ანასეულის სუპტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი
სუპტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი (მოძვ. ანასეულის ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) — სამეცნიერო ინსტიტუტი საქართველოში, ქალაქ ოზურგეთში.
1930 წელს დაარსდა ანასეულის ჩაის მეურნეობის ინსტიტუტი, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად. 1938 წლიდან ინსტიტუტს დაეკისრა მუშაობა ციტრუსოვან და სხვა სუბტროპიკულ კულტურებზე. 1948 წლიდან ინსტიტუტმა დაიწყო ციტრუსოვანთა სელექცია. 1953 წელს ინსტიტუტში არსებული ჩაის განყოფილების ბაზაზე ცალკე ჩამოყალიბდა ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი.
ინსტიტუტი შევიდა სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროს ჩაის სამმართველოს ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების შემადგენლობაში. ინსტიტუტში იყო 8 განყოფილება, 7 სექტორი და 3 რეგიონული ლაბორატორია (ზუგდიდში, თბილისსა და მოსკოვში). ინსტიტუტის ძირითად პროფილს წარმოადგენდა ჩაის წარმოების პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება, მაღალი წარმოებლურობის ჩაის გადასამუშავებელი მანქანებისა და ჩაის ახალი სახის პროდუქციის შექმნა, სამუშაო პროცესების მექანიზაცია, ჩაის წარმოების ეფექტურობის ამაღლება მოწინავე შრომის მეთოდებისა და წარმოების მართვის პროგრესული სისტემების დანერგვის შედეგად. შემდგომ პერიოდში, ამ ინსტიტუტების ბაზაზე, შესაბამისად 1975 და 1981 წლებში, დაფუძნდა ორი საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება.
2006 წლიდან, რეორგანიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის აკადემიის დაქვემდებარებაში. 2010 წლიდან ანასეულის სუბტროპიკული და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი არის აგრარული უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 73.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18455