ოლთისის ოკრუგი
ოლთისის ოკრუგი (რუს. Ольтинский округ) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისტორიულ-სამხრეთ დასავლეთ საქართველოში. შედიოდა ყარსის ოლქში.
გეოგრაფია
რედაქტირებაოლთისის ოკრუგი მოქცეული იყო ოლთისისწყლის აუზში. ოლთისისწყალი ხან სულ ვიწრო კალაპოტში მიმდინარეობს და შეყრელია კლდოვანი მადალი მთებით, ხან ქმნის ფართო ხეობებს ორი ვერსის სიგანით. ასეთია მაგალითად ხეობა ბანადან (პენეკიდან) დაწყებული ოლთისამდის. ამ ხეობაში ხშირია თიხის სილიანი გორაკები და ბორცვები, შეხამებული სულ სხვა და სხვა ფერებით. ეს მხარე ფრიად დასერილს მთიანეთს წარმოადგენს, რადგანაც წყალთგამყოფი მაღალი ქედებიდან არტაანის და ოლთისის ოკრუგების შორის გამოდიოდნენ მრავალი შტოები და ქედები. ოლთისწყალის შენაკადებს შორის უმთავრესნი არიან ბანას წყალი (ახლა პენიაკ-ჩაი), 52 ვერსი სიგრძით; ამ ბანას წყალს მოერთვის ბარდუსის წყალი, სიგრძით 55 ვვრსი. მეორე შენაკადი ბანას წყალისა არის კანლის წყალი (კანლი-სუ), სიგრძით 20 ვერსი. ოლთისისწყალის შემდეგი შენაკადია სალანურის წყალი. სიგრძით 26 ვერსი; მარცხენა შენაკადთა შორის უფრო საყურადდებოა სევრის წყალი (სევრი-ჩაი), მაგრამ ეს შემდინარე, რომელიც სევრიდაგიდან გამოდის, უმეტეს ნაწილად მოქცეული იყო ოსმალეთის საზღვრებში. მის საზღვრებში იყო აგრეთვე თორთუმის წყალი.
ოლთისისწყალი ჭოროხის მარჯვენა შენაკადია, რომელიც იწყება სევრიდაგის მთიდან და დის 145 ვერსის მანძილზე. ამათგან 25 ვერსი სათავითგან რუსთა საზღვრების შემოსვლამდის და 20 ვერსი მისი ბოლო ნაწილისა დარჩენილი იყო ოსნალეთის საზღვრებში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 100 ვერსის სიგრძით ეკუთვნოდა რუსეთს. ოლთისის მხარე შეადგენდა ძველი ქართული პროვინციის ტაოს ნაწილს. ტერიტორია მისი შეიცავდა 2958 კმ². მცხოვრებთა რიცხვი უდრიდა 225,450 კაცს. უმეტესობა შეადგენდა გამაჰმადიანებულ ქართველს – მესხებს. იყვნენ ბერძნები, ქურთები და სომხები. უკანასკნელები XIX საუკუნეში შემოიხიზნენ, ზოგნი აბდულ ჰამიდის ჟლეტის დროს ოსმალეთიდან გადმოხვეწნენ. ბეგები ამ მხარისა ეკუთვნოდნენ ხიმშიაშვილის გვარს.
ოლთისისწყალი შემოდიოდა რუსეთის საზღვარში ეგრეთ წოდებული ნარიმანის კარებით. ნარიმანი ღიდი ბერძნების სოფელი იყო ალა-ბალიკ-სუს ნაპირას, რომელიც ოლთისისწყლის მეორე მარცხენა შენაკადს წარმოადგენს.
მოსახლეობა
რედაქტირება1878 წლიდან რუსეთის იმპერიასთან შეერთებას მოჰყვა მოსახლეობის ემიგრაცია მუჰაჯირობის სახით. 1907 წლის მონაცემებით ოლთისის ოკრუგიდან გადასახლდა 10180 სული[1] 1917 წლისთვის ოკრუგის 32 ათასი მცხოვრებიდან 20 ათსი იყო ქართველი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნოზაძე ვ., „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, თბ.: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989.
- ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“, პარიზი, 1938
- Д. И. Сосновский, «Ботанико-географическая изследования в Олтинском округе Карсской области» / «Записки Кавказского ИРГО», Кн. 28, вып. 5.- Тифлис, 1915. დაარქივებული 2021-06-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თაყაიშვილი ე. „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს.“ გვ 305