არსიანის ქედი
არსიანის ქედი[1] — ქედი თურქეთსა და საქართველოში. სიგრძე 150 კმ, საშუალო სიმაღლე 2000-2500 მ. ქედის სამხრეთი და შუა ნაწილი თურქეთშია, სადაც მას Yalnızçam Dağları ეწოდება; ჩრდილოეთი ნაწილი - საქართველოში. უმაღლესი წერტილია მ. არსიანი (3165 მ). არსიანის ქედი მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზების წყალგამყოფია. აგებულია ფიქლებით, ქვიშაქვებით, ზედამესამეული ასაკის გოდერძის წყებებითა და ვულკანოგენური ეოცენური ნალექებით. ქედის კალთები ღრმადაა დანაწევრებული ჭოროხის, აჭარისწყლის, ქვაბლიანის, ფოცხოვისა და სხვა მდინარეთა ხეობები. თხემზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: გოდერძი (2025 მ), აბანოსყელი (2315 მ); მთები - თლილი (2541 მ), ჭანჭახი (2506 მ), ცივწყარო (2189 მ). ქედის ფერდობებზე მთა-ტყის, ხოლო თხემზე მთა-მდელოს ლანდშაფტია.
ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით „ხოლო არსიანის მთა მდებარებს სიგრძით აჭარის მთიდან არტანამდე, აღმოსავლეთ-სამხრეთს შუადამ, ჩრდილოთ-დასავლეთს შუა. და არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი. გამოსდიან მდინარენი ამიერ და იმიერ. არს ყვავილოვანი, ბალახოვანი, წყაროიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი. არტანიდამ მოდრკების არსიანის მთა, და წარვალს სამხრით, მიადგების ყარსის მთას. ამ არსიანის მთას უწოდებენ არტანს — ქვაყრილს, და კოლას — ყალნუმთას. ამ მთას აქვს აღმოსავლეთით კოლა, არტანი და დასავლეთით არტანუჯი და ფანასკერტი“.
ლიტერატურარედაქტირება
- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 208.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.