საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში დაიშალა ოთხ პოლიტიკურ ერთეულად. XV საუკუნე შავბატკნიანთა თურქული ტომების შემოსევებით დაიწყო. ამ ბრძოლებს საქართველოს ორი მეფე შეეწირა. ალექსანდრე I დიდი ცდილობდა სამეფოს გამთლიანებას და გაძლიერებას, მაგრამ მისი შვილის, გიორგი VIII-ის დროს, 1490 წელს საქართველოს სამეფოს ნაცვლად წარმოიქმნა ახალი სამეფო-სამთავროები ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოები და სამცხე-საათაბაგო.
შავბატკნიანთა ლაშქრობები საქართველოში
რედაქტირებაXV საუკუნეში საქართველოს საზღვრებთან გამოჩნდა ახალი მტრული სახელმწიფო ყარა-ყოიუნლუ (შავბატკნიანები). 1407 წელს მათთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მეფე გიორგი VII. გიორგის შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა გიორგი VII-ის ძმა კონსტანტინე I-მა.
კონსტანტინე I-მა შირვანშაჰთან და შაქის მმართველთან კოალიცია შექმნა ყარა-ყოიუნლუს წინააღმდეგ. 1412 წელს მოხდა გადამწყვეტი ჩალაღანის ბრძოლა. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა შავბატკნიანთა ლიდერმა ყარა-იუსუფმა, მან 300-მდე ქართველი დაატყვევა. ტყვეები, მათ შორის მეფე კონსტანტინე, ყარა-იუსუფმა სიკვდილით დასაჯა.
ალექსანდრე I
რედაქტირებაკონსტანტინეს შემდეგ გამეფდა მისი შვილი ალექსანდრე I დიდი, რომელიც მამასთან უთანხმოების გამო 5 წლის განმავლობაში გახიზნული იყო სამცხეში ივანე II ათაბაგთან. ალექსანდრე I-ის პოლიტიკა მიმართული იყო სამეფოს გამთლიანების და გაძლიერებისკენ. მან ჯარით დაიმორჩილა სამეგრელოს და აფხაზეთის მთავრები, შემდეგ მან ასევე სამხედრო ძალით დაიმორჩილა განდგომილი ივანე II ათაბაგი. ალექსანდრემ დასაჯა სხვა განდგომილი ფეოდალები, ზოგი ქვეყნიდან გააძევა, ზოგს ერისთავობა ჩამოართვა.
ალექსანდრე I ცდილობდა თემურლენგის შემოსევებისგან დაცლილი ბარის შევსებას მოსახლეობთ. ის ხელს უწყობდა დასახლებას ქვემო ქართლსა და კახეთში, ასევე ხელს უწყობდა სომხების დასახლებას. 1440 წელს აღადგინა სვეტიცხოველი, ასევე აღაადგინა რუისის ღვთისმშობლის ტაძარი და დავითგარეჯა. ალექსანდრე I-ს სამეფოში შედიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ჩრდილოეთით დარიალი, თუმცა მორღვეული იყო სამზრეთი საზღვრები. საქართველოს სამეფოში აღარ შედიოდა ხაჩენი, ანისი და ლორე. 1431 წელს ალექსანდრემ აიღო ლორე, ხოლო 1434–1435 წლებში ბეშქენ ორბელიანის დახმარებით შემოიერთა სივნიეთი.
ალექსანდრე I-ის მეფობის დროს სეპარატისტული ტენდენციებით გამოკვეთილი მხარე იყო სამცხე. იქაური მღვდელმთავრები ცდილობდნენ საქართველოს ეკლესიისგან განცალკევებასაც. სამცხის ეპისკოპოსები მაწყვერელი ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით ცდილობდნენ აღარ დამორჩილებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქს. ალექსანდრე I მხარს უჭერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებს მიქელ VI-სა და დავით III-ს, რომლებიც ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ. ალექსანდრე I-ის წარმომადგენელი ორ ქართველ მღვდელმთავართან ერთად მონაწილეობდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე. საქართველოს და ანტიოქიის მართლმადიდებელმა ეკლესია~ებმა არ მიიღეს კრების უნია. ქართველმა სასულიერო პირებმა დატოვეს კრება, ხოლო მეფის ელჩი შეხვდა რომის პაპს, ევგენი IV-ს.
1439 წელს ალექსანდრე I მძიმედ დაავადდა. მან სიცოცხლეშივე აიყვანა ტახტზე შვილი ვახტანგი. 1440 წელს საქართველოში ილაშქრა ჯეჰან-შაჰმა. მან აიღო სამშვილდე და თბილისი და გაიტაცა 9 ათასი ტყვე. 1442 წელს ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა.
ერთიანი სამეფოს უკანასკნელი მეფეები
რედაქტირებავახტანგ IV-ის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. 1444 წელს მას ბრძოლა ჰქონდა საქართველოში კვლავ შემოჭრილ ჯეჰან-შაჰთან, რომელიც ვახტანგმა ახალციხესთან ბრძოლაში დაამარცხა. 1445 წელს ვახტაგნს გარდაეცვალა ცოლი სითიხათუნი, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1446 წელს თავად ვახტაგნიც გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში. სამეფო ტახტი დაიკავა ვახტანგის ძმამ გიორგი VIII-მ, რომელიც საქართველოს ერთიანი სამეფოს ბოლო მონარქი იყო.
XV საუკუნეში სერიოზული ცვლილებები მოხდა საერთაშორისო ვითარებაში. საქართველოს უშუალოდ დაუმეზობლდა ოსმალეთის იმპერია, რომელმაც 1453 წელს აიღო კონსტანტინოპოლი, ხოლო 1461 წელს ტრაპიზონის იმპერია. ოსმალებმა 1475 წელს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიც დაიკავეს. ოსმალეთმა საქართველო მოწყვიტა ევროპას. სავაჭრო გზებმა საქართველოზე უკვე აზრი დაკარგა. მოისპო როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე კულტურული კავშირები.
გიორგი VIII-ის დროს საქართველოს დაშლის პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ცალკე გამოყოფას ყველაზე მეტად კვლავ სამცხე ცდილობდა. სამცხის დამოუკიდებელი ათაბაგობისთვის ერთმანეთ ივანე II-ის ძენი, აღბუღა II და ყვარყვარე II ებრძოდნენ. 1447 წელს ყვარყვარემ დაამარცხა აღბუღა, რომელმაც დახმარებისთვის მეფეს მიმართა. გიორგიმ ათაბაგად აღბუღა დაადგინა, მაგრამ 1451 წელს აღბუღა გარდაიცვალა და მეფემ ათაბაგობა ყვარყვარეს უბოძა. ყვარყვარემ დაიწყო მღვდელმთარების დანიშვნა სამცხის საეპისკოპოსო კათედრებზე მცხეთის კათოლიკოსის დაუკითხავად. საქართველოს მეფე უკვე ვეღარ აკონტროლებდა ცალკეულ მთავრებს, რომლებიც მეფისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. 1459 საქართველოში ჩავიდა რომის პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. მან გიორგი მეფეს გააცნო რომის პაპის გეგმა ოსმალეთის იმპერიაზე ერთობლივი გალაშქრებისა. მეფემ თანხმობა განაცხადა ამ კოალიციაში მონაწილეობას და ლუდოვიკოს წასვლისას თან გააყოლა ელჩობა. ევროპაში ცალკე გაემგზავრა მეფე გიორგი VIII-ს ელჩი და ცალკე სამცხის ათაბაგ ყვარყვარესი. ლაშქრობაში მონაწილეთა სიაში ცალკე ითვლებოდნენ საქართველოს მეფე, აფხაზეთის მთავარი, გურიის მთავარი, სამცხის ათაბაგი, იმერეთის მეფე. დასავლელ და აღმოსავლელ ქრისტიანთა ერთობლივი ბრძოლის იდეა ჩაიშალა.
1462 წელს წითელბატკნიანთა ბელადმა უზუნ-ჰასანმა ხუთჯერ ილაშქრა საქართველოში და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. უზუნ-ჰასანი საქართველოზე სალაშქროდ სამცხის ათაბაგმა მოიწვია. ერთი წლის შემდეგ გიორგი მეფეს აუჯანყდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი. მან ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა გიორგი მეფე, რომლის მდგომარეობა სულ უფრო მძიმბდებოდა. 1465 გიორგიმ გადაწყვიტა სამცხე დაემორჩილებინა. სამცხეში ლაშქრობის დროს ფარავნის ტბასთან დაბანაკებული გიორგი მეფე ყვარყვარემ დაატყვევა. ბაგრატმა თავი ქართლისა და იმერეთის მეფედ გამოაცხადა. ამასობაში კახეთის ფეოდალებმა მეფედ გამოაცხადეს ადგილობრივი ერისთავი დავითი. ბაგრატმა სცადა კახეთის დამორჩილება, მაგრამ დამარცხდა. ბაგრატი ცდილობდა სამცხის დამორჩილებასაც. მასთან დასაპირისპირებლად ყვარყვარემ გაათავისუფლა გიორგი VIII და მას ჯარიც გააყოლა, მაგრამ გიორგიმ ტახტი ვერ დაიბუნა და ჯარით კახეთში გადავიდა, სადაც შეებრძოლა გამეფებულ დავითს და დაამარცხა ის. ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი VIII გახდა კახეთის მეფე გიორგი I.
1466 წელს საქართველოს სამეფო დაიშალა, კახეთში მეფობდა გიორგი I, ქართლ-იმერეთში ბაგრატ VI, სამცხეს განაგებდა ყვარყვარე II, ხოლო საბედიანოს სამთავრო არ აღიარებდა ქართლ-იმერეთის მეფის მორჩილებას.
კახეთის სამეფო XV საუკუნეში
რედაქტირებაგიორგი I-მა კახეთში იმეფა 1466–1476 წლებში. ათი წლის განმავლობაში მან კახეთში გააძლიერა მეფის ხელისუფლება ისე, რომ შემდეგი საუკუნის განმავლობაშიკახეთი დანარჩენ სამეფო-სამთავროებთან შედარებით სტაბილურად ვითარდებოდა. გიორგისთან დაპირისპირებული კახეთის ერისთავი დავითი გადაიხვეწა კახეთიდან, მაგრამ მას ჰყავდა მომხრეებიც. გიორგიმ დავითის მომხრეებს ერისთავობა ჩმოართვა და მათ ნაცლვად ადგილებზეე მოურავები დანიშნა. შეიქმნა ქიზიყის, ელისენის, თიანეთის, მარტყოფის, წუკეთის, დიდოეთის, ჭიაურის, შილდა-ყვარლის, გრემის და პანკისის სამოურავოები. სამოურავოების შექმნამ ხელი შეუშალა ისეთი სათავადოების წარმოქმნას, როგორების განვითარდა იმერეთსა და ქართლში და რომლებიც ცენტრალუი ხელისუფლების შესუსტებას იწვევდნენ. გიორგიმ კახეთის სამეფო დაყო ოთხ სადროშოდ. ერთ სადროშოს მეფე ჩაუდგა სათავეში, ხოლო სამ მათგანს ეპისკოპოსები ბოდბელი, ნეკრესელი და რუსთველი. კახეთისგან განსხვავებით ქართლსა და იმერეთში ჯარი თავადებს გამოჰყავდათ და ეს მეფეს მათზე დამოკიდებულს ხდიდა. გიორგი I-მა თავის რეზიდენციად გრემი აირჩია. 1476 წელს გიორგის გარდაცვალების შემდეგ კახეთის მეფე გახდა მისი ძე ალექსანდრე I.
ალექსანდრე I-მა გააგრძელა მამის პოლიტიკა, ის დიპლომატიით ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას სამეფოში და არ მონაწილეობდა დამპყრობლების წინააღმდეგ საერთო ქართულ ბრძოლაში. 1477 წელს ალექსანდრემ საჩუქრები მიართვა და მორჩილება აღუთქვა ქართლში მოლაშქრე უზუნ-ჰასანს. 1483 და 1492 წლებში ალექსანდრემ ელჩობა გაგზავნა მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-სთან. ამ მისიებს შედეგი არ მოჰყოლია. 1500 წელს ალექსანდრე ასევე ელჩობით, საჩუქრებით და მორჩილების პირობით დახვდა შირვანში მოლაშქრე შაჰ ისმაილ I-ს. ალექსანდრემ აღადგინა ალავერდი და კახეთის სხვა საეპისკოპოსო ტაძრები.
ქართლ-იმერეთის სამეფო
რედაქტირებაბაგრატ VI-ს ქართლშიც ჰყავდა ტახტის მოცილე, მეფე გიორგი VIII-ის ძმისშვილი კონსტანტინე II. კონსტანტინემ სცნო ბაგრატის მეფეთ-მეფობა და თავად მეფის ტიტულს დასჯერდა. ბაგრატი ინარჩუნებდა საქართველოს ერთიანი სამეფოს მეფეთა ტიტულატურას, თუმცა ეს ტიტული რეალობას აღარ ასახავდა. 1470 წელს კონსტანტინე II-მ ქართლის მეფედ გამოაცხადა თავი. ბაგრატმა ქართლი დაიჭირა და კონსტანტინე უზუნ-ჰასანთან გაიქცა. ბაგრატმა ქართლში დაიწყო მამულების და თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა, ძველ სიგელთა განახლებისთვის მემამულეებისგან იღებდა ქრთამს.
1470–1474 წლებში ქართლში ჩავიდა ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი, რომელმაც ბაგრატ მეფის და შამადავლე დადიანის თანხმობით შეადგინა საეკლესიო დოკუმენტი მცნებაჲ სასჯულოჲ, რომლითაც დასავლეთ საქართველოს ეკლესია ჩამოაცილა საქართველოს ეკლესიას და აფხაზეთის კათოლიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი მთავარეპისკოპოსი იოვაკიმე. 1473 წელს ქართლში ხელახლა ილაშქრა უზუნ-ჰასანმა, მან ააოხრა ქვეყანა, ბაგრატს ხარკი დააკისრა და დიდძალი ნადავლი წაიღო. 1477 წელს უზუნ-ჰასანმა 40-ათასიანი ჯარით კვლავ დალაშქრა საქართველო. მან აიღო და გაძარცვა თბილისი და გორი. ბაგრატ VI-მ და ყვარყვარე II-მ ზავი ითხოვეს. უზუნ-ჰასანმა 16 ათასი დუკატი მოითხოვა. თანხის გადახდა გაჭიანურდა. მაშინ უზუნ-ჰასანმა ჯარი სამცხეს შეუსია. საბოლოოდ მან 16 ათასი დუკატი მიიღო, 5 ათასი ტყვე წაიყვანა და თბილისში საკუთარი მეციხოვნეები დატოვა. 1478 წელს უზუნ-ჰასანი გარდაიცვალა. ბაგრატ VI-მ ამით ისარგებლა და თბილისიდან მისი მეციხოვნები გაყარა. თავად ბაგრატიც იმავე წელს გარდაიცვალა.
ბაგრატ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასვლა მისმა შვილმა ალექსანდრემ სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა და ქართლ-იმერეთის მეფე გახდა კონსტანტინე II. კონსტანტინე ასევე ინარჩუნებდა ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტულატურას, მუხედავად იმისა, რომ მას არც სამცხე ემორჩილებოდა, არც კახეთი, არც საბედიანო, ხოლო იმერეთს ალექსანდრე ეცილებოდა. კონსტანტინე II ცდილობდა სამეფოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ალექსანდრე შეეცადა გამეფებულიყო იმერეთში, თუმცა დადიანმა და შერვაშიძემ მას მხარი არ დაუჭირეს და ალექსანდრე რაჭაში გამაგრდა. 1483 წელს კონსტანტინე II არადეთის ბრძოლაში დამარცხდა სამცხის მთავარ ყვარყვარე II-სთან. ამით ისარგებლა ალექსანდრემ და დაიკავა ქუთაისი. კონსტანტინემ ქუთაისი მალევე დაიბრუნა, თუმცა ქართლში უზუნ-ჰასანის შეჭრის გამო იძულებული გახდა იმერეთიდან გასულიყო. 1486 წელს იაყუბ-ყაენმა დალაშქრა საქართველო, აიღო აწყურის ციხე, გადაწვა ახალციხე, 1488 წელს მან კვლავ ილაშქრა საქართველოში. კონსტანტინე I-ს სამცხის მთავარმა და კახეთის მეფემ უარი უთხრეს დახმარებაზე. 1489 წელს იაყუბ-ყაენმა თბილისი აიღო და იქ გარნიზონი ჩააყენა, თუმცა ქართველებმა მალე ქალაქი დაიბრუნეს. ქართლში თურქმანთა შემოსევებით ისარგებლა ალექსანდრემ და 1489 წელს დაიბრუნა იმერეთის მეფობა, ამჯერად საბოლოოდ.
კონსტანტინე II-მ სცადა კავშირების დამყარება მამლუქების სასულთნოსთან, რომის პაპთან და კასტილიისა და ლეონის დედოფალ ისაბელ I-თან, მაგრამ უშედეგოდ. 1490 წელს კონსტანტინემ ბილისში სამეფო დარბაზი მოიწვია, რომელმაც მეფეს მშვიდობა და სამეფო-სამთავროების აღიარება ურჩია. 1490 წელს საქართველო ოფიციალურად დაიშალა სამეფო -სამთავროებად: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. დადგინდა საზღვრები სამეფო-სამთავროებს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 245-265, ISBN 978-9941-0-5498-3.