წითელი ხიდი
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი (აზერ. Qırmızı Körpü) — ხიდი მდინარე ხრამის ნაპირზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია, აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს არ დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა მას მაინც შერჩა „გატეხილი ხიდის“ სახელი. ამის მიზეზი არის დღეს არსებული ხიდიდან იქვე 95 მეტრის მოშორებით მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე მდებარე ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთები, რომლისაგან საყრდენი ბურჯებიღაა შემორჩენილი.
X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის მოსე კალანკატუელის ცნობების მიხედვით, მის დროს აღნიშნული ხიდი უკვე დანგრეული იყო. X-XVII საუკუნეებში ამ ადგილებში ხიდი არ არსებობდა, რის გამოც ხალხის მეხსიერებაში დარჩა „გატეხილი ხიდის“ სახელი. თანამედროვე ხიდი წითელი აგურითაა ნაშენი, რის გამოც მას მეფის რუსეთის დროს „წითელი ხიდი“ შეარქვეს.
ხიდის სიგრძე 175 მეტრია, სიგანე შუა წელში 4,3 მ., სიმაღლე კი 10 - 12 მეტრია. ხიდის ბურჯებში არის სხვადასხვა სახის სათავსოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო საბაჟოდ, სადარაჯოდ ან ქარავნების დასასვენებლად.
ხიდზე გადიოდა თბილისიდან წინა აზიის ქვეყნებისაკენ მიმავალი საქარავნე გზა, საიდანაც შემდეგ აზიისა და ევროპის ქვეყნებში შეიძლებოდა გასვლა. ხიდს საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ხიდის მიდამოებში ხშირი იყო სახვადასხვა ბრძოლები და შეტაკებები, რომლებსაც საქართველოსათვის დამცველობითი მნიშვნელობა ჰქონდა. 1795 წლის 7 სექტემბერს, აღა-მაჰმად-ხანის მრავალრიცხოვან არმიას აქ დაუპირისპირდა ერეკლე II–ის მებრძოლთა 200 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ხიდის დასაცავად იყვნენ დატოვებული. ხიდის დამცველებმა ვერ გაუძლეს მრავალათასიანი მტრის რაზმების შემოტევას და დიდი დანაკარგით უკან დაიხიეს. 1921 წლის თებერვალში, ამ მიდამოებში გაიმართა ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მებრძოლებსა და ბოლშევიკური, წითელი არმიის ნაწილებს შორის. ბოლშევიკების არმიის ცენტრალურმა დაჯგუფებამ, მიუხედავად ქართველთა წინაამღდეგობისა, წითელი ხიდი აიღო და თბილისს შეუტია.
ხიდს თავისი ფუნქცია დღესაც შენახული აქვს. 2012 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 319.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.IV. თბ., 1973 წ.
- თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისი, დოკუმენტური მოთხრობა, ჟურნალი "მნათობი", 2007 წ. N 3. გვ 58-79.
- იასე ცინცაძე, აღა-მაჰმად–ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1969 წ.
- თბილისის აღება აღა–მაჰმად–ხანისაგან 1795 წელს (მოთხრობა თვალით მნახველისა), ჟურნალი ივერია, თბ., 1885 წ.N 2.
- „ნ. კვეზერელი-კოპაძე, "ანტიკური ხანის ორი ხიდი საქართველოში"“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 27-28 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1971 წელი. — გვ. 37-41
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 811, 2012 წლის 13 სექტემბერი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-01. ციტირების თარიღი: 2015-11-27.