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991, გვ. 141–145
  8. 8.0 8.1 8.2 არტანუჯის ერისთავი - ბიბლიოვიკი. ციტირების თარიღი: 2021-02-26
  9. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178
  10. მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005.ISBN 99940-11-30-8
  11. Rapp, Stephen H. (2003), Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, passim. Peeters Publishers, ISBN 90-429-1318-5
  12. ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117
  13. ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ. 10, გვ. 217
  14. Cyrille Toumanoff, Les dynasties de la Caucasie chrétienne de l'Antiquité jusqu'au xixe siècle : Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990.
  15. 15.0 15.1 კლარჯნი ხელმწიფენი
  16. იოვანე აბუსერი
  17. აბუსერ (I) აბუსერიძე
  18. გრიგოლ აბუსერის ძე
  19. აბუსერ (II) აბუსერიძე