სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობა
სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობა (თურქ. Güneybatı Kafkas Geçici Milli Hükûmeti, ოსმ. Cenub-ı Garbi Kafkas Hükûmet-i Muvakkate-i Milliyesi, აზერ. Cənub-Qərbi Qafqaz Cümhuriyyəti) ან ყარსის რესპუბლიკა — მცირე ხნით არსებული დროებითი მთავრობა, რომელიც დაფუძნდა ყარსში, დღევანდელ ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში. ჩამოყალიბდა 1918 წლის 1 დეკემბერს, პირველი მსოფლიო ომისა და მუდროსის დროებითი ზავის შემდეგ. გაუქმდა 1919 წლის 19 აპრილს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა მისი ოკუპაცია.
სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობა Cenûb-i Garbî Kafkas Hükûmet-i Muvakkate-i Millîyesi Güneybatı Kafkas Geçici Milli Hükûmeti | |||||
| |||||
დროშა | |||||
დედაქალაქი | ყარსი | ||||
ენები | ოსმალური ენა | ||||
მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
ისტორია | |||||
- | დამოუკიდებლობის გამოცხადება | 1 დეკემბერი 1918 | |||
- | ბრიტანული ოკუპაცია | 19 აპრილი 1919 | |||
ვალუტა | ქურუში ლირა |
ყარსის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის მარიონეტულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა სარგებლობდა გარკვეული მხარდაჭერით ბრიტანეთის მხრიდანაც.[1]
ტერიტორია
რედაქტირებამთავრობა ფახრ ალ-დინ პირიოღლუს ხელმძღანელობით, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა განსაკუთრებით მუსლიმებით დასახლებულ ყარსისა და ბათუმის რეგიონებს, ერევნის გუბერნიის ნაწილს, აგრეთვე ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს. პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობა შემოიფარგლებოდა ყარსის ოლქით და არსებობდა ბრიტანული მმართველობის პარალელურად, რომელიც შეიქმნა ანტანტის მიერ ამიერკავკასიის ინტერვენციის დროს.
სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის შექმნა მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიულ მისწრაფებებს. საქართველო პრეტენზიას აცხადებდა ბათუმის მთელ ოლქზე და არტაანისა და ოლთისის ოკრუგებზე. სომხეთი კი თავის მხრივ, ითხოვდა ყარსის ოლქს მთლიანად.
წინაპირობები
რედაქტირება1918 წლის 30 ოქტომბერს ხელმოწერილი მუდროსის ზავის პირობებით, ოსმალეთის იმპერიის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს კავკასიის ტერიტორიები, რომლებიც ომამდე რუსეთის იმპერიას ეკავა. 1918 წლის 4 დეკემბრისთვის ოსმალეთის ძალებმა დაიწყეს დახევა 1877 წლამდე არსებულ სასაზღვრო ზოლისკენ, მაგრამ ყარსის ოლქიდან არმიის გამოყვანა ორი თვე გაჭიანურდა.
ამ გაჭიანურების მთავარი მიზეზი იყო პრო-თურქული დროებითი მთავრობის შექმნა სადავო პროვინციებში, რომლებიც ოსმალეთის ჯარის გასვლის შემდეგ სავარაუდოდ საქართველოს და სომხეთს შეუერთდებოდნენ. „ეროვნული ისლამური საბჭოები“ იქნა ჩამოყალიბებული ყარსის პროვინციის მთავარ დასახლებულ ცებტრებში — ოლთუში, კაღიზმანში, იგდირში, არდაჰანში, სარიკამისსა და საკუთრივ ყარსშიც, აგრეთვე იმ მიმდებარე ტერიტორიებზეც, სადაც ცხოვრობდა თურქულენოვანი ან მუსლიმი ხალხი (მათ შორის ბათუმში, ახალციხესა და ახალქალაქში).[2]
ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭო იყო „ყარსის ისლამური საბჭო“, რომელიც 1918 წლის 5 ნოემბერს ჩამოყალიბდა. დეკემბერში მისი სახელი გადაკეთდა „ეროვნული საბჭო“-დ, ხოლო 1919 წლის იანვარში — „ყარსის ეროვნული საბჭო“-დ, საბოლოოდ 1919 წლის მარტში ჩამოყალიბდა „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობა“.[3] მან მოითხოვა უფლებამოსილება მთლიან ყარსის ოლქზე, აგრეთვე თურქულენოვანი და მუსლიმი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ბათუმსა და ნახიჩევანს შორის მდებარეობდა. გარდა აზერბაიჯანისა, ეს მიწები მთლიანად მოიცავდა ოსმალთა არმიის მიერ დატოვებულ ტერიტორიებს.
დაარსება
რედაქტირებასამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობის მთავარი ნაწილი მუსლიმი იყო და ცდილობდა აზერბაიჯანთან შეერთებას.[4] თუმცა საქართველომ დააბრკოლა აზერბაიჯანთან მუსლიმების შეერთება, რადგან ეს მას შავ ზღვაზე გასასვლელს მისცემდა. შედეგად, 1918 წლის 27 სექტემბერს ყარსში ჩამოყალიბდა მუსლიმური ეროვნული კომიტეტი ესად ოქთაი ბეის ხელმძღვანელობით, რომელიც ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მომხრე იყო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახლადჩამოყალიბებული დემოკრატიული რესპუბლიკების მსგავსად.
1918 წლის 1 დეკემბერს, ყარსის ყრილობამ ცალმხრივად გამოაცხადა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის (Cenubî Garbi Kafkas Cumhuriyeti) დამოუკიდებლობა და მის პირველ პრეზიდენტად ჯიჰანგირზადე იბრაჰიმ ბეი აირჩია. ჩამოყალიბდა 70-წევრიანი მეჯლისი. ახლადგამოცხადებულმა რესპუბლიკამ პრეტენზიები წამოაყენა ყარსის, ბათუმის, ახალციხის, ახალქალაქის, შარურისა და ნახიჩევანის ოლქებზე, აზერბაიჯანმა ამ პრეტენზიებს მხარი დაუჭირა. ეს არ მოეწონათ მეზობლებს, მაგალითად სომხებს, სამაგიეროდ ბრიტანეთისგან მიიღო გარანტია, რომ საქართველო და სომხეთი არანაირ პრეტენზიებს არ წარადგენდნენ ამ ტერიტორიაზე, სანამ არ მოგვარდებოდა ეს საკითხი პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე.[4]ბრიტანულმა ჯარმა ჩაკეტა ერევნიდან ყარისკენ მიმავალი გზები და ხელი შეუშალა 100 000 სომხის სახლში დაბრუნებას.[5]
1919 წლის 13 იანვარს 60-კაციანი სომეხთა დელეგაცია გაიგზავნა ყარსში ბრიტანელთა ბრძანებით, რათა სომეხი პოლიტიკოსი — სტეფან ყორღანოვი დაემტკიცებინათ ყარსის მმართველის თანამდებობაზე. რესპუბლიკის პარლამენტმა ეს წინადადება არ მიიღო და სომხებთან შემდგომ მოლაპარაკებებზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ მხარეებს შორის ძალადობრივი ფაქტები მკვეთრად გაიზარდა.
იგივე 1919 წლის იანვარში, რესპუბლიკაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, „1 დეპუტატი — 10 000 ამომრჩევლის“ პროპორციით. პარლამენტი შეადგენდა 64 დეპუტატს, რომელთაგან 60 მუსლიმი იყო, 3 ბერძენი და 1 მალაკანე რუსი.
ახლადარჩეული პარლამენტი 17 იანვარს შეიკრიბა და მიიღო 18-პუნქტიანი კონსტიტუცია (Teskilâtı Esasiye Kanunu). ქალებმა მიიღეს ხმის მიცემის უფლება, ყარსი დედაქალაქად აირჩიეს, თურქული ენა ოფიციალურ ენად გამოცხადდა. 27 მარტს დაამტკიცეს ახალი მთავრობა. მან იაპონიის იმპერიულ მთავრობას მიმართა ცნობის თხოვნით.
დაშლა
რედაქტირება1919 წლის იანვარში სამცხე-საათაბაგოს] მთავრების შორეული ჩამომავალის სერვერ-ბეგ ათაბაგის მეთაურობით ყარსის რესპუბლიკა შეიჭრა საქართველოში და დაიკავა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები. ამის გამო ყარსის მთავრობამ დაკარგა ბრიტანეთის მხარდაჭერა.[6]გენერალმა უილიამ მონტგომერი ტომსონიმა 14 მარტს სომხეთსა და საქართველოს ყარსის ტერიტორიაზე შეჭრის უფლება მისცა. 1919 წლის აპრილის პირველ რიცხვებში, საქართველთა კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ბრიტანული ძალები 6 აპრილს ყარსში შევიდნენ. 10 აპრილს მათ ჩაშალეს პარლამენტის სხდომა, დააპატიმრეს 30 პარლამენტარი და მთავრობის წევრები. პატიმრებიდან 11 ჯერ ბათუმში გადაიყვანეს, შემდეგ სტამბოლში, ხოლო იქიდან 2 ივნისს მალტაში გადაასახლეს. ყარსი სომხეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ართვინი — საქართველოს, ხოლო ბათუმში ბრიტანული სამხედრო ადმინისტრაცია განლაგდა. [4]
ლიტერატურა
რედაქტირება- (რუსული) Zavriev D.S. Modern History of North-Western Vilayets of Turkey. Tbilisi, 1947. p. 377
- (თურქული) Erkan Karagöz TÜRK ANAYASA HAREKETLERI VE 1919 CENUB-i GARB-i KAFKAS CUMHURIYETI ANAYASASI.
- (თურქული) Documents and bibliography relating to the South West Caucasian Republic დაარქივებული 2008-12-03 საიტზე Wayback Machine. by the Turkish Grand National Assembly.
- ა. ბენდიანიშვილი, ა. დაუშვილი, მ. ნათმელაძე (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. IV — XIX-XX საუკუნეებში. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-587-7.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 286, ISBN 978-9941-13-771-6.
- ↑ W.E.D. Allen, P. Muratoff, "Caucasian Battlefields", Cambridge, 1953.
- ↑ H. Pehlivanli, "The Post Armistice situation on South-West Caucasia" in "Kars and Eastern Anatolia in the Recent History of Turkey", Ankara, 1994.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Sicker, Martin (2001). The Middle East in the Twentieth Century. Greenwood Publishing Group, გვ. 120. ISBN 0-275-96893-6.
- ↑ A.S. Lukomsky, “Denikin I Antanta” in Revolyucija I grazhdanskaja vojna v opisaniyah belogvardejcev: Denikin-Yudenich-Wrangel, Moscow, 1927, с. 92
- ↑ R.G. Hovannisian, pp. 210-211 - Г. И. Kинитадзе, Воспоминания, 1917-1921, Париж, 1985, с. 84-89