ისაბელ I კასტილიელი (ესპ. Isabel I de Castilla), მეტსახელად ისაბელ კათოლიკე (ესპ. Isabel la Católica; დ. 22 აპრილი, 1451, ავილა, ესპანეთი — გ. 26 ნოემბერი, 1504, ვალიადოლიდი, ესპანეთი) — ტრასტამარის დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1474 წლიდან გარდაცვალებამდე. არაგონის დედოფალი 1479 წლიდან, როგორც ფერდინანდ II არაგონელის მეუღლე. იგი მოიაზრება გაერთიანებული ესპანეთის პირველ დე ფაქტო დედოფლად. იგი მართავდა ყველა ესპანურ სამეფოს, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ 1714 წელს, ფილიპე V-მ გააერთიანა ნუევა-პლანტას დეკლარაციით.

ისაბელ I კასტილიელი
Isabel la Católica-2.jpg
კასტილიისა და ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 დეკემბერი, 1474
მმართ. დასასრული: 26 ნოემბერი, 1504
წინამორბედი: ენრიკე IV
მემკვიდრე: ხუანა I
არაგონის, მაიორკის, სარდინიისა და ვალენსიის დედოფალი, ბარსელონის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 20 იანვარი, 1479
მმართ. დასასრული: 26 ნოემბერი, 1504
წინამორბედი: ხუანა ენრიკესი
მემკვიდრე: ჟერმენა დე ფუა
სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 19 ოქტომბერი, 1469
მმართ. დასასრული: 26 ნოემბერი, 1504
წინამორბედი: ხუანა ენრიკესი
მემკვიდრე: ჟერმენა დე ფუა
ნეაპოლის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 31 იანვარი, 1504
მმართ. დასასრული: 26 ნოემბერი, 1504
წინამორბედი: ანა ბრეტონელი
მემკვიდრე: ჟერმენა დე ფუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 აპრილი, 1451
დაბ. ადგილი: ავილა, კასტილიის სამეფო
გარდ. თარიღი: 26 ნოემბერი, 1504, (53 წლის)
გარდ. ადგილი: ვალიადოლიდი, კასტილიის სამეფო
დაკრძ. ადგილი: გრანადა, ესპანეთი
მეუღლე: ფერდინანდ II, არაგონის მეფე
შვილები: ისაბელა, პორტუგალიის დედოფალი
ხუანი, ასტურიის პრინცი
ხუანა I, ესპანეთის დედოფალი
მარია, პორტუგალიის დედოფალი
კატალინა, ინგლისის დედოფალი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ხუან II, კასტილიის მეფე
დედა: ისაბელ პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Isabella I of Castile Signature.svg

მას შემდეგ, რაც ტახტი თავის ძმისწულ ხუანა ლა ბელტრანეხასთან ბრძოლის შემდეგ დაიკავა, მან სამთავრობო სისტემის რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია სამეფოში კრიმინალის დონის შემცირება. ასევე მან შეავსო მისი ძმის, ენრიკე IV-ის დროს დაცარიელებული ხაზინა. 1469 წელს მისი არაგონის მეფეზე ქორწინებით დაიწყო ესპანეთის გაერთიანების პროცესი.

გარდა რეფორმებისა, დედოფალი ისაბელი ასევე ცნობილია იმით, რომ მან, 1492 წელს გრანადის აღებით დაასრულა მრავალსაუკუნოვანი რეკონკისტა და საბოლოოდ აღმოფხვრა ესპანეთში მუსულმანური დასახლებები. გარდა მუსულმანებისა, მან და მისმა მეუღლემ მთელი ესპანეთიდან გააძევეს ებრაელებიც. ასევე მან დააფინანსა ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა, რასაც ამერიკის, ე.წ. „ახალი სამყაროს“ აღმოჩენა და შემდგომში ესპანეთის კოლონიურ იმპერიად ჩამოყალიბება მოჰყვა[1]. გაწეული სამსახურისათვის 1494 წელს მას პაპმა ალექსანდრე VI-მ უბოძა მედალი, „კათოლიკეს“ საპატიო წოდება და ის ქმართან ერთად გამოაცხადა „კათოლიკური ეკლესიის წმინდა მსახურად“.

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

 
ისაბელი ბავშვობაში

ისაბელი დაიბადა 1451 წლის 22 აპრილს მადრიგალ დე ლას ალტას ტორესში, ავილაში. იგი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის ქალიშვილი. დაბადებიდანვე იგი თავისი უფროსი ნახევარ-ძმის, პრინცი ენრიკეს მეტოქე გახდა, როგორც ტახტის მეორე მემკვიდრე. ენრიკე ამ დროს უკვე 26 წლის იყო და დაქორწინებულიც იყო ნავარის დედოფალ ბლანკა II-ზე, მაგრამ შვილები არ ჰყავდა. ორ წელიწადში, 1453 წლის 17 ნოემბერს დაიბადა მისი ერთადერთი ღვიძლი ძმა, ინფანტი ალფონსო, რის გამოც ისაბელი მემკვიდრეთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 1454 წელს მამამისი, მეფე ხუან II გარდაიცვალა და ტახტი მისმა ნახევარ-ძმამ, მეფე ენრიკე IV-მ დაიკავა. უმცროს და-ძმაზე „ზრუნვა“ ენრიკემ ითავა, თუმცა დედოფალ ისაბელს თავისი გერი არ მოსწონდა, რის გამოც შვილებთან ერთად დატოვა სამეფო კარი და არევალოში გადავიდა.

ამ პერიოდიდან ისაბელის ცხოვრებაში დაიწყო არეულობისა და არასტაბილურობის პერიოდი. არევალოში მდებარე მათი რეზიდენცია საშინელ მდგომარეობაში იყო, რასაც ფინანსური პრობლემებიც დაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ხუან II-ის ანდერძით მისი ქვრივი და შვილები ეკონომიკურად უზრუნველყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ, ენრიკე IV მამის სურვილებს არ ასრულებდა. მიუხედავად ცუდი პირობებისა, დედოფალი ისაბელი თავის ქალიშვილს მაინც აძლევდა განათლებას და მას ღვთისმოსავ და ღრმადმორწმუნე კათოლიკედ ზრდიდა.

 
ისაბელი და ალფონსო განშორების წინ ეხუტებიან დედას. ნახატი შექმნილია XIX საუკუნის შუა ხანებში.

იმავდროულად ენრიკე IV-ს მისი მეუღლე, ბლანკა II იმპოტენციის გამო გაშორდა, რის გამოც ენრიკემ ცოლად თავისი დედინაცვლის ბიძაშვილი, პრინცესა ჟუანა პორტუგალიელი შეირთო, რომელთანაც მალევე შეეძინა ქალიშვილი, სახელად ხუანა[2]. ენრიკემ თავისი ქალიშვილი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, ნახევარ-და-ძმას კი უფლებები ჩამოართვა. მისივე ბრძანებით ისაბელი და ალფონსო დააშორეს დედას და სეგოვიაში გადაიყვანეს, სადაც სასახლეში მისი ჯაშუშების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ენრიკეს განცხადებით მან ეს მათი პირობების გასაუმჯობესებლად გააკეთა. სულ მალე ალფონსო მასწავლებლებს მიაბარეს, ისაბელი კი დედოფლის ფრეილინებს შორის აღმოჩნდა, რაც მისი სტატუსის გათვალისწინებით დამამცირებელი იყო.

ასე იყო თუ ისე, სეგოვიაში ისაბელს უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდა. მას ყოველთვის ჰქონდა საკვები, კარგი ტანსაცმელი და ოქროთი მორთული ოთახი. აქ იგი იღებდა კარგ განათლებას. მის სასწავლებელ საგნებში შედიოდა კითხვა, მართლწერა, გრამატიკა, ისტორია, მათემატიკა, ხელოვნება, ჭადრაკი, ცეკვა, ქარგვა, მუსიკა და კათოლიკური რელიგია. იგი თავის თანატოლ წარჩინებულ გოგონებთან ერთად ძირითადად ქარგვითა და მუსიკით ერთობოდა. იგი მშვიდად და მდიდრულად ცხოვრობდა, მაგრამ სეგოვიას ვერ ტოვებდა, რადგან ეს მეფემ აუკრძალა. რაც შეეხება ინფანტ ალფონსოს, იგი გარე სამყაროსგან და განსაკუთრებით დიდებულებისაგან იზოლირებულად ცხოვრობდა, ხოლო ისაბელს გამუდმებით აწვდიდნენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

დიდებულები, რომელთაც აშინებდათ ენრიკეს ძალაუფლების ზრდა, მეფეს პირდაპირ სთხოვდნენ, რომ თავისი და-ძმა მემკვიდრეებად გამოეცხადებინა. მათ მოახერხეს ალფონსოს სეგოვიიდან გაპარება. დიდგვაროვნები მისი სახელით ჩაუდგნენ სათავეში აჯანყებას და ენრიკეს წინააღმდეგ გაილაშქრეს. 1467 წელს გამართული ოლომედოს ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოოდ, მეფე ენრიკე დათანხმდა ალფონსოს მემკვიდრედ აღიარებას, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ცოლად შეირთავდა მის ქალიშვილ ხუანას. ამას მათი ნიშნობა და ალფონსოს ასტურიის პრინცად გამოცხადება მოჰყვა, თუმცა იგი 1468 წლის ივლისში, შავი ჭირით გარდაიცვალა, 14 წლის ასაკში. მისმა მომხრე დიდებულებმა მეფეს ძმის მოწამვლაში დასდეს ბრალი და ახალი ამბოხისათვის დაიწყეს მზადება. როგორც ალფონსოს მემკვიდრეს, დიდებულებმა ისაბელს მისი მემკვიდრეობის დაცვა მოსთხოვეს. სულ მალე ისაბელმაც მოახერხა სეგოვიიდან გაპარვა და აჯანყებულებთან შეხვედრა. ამის შემდეგ მან ომის დაწყებამდე მოლაპარაკების გამართვა ისურვა. და-ძმა მოლაპარაკებების შემდეგ ასე შეთანხმდა: ენრიკე ისაბელს თავის პირველ მემკვიდრედ აცხადებდა ხუანას ნაცვლად, ოღონდ ისაბელი ძმის ნებართვის გარეშე არ დაქორწინდებოდა. ამრიგად, იგი ასტურიის პრინცესა გახდა.

ქორწინებარედაქტირება

 
ისაბელისა და ფერდინანდის ქორწინების პორტრეტი, 1469 წელი.

ტახტის პირველ მემკვიდრედ გამოცხადებასთან ერთად წამოიჭრა მისი ქორწინების საკითხიც, თუმცაღა ეს თემა მისთვის ახალი არ იყო. იგი ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში დაინიშნა არაგონის მეფე ხუან II-ის ვაჟ ფერდინანდზე. ამ დროს მეფე ენრიკესა და ხუანს ძალიან უნდოდათ თავიანთი დაახლოვება და ურთიერთობის დათბობა მთელი მსოფლიოსათვის ეჩვენებინათ დინასტიური ქორწინებით, თუმცა მათი მეგობრობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და ნიშნობაც ჩაიშალა.

1458 წელს არაგონის, სიცილიისა და სარდინიის მეფე ალფონსო V გარდაიცვალა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიკავა ტახტი ფერდინანდის მამამ, ხუან II-მ, რომელიც ალფონსოს ძმა იყო. ვინაიდან ხუანმა სამეფოში პოზიციები განიმტკიცა, აღარ სჭირდებოდა ენრიკეს მხარდაჭერა. ამის გამო ენრიკემ ახალი სასიძოს ძებნა დაიწყო და არჩევანი ისევ ხუანის ვაჟზე, ნავარის მეფე კარლ IV-ზე, შეაჩერა, რომელსაც მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ალიანსის ძირითადი ნაწილი ის იყო, რომ კარლისა და ისაბელის ქორწინება უნდა მომხდარიყო არაგონის ზურგსუკან, მისსავე წინააღმდეგ. საბოლოოდ ხუან II-მ მათი გეგმები მაინც შეიტყო და აღშფოთდა. მან დიდი ჯარები შეიყვანა ნავარაში, ვაჟი დააპატიმრა და შეთქმულების ბრალდებით სიკვდილამდე ციხეში გამოკეტა, სადაც კარლი 1461 წელს გარდაიცვალა.

1465 წლიდან წამოიჭრა ისაბელისა და ენრიკე IV-ის ცოლისძმის, პორტუგალიის მეფე აფონსუ V-ის დაქორწინების იდეა. გრაფმა ლედესმამ საქორწინო მოლაპარაკებები წარმატებით აწარმოა, თუმცა ბოლო მომენტში ისაბელმა დედის ნათესავზე დაქორწინებაზე უარი თქვა.

 
ისაბელ კასტილიელი და ფერდინანდ არაგონელი

მეფე ენრიკეს თამამი მოქმედებების გამო კასტილიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ამბოხებული დიდებულების შემოსარიგებლად ენრიკემ გადაწყვიტა, რომ ისაბელი აჯანყებულთა მეთაურის, ხუან პაჩეკოს ძმაზე, დონ პედროზე დაექორწინებინა. ამის სანაცვლოდ კი დონ პედრო დაცლილ კასტილიურ ხაზინას შეავსებდა. ისაბელი აღაშფოთა ამ ქორწინების იდეამ და დღეების განმავლობაში ლოცულობდა საქორწინო მოლაპარაკებების ჩაშლისთვის. მატიანეთა ცნობით „მის ლოცვებს ღმერთმა უპასუხა“ და ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე დონ პედრო უცნობი დაავადებით გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც ისაბელი 1468 წელს ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა ენრიკემ მისთვის უფრო შესაფერისი სასიძოს ძებნა დაიწყო. გარკვეული პერიოდი განიხილებოდა მისი და ინგლისის მეფე ედუარდ IV-ის ძმის, გლოსტერის ჰერცოგ რიჩარდის დაქორწინება, თუმცა ეს წინადადება მალევე გაუქმდა. იმავე წელს კიდევ ერთხელ განიხილეს ისაბელისა და აფონსუ V-ის დაქორწინების იდეა. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ენრიკეს გეგმით ისაბელი დაქორწინდებოდა აფონსუზე და დროებით პორტუგალიის დედოფალი გახდებოდა, იმავდროულად კი მისი ქალიშვილი ხუანა დაქორწინდებოდა აფონსუს ვაჟ ჟუანზე, რის შემდეგაც ენრიკეს გარდაცვალების შემდეგ ჟუანი და ხუანა გახდებოდნენ კასტილიისა და პორტუგალიის გაერთიანებული სამეფოს მეფე-დედოფალი. ისაბელმა ამაზე სასტიკი უარი განაცხადა და ფარულად დადო პირობა, რომ დაქორწინდებოდა ფერდინანდ არაგონელზე.

ვინაიდან პორტუგალიაში ისაბელის გათხოვება არაფრით გამოდიოდა, ენრიკემ სცადა, რომ იგი დაექორწინებინა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის ძმაზე, ბერის ჰერცოგ შარლ დე ვალუაზე. ენრიკეს აზრით, ეს ქორწინება განამტკიცებდა საფრანგეთ-კასტილიის მეგობრობას და ისაბელსაც ჩამოაშორებდა კასტილიის საქმეებს. ისაბელმა ამ წინადადებაზეც უარი თქვა. ამასობაში არაგონის მეფე ხუან II საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისაბელთან მისი და ფერდინანდის დასაქორწინებლად.

1469 წლის 18 ოქტომბერს ისაბელი და ფერდინანდი დაინიშნენ. იმის გამო, რომ ისაბელი და ფერდინანდი მეორე თაობის ბიძაშვილები იყვნენ[3], მათ ქორწინებას ძალა არ ექნებოდა რომის პაპის თანხმობის გარეშე. ვალენსიის კარდინალ როდრიგო ბორჯიას (მოგვიანებით მათი მოკავშირე პაპი ალექსანდრე VI) დახმარებით, პაპმა პიუს II-მ მათ მალევე მისცათ ქორწინებაზე თანხმობა. ყოველივე ეს ენრიკეს ზურგსუკან ხდებოდა, რის გამოც ქორწილისთვის ისაბელს წასვლის მიზეზი სჭირდებოდა. მეფემ იგი სამეფო კარიდან ძმის საფლავის მონახულების მიზეზით გაათავისუფლა, რა დროსაც შენიღბულმა ისაბელმა დატოვა დედაქალაქი და ვალიადოლიდში ჩუმად ჩავიდა, სადაც 1469 წლის 19 ოქტომბერს ლოს ვივეროს სასახლეში ჯვარი დაიწერა ფერდინანდ არაგონელზე.

ომი პორტუგალიასთანრედაქტირება

 
ხუანა ლა ბელტრანეხა

1474 წლის 12 დეკემბერს ენრიკე IV გარდაიცვალა, რის შემდეგაც ისაბელი სეგოვიაში დაბრუნდა, სადაც სეგოვიის ალკასარს შეაფარა თავი და მიიღო სეგოვიის საბჭოს მხარდაჭერა. მეორე დღეს ისაბელ I კასტილიისა და ლეონის დედოფლად გამოცხადდა.

ისაბელის მმართველობა რთულად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ძმამ იგი პირველ მემკვიდრედ გამოაცხადა, პირობა ჰქონდათ, რომ იგი ენრიკეს სურვილით უნდა გათხოვილიყო, მაგრამ რადგან იგი თავისი ნებით, მალულად დაქორწინდა, მისმა მოწინააღმდეგეებმა ეს ფაქტი გამოიყენეს და მეფის ანდერძი ანულირებულად სცნეს. ამან საფუძველი ჩაუყარა 1474 წლის შეთქმულებებს ისაბელის წინააღმდეგ. ენრიკე IV-ის ასული, ხუანა ლა ბელტრანეხა და მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ტახტი მას ეკუთვნოდა და არა მეფის ნახევარ-დას, რომელმაც შეთანხმება დაარღვია. ამის გამო ისაბელმა ხუანას შორს გაშვება გადაწყვიტა, რისი საუკეთესო საშუალებაც მისი გათხოვება იყო, ისევე, როგორც ამას ენრიკე გეგმავდა მის შემთხვევაში. ამრიგად, ხუანა მიათხოვეს დედამისის ძმას, პორტუგალიის მეფე აფონსუ V-ს, რის შემდეგაც მის პორტუგალიაში გადასახლებას ელოდნენ, თუმცა ამაოდ.

ამბიციურმა აფონსუმ უკვე დედოფალ ხუანას მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან ერთად ჩაება ბრძოლაში. 1475 წლის მაისში, ქალაქ პალენსიაში ხუანა და აფონსუ დაქორწინდნენ. ამის შემდეგ დაიწყო გრძელი და სისხლისმღვრელი ომი კასტილიური მემკვიდრეობისათვის. ომში ერთმანეთს ხუანა და ისაბელი დაუპირისპირდნენ, ფაქტობრივად თანაბარი ძალებით, რადგან ერთს პორტუგალია ეხმარებოდა, ხოლო მეორეს არაგონი უმაგრებდა ზურგს. 1476 წლის 1 მარტს ტოროს ბრძოლაში აფონსუ V-ის ჯარები მიწასთან გაასწორეს კასტილიელებმა. ამ დროს აფონსუს მისი ვაჟი, პრინცი ჟუანი მიეშველა ახალი პორტუგალიური არმიით, რომელმაც მალევე დაამარცხა კასტილიელთა არმია ალბას ჰერცოგის მეთაურობით.

მიუხედავად პრინცი ჟუანის ჩარევისა, ტოროს ბრძოლამ მაინც დიდი დარტყმა მიაყენა პორტუგალიელებს. ამ ბრძოლაში მარცხმა დაარწმუნა ხუანა, რომ ტახტი ისაბელისათვის დაეთმო, რის შემდეგაც მან საბოლოოდ თქვა კასტილიის მემკვიდრეობაზე უარი. ამის გამო პორტუგალიურმა არმიამ კასტილია დატოვა.

 
დედოფალი ისაბელ I

ხუანას დამარცხებით მალევე ისარგებლა ისაბელმაც, რომელმაც 1476 წლის ოქტომბერში მადრიგალ-სეგოვიის სამეფო კრებაზე თავისი უფროსი ქალიშვილი, ისაბელი ასტურიის პრინცესად გამოაცხადა. მისი მხრიდან ეს მისი მემკვიდრეობისა და ტახტის ლეგიტიმაციის ტოლფასი იყო.

მომდევნო წლის აგვისტოში ისაბელმა საკუთარი ძალებით ჩაახშო სეგოვიის აჯანყება, რადგან ფერდინანდი იმ დროისათვის არაგონში იმყოფებოდა. ორ წელიწადში ისაბელმა ვაჟიც გააჩინა, რის გამოც 1478 წლის 30 ივნისს მან პრინცი ხუანი ტახტის პირველ მემკვიდრედ გამოაცხადა.

იმავდროულად ატლანტის ოკეანეში ჰეგემონობისათვის კასტილიასა და პორტუგალიას შორის ომი განახლდა. საომარ ობიექტს ძირითადად ოკეანეში, აფრიკასთან არსებული კუნძულები წარმოადგენდა. საბოლოოდ ისევ პრინცი ჟუანის მეთაურობით გვინეის ბრძოლაში პორტუგალიელებმა გაიმარჯვეს და დაიკავეს აზორის კუნძულები. ამ გამარჯვებამ პორტუგალიელები შეაგულიანა და ხუანამ პრეტენზია ისევ გამოთქვა, რასაც ომის განახლება მოჰყვა. სამწლიანი ომისა და ოთხი ზავის შემდეგ, 1479 წლის 4 სექტემბერს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რის შემდეგაც პორტუგალიამ ისაბელ I ოფიციალურად სცნო კასტილიის დედოფლად, სანაცვლოდ კი პორტუგალიას დარჩა აზორის კუნძულები, მადეირა, გვინეა და კაბო-ვერდე, პლუს კომპენსაცია 106,000 ოქროს მონეტის სახით. მიუხედავად მეფე აფონსუსთან განქორწინებისა, ხელშეკრულებით ხუანა ლა ბელტრანეხას ეკრძალებოდა ესპანეთში ჩასვლა, რის გამოც იგი პორტუგალიაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებით ესპანელები უკმაყოფილოები დარჩნენ და მას „ძალიან ძვირიანი მშვიდობა“ უწოდეს.

პორტუგალიისათვის კუნძულებისა და გვინეის დათმობამ ესპანეთს ფაქტობრივად ჩაუკეტა ატლანტის ოკეანეზე გასასვლელი. ქვეყანა ამ რთული მდგომარეობიდან ქრისტეფორე კოლუმბმა გამოიყვანა თავისი 1492 წლის ექსპედიციით, რასაც 1494 წელს, ისაბელ I-სა და ჟუან II-ს შორის გაფორმებული ტორდესილასის ხელშეკრულება მოჰყვა, რითაც პორტუგალიელებმა და ესპანელებმა ახალი სამყარო საბოლოოდ დაინაწილეს და მათ შორის დავაც აღმოიფხვრა. აღსანიშნავია, რომ ამავე ხელშეკრულებით ესპანეთს დარჩა აფრიკასთან მდებარე კანარის კუნძულები, რომელზეც პორტუგალიას ჰქონდა პრეტენზია.

რეფორმებირედაქტირება

კრიმინალის რეგულაციარედაქტირება

 
ისაბელ I 1482 წელს

მას შემდეგ, რაც 1474 წელს ისაბელ I-მა კასტილიის ტახტი დაიკავა, გააცნობიერა, რომ ძმამ მემკვიდრეობით გაღატაკებული ქვეყანა დაუტოვა. ენრიკე IV ცნობილი იყო თავისი მფლანგველი ხასიათით, რამაც დააცარიელა სამეფო ხაზინა, სიღარიბესთან ერთად კი კასტილიაში კრიმინალის დონემაც მოიმატა. ასევე ენრიკეს მმართველობის პერიოდში კასტილიაში მკვლელობა, გაუპატიურება და ქურდობა არ ისჯებოდა. იმ ფაქტმა, რომ მთელი სამეფოს რეორგანიზაცია იყო საჭირო, ისაბელი სასოწარკვეთაში ჩააგდო. ამის გამო მისი ოცდაათწლიანი მმართველობა ესპანეთში მრავალი რეფორმით ხასიათდება, რომელთა უმეტესობა კრიმინალის შემცირებისაკენ იყო მიმართული.

წმინდა საძმორედაქტირება

ისაბელ I-მა თავისი პირველი მნიშვნელოვანი რეფორმა 1476 წელს გაატარა. ამ დროს მან მადრიგალის კორტესის დახმარებით პირველად ესპანეთის ისტორიაში შემოიღო პოლიციის ძალები, რომელსაც „წმინდა საძმო“ (ესპ. La Santa Hermandad) ეწოდა. ისტორიული ცნობებით მანამდეც არსებობდა მამაკაცთა მსგავსი დაჯგუფებები, რომელთაც ევალებოდათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მაგრამ ისაბელის დროს პირველად შეიქმნა ასეთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც სამეფო გვირგვინს ემორჩილებოდა. ისაბელმა დანაშაულად გამოაცხადა მკვლელობა, გაუპატიურება და ქურდობა. მან ე.წ. „საძმოს“ სრული უფლებამოსილება მიანიჭა, რომ დამნაშავე ნებისმიერ ფასად დაეკავებინათ. ქვეყნის უმეტეს ნაწილში მართლმსაჯულება ეფექტურად მუშაობდა, თუმცა როგორც იმ დროს ყველგან სხვაგან, კასტილიაშიც დიდებულები მაინც ახერხებდნენ მისთვის თავის არიდებას. ეს პოლიციური ძალები უფრო მიმართული იყო დაბალ სოციალურ ფენებში წესრიგის დაცვისა და დანაშაულის აღმოფხვრისაკენ. პოლიციის შესანახად დედოფალმა გადასახადიც გაზარდა. უკვე 1477 წლიდან „წმინდა საძმო“ ამოქმედდა ანდალუსიასა და ესტრემადურაშიც.

სხვა კრიმინალური რეფორმებირედაქტირება

 
ისაბელი და ფერდინანდი თავიანთ ქალიშვილ ხუანასთან ერთად. დაახლოებით 1482 წელი.

1481 წლიდან ისაბელმა შემოიღო კანონთა მარეგულირებელი სისტემა. მისი ახალი კანონები უმეტესწილად მიმართული იყო კორუმპირებული მინისტრების გამოვლენისა და დასჯისაკენ. კორუმპირებული და მოღალატე დიდებულებით განსაკუთრებით გალისიის რეგიონი გამოირჩეოდა, რომელშიც ჯერ კიდევ ისაბელის მამის, ხუან II-ის მმართველობის დროიდან მოყოლებული განუკითხაობა მძვინვარებდა. ყაჩაღები ანადგურებდნენ კულტურულ მემკვიდრეობასა და სრულიად თამამად ძარცვავდნენ სოფლებსა და ქალაქებს. ისაბელის მთავარ ამოცანას ამ რეგიონში მშვიდობისა და წესრიგის აღდგენა წარმოადგენდა. მისი მმართველობის პერიოდში გალისიაში 1,500-მდე ყაჩაღი დააპატიმრეს, რამაც სიტუაცია საგრძნობლად გამოასწორა.

ფინანსებირედაქტირება

ტახტზე ასვლისთანავე ისაბელ I მიხვდა, რომ ყველაზე საჭირო ხაზინის შევსება იყო. ენრიკე IV-მ დას სამეფო გაკოტრებულ მდგომარეობაში დაუტოვა. გამოკვლევით დადგინდა, რომ კასტილიის სიღატაკის უმთავრეს მიზეზს ენრიკეს დროს სამეფო ოჯახის მიერ ფინანსების გაფლანგვა იყო. 1480 წელს ტოლედოს კორტესმა დაასკვნა, რომ გრძელვადიანი რეფორმის გატარება იყო საჭირო, რომლის დროსაც სამეფო მამულები უნდა გაქირავებულიყო და გადასახადები გაზრდილიყო. მინისტრთა უმეტესობა ამ აზრს მიესალმა, თუმცა ისაბელს არ სურდა ასეთი მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა. გადაწყდა, რომ ესპანეთის კარდინალი ჩაატარებდა ენრიკეს დროს შეძენილ სამეფო ქონებაზე, რომლის არასაჭირო ნაწილიც გაიყიდებოდა. აღსანიშნავია, რომ თავად-აზნაურებმა დიდი თანხები გაიღეს მეფის ნაქონი ნივთების შესაძენად, რამაც ხაზინა მარტივად შეავსო. ისაბელმა ენრიკეს დროს შეძენილი ნივთების მხოლოდ ის ნაწილი არ გაყიდა, რომელიც მან ეკლესიას, ღარიბებსა და საავადმყოფოებს შესწირა.

ფინანსებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენდა მონეტების ჭარბი წარმოება და სამეფო მონეტების სიუხვე. ენრიკეს დროს ფულის მწარმოებელი ზარაფხანების რაოდენობა 5-დან 10-მდე გაიზარდა, სადაც საჭიროზე ბევრად მეტ მონეტას ჭრიდნენ. რამდენიმე ზარაფხანის დაკეტვითა და დარჩენილზე კონტროლის დაწესებით, ისაბელმა მოახერხა კვლავ დაებრუნებინა საზოგადოების ნდობა გვირგვინის შესაძლებლობაში ემართა ქვეყნის ფინანსები.

1492 წლის მოქმედებებირედაქტირება

გრანადარედაქტირება

 
ისაბელ I-ის შესვლა გრანადაში

რეკონკისტას დასასრულებლად ისაბელსა და ფერდინანდს მხოლოდ გრანადის საამიროს დაპყრობაღა სჭირდებოდათ. XIII საუკუნდან მოყოლებული გრანადას ნასრიდთა მუსლიმური დინასტია მართავდა. თავისი მყარი ბარიერებითა და გამაგრებული ქალაქებით საამირომ გაუძლო ესპანელთა ყველა შეტევას და მუსლიმთა უკანასკნელ სიმაგრედ იქცა პირენეს ნახევარკუნძულზე. 1482 წლის 1 თებერვალს მეფე-დედოფალი დიდი ჯარებით შევიდა მედინა-დელ-კამპოში, რასაც გრანადასთან ომის გამოცხადება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ გრანადელებმა იცოდნენ კასტილიელებთან და არაგონელებთან ორ ფრონტზე ბრძოლა მოუწევდათ, მათ ჯარი არ გაყვეს. მიუხედავად ამისა, გრანადის ალყა ათ წელს გაიწელა.

ესპანეთის მეფე-დედოფალს მთელი ევროპის მონარქები უგზავნიდნენ დამხმარე ჯარებს, რათა საბოლოოდ აღმოეფხვრათ ისლამის კერა ევროპაში. 1485 წელს ევროპელებმა ორკვირიანი შტურმის შემდეგ აიღეს ქალაქი რონდა. მომდევნო წელს ისაბელ I-ის ჯარებმა ქალაქი ლოხა აიღო, სადაც ტყვედ ჩაიგდეს გრანადის ამირა მუჰამად XII, თუმცა დედოფლის ბრძანებით იგი მალევე გაათავისუფლეს. ერთ წელიწადში კასტილიელებმა მალაგაც დაიკავეს, რამაც ნასრიდთა საამიროს ძირითადი დასაყრდენი ხელიდან გამოაცალა. 1489 წელს დაიკავეს ბასაც, რის შემდეგაც 1491 წელს უშუალოდ გრანადას შემოარტყეს ალყა. ერთწლიანი ალყის შემდეგ, 1492 წლის 2 იანვარს მუჰამად XII დანებდა. იმავე დღეს ფერდინანდი და ისაბელი ტრიუმფით შევიდნენ ქალაქში და გრანადის მთავარი მეჩეთი კათოლიკურ ეკლესიად გადააკეთეს. იმავე წელს დაიდო გრანადის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფერდინანდმა და ისაბელმა ებრაელებსა და მუსლიმებს ნება დართეს ქალაქში მშვიდობიანად ეცხოვრათ.

კოლუმბი და ურთიერთობა პორტუგალიასთანრედაქტირება

 
მოგზაურობიდან დაბრუნებული კოლუმბი ხვდება ფერდინანდ არაგონელსა და ისაბელ კასტილიელს

გრანადის აღებამდე სამი თვით ადრე დედოფალი ისაბელი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობის დაფინანსებას დასთანხმდა, რომლის მიზანიც იყო ინდოეთამდე მისასვლელი გზის აღმოჩენა დასავლეთიდან[4]. მისი თქმით ინდოეთამდე სულ 2000 კილომეტრი იყო გასავლელი, რაც ესპანეთს დიდ სიმდიდრეს მოუტანდა, რის გამოც დედოფალი მალე დაითანხმა.

მისი ექსპედიცია 1492 წლის 3 აგვისტოს დაიწყო, 12 ოქტომბერს კი ჩავიდა კუნძულ სან-სალვადორზე. იგი ესპანეთში ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა რუკის მონახაზებით, რასთან ერთადაც მან „ახალი სამყაროდან“ ჩამოტანილი ძვირფასეულობაც მიართვა მონარქებს. ასე დაიწყო ესპანეთის კოლონიური ოქროს ხანა. ახალი გზის აღმოჩენის ამბავმა მალევე მოიცვა მთელი ევროპა, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა ესპანეთის მტერი, პორტუგალიის მეფე ჟუან II, რომელმაც გადაწყვიტა ახალ მიწებს თავად დაპატრონებოდა. ამრიგად, 1494 წელს ჟუანსა და ისაბელს შორის გაფორმდა ტორდესილასის ხელშეკრულება, რითაც მონარქებმა ახალი მიწები გადაინაწილეს.

 
ისაბელი და ფერდინანდი გამოსცემენ ებრაელთა გაძევების ბრძანებულებას

ცნობილია, რომ დედოფალი ისაბელი არ იზიარებდა კოლუმბის აზრს ამერიკის ადგილობრივი ინდიელების დამონების თაობაზე, თუმცა მისი შეხედულებების მიუხედავად მალე დაიწყო ინდიელთა დამონებისა და გაჟლეტის ხანა.

ებრაელთა გაძევებარედაქტირება

ისაბელის მმართველობის პერიოდში ესპანეთში საბოლოოდ დამკვიდრდა კათოლიკური ინკვიზიცია. მას ამაში დომინიკელთა ორდენის მღვდელი ტომას დე ტორკემადა ეხმარებოდა, რომელმაც დაარწმუნა დედოფალი, რომ ინკვიზიცია ქვეყანაში რელიგიური და პოლიტიკური ერთიანობის გარანტიას ქმრინდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ისაბელი აშკარად ეწინააღმდეგებოდა ებრაელთა ეთნიკური ნიშნით დევნას, ტორკემადამ შეძლო ფერდინანდის დარწმუნება. 1492 წლის 31 მარტს მეფე-დედოფალმა გამოსცეს ალჰამბრის განკარგულება, რომელიც გულისხმობდა ებრაელთა დევნისა და დეპორტაციის დაწყებას მთელი ესპანეთის მასშტაბით. მათ ებრაელებს ქვეყნის დასატოვებლად ოთხი თვე მისცეს ვადა, უკვე ივლისიდან კი დაიწყო მათი სასტიკი დევნა. ცნობილია, რომ ებრაელებს ესპანეთიდან წასვლისას არ ჰქონდათ ცხენის, ოქროს, ვერცხლის, ფულისა და იარაღის წაღების უფლება. ოფიციალური მონაცემებით ამ დროს 200,000-მდე ებრაელი გაიქცა ესპანეთიდან, 80,000 მოკლეს, ხოლო 40,000-მდე ქრისტიანობაზე მოაქციეს, რის გამოც მათ ქვეყანაში დარჩენის ნება დართეს. ის ადამიანები, რომელთაც კათოლიკობა მიიღეს, მაინც უნდობლობით სარგებლობდნენ და გამუდმებულ შევიწროვებას განიცდიდნენ.

დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალებარედაქტირება

 
ისაბელ კასტილიელი 1490 წლისთვის

კათოლიკური ეკლესიისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და გაწეული სამსახურისათვის რომის პაპმა ალექსანდრე VI-მ ისაბელ I-ს „კათოლიკესა“ და „კათოლიკობის დამცველის“ წოდებები მიანიჭა, თუმცა პაპის აღვირახსნილი ცხოვრების წესის გამო დედოფალმა ეს პატივად არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ მისი მმართველობისას მთელი ესპანეთი ერთიანად მოექცა კათოლიციზმზე და აღმოიფხვრა ყველა სხვა რელიგია. ამ პროცესმა ხელი შეუწყო ინკვიზიციის მომძლავრებას. 1499 წელს მუსლიმთა აჯანყების გამო დედოფალმა დაარღვია გრანადის ხელშეკრულება და 1502 წლისთვის ყველა მუსლიმს ესპანეთი ან დატოვებული ჰქონდა, ან ქრისტიანობა მიაღებინეს.

ისაბელ კასტილიელმა მეუღლესთან ერთად ჩამოაყალიბა ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი იმპერია, რომელიც მისი შთამომავლების დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. 1497 წლისთვის მას თითქმის აღარ ჰქონდა პრობლემა. მისი ერთადერთი ვაჟი, პრინცი ხუანი დაქორწინებული იყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ასულ მარგარეტ ავსტრიელზე, რითაც ესპანეთმა კავშირი დაამყარა მზარდი ძალაუფლების მქონე ჰაბსბურგებთან. იმავდროულად, უფროსი ქალიშვილი, ინფანტა ისაბელი პორტუგალიის მეფე მანუელ I-ზე იყო დაქორწინებული, რითაც პორტუგალიის მხრიდან საფრთხე აღარ მოდიოდა. მისი შუათანა ასული ხუანა დაქორწინდებული იყო მაქსიმილიან I-ის ერთადერთ ვაჟზე, ბურგუნდიისა და ნიდერლანდების მმართველ ფილიპე I-ზე.

მიუხედავად დიდი დინასტიურ-პოლიტიკური წარმატებებისა, ისაბელის გეგმები, რომლებიც ორ უფროს შვილზე ჰქონდა დამყარებული არ გამოვიდა. ერთადერთი ვაჟი, პრინცი ხუანი ქორწილიდან მალევე დაიღუპა, ისე, რომ შვილი არ დარჩენია[5]. ამას მოჰყვა პორტუგალიის დედოფალ ისაბელას გარდაცვალება მშობიარობისას, რამაც გაწყვიტა კავშირი მეზობელ ქვეყანასთან. ამის გამო ისაბელმა ტახტის მემკვიდრედ თავისი ქალიშვილი ხუანა და მისი ქმარი, ფილიპე ლამაზი დაასახელა, მეორე ქალიშვილი, ინფანტა მარია კი მისივე დის ქვრივს, მეფე მანუელ I-ს მიათხოვა, რითაც პორტუგალიას კვლავ დაუკავშირდა. ამრიგად, თითქმის კვლავ აღსდგა წონასწორობა, მაგრამ მისი ნაბოლარა ქალიშვილის, კატალინას ქორწინების საკითხი კიდევ გადასაჭრელი იყო. საბოლოოდ კატალინა ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის ვაჟზე, უელსის პრინც არტურზე დააქორწინეს, რომელიც მალევე დაიღუპა. ესპანეთ-ინგლისის ალიანსის შესანარჩუნებლად კატალინა სასწრაფოდ დააქორწინეს არტურის ძმაზე, მომავალ მეფე ჰენრი VIII-ზე.

დედოფალი ისაბელ კასტილიელი გარდაიცვალა 1504 წლის 26 ნოემბერს მედინა-დელ-კამპოს სასახლეში, 53 წლის ასაკში. ამის შემდეგ ესპანეთი საშინელმა არეულობამ მოიცვა, რამეთუ კასტილიის ტახტზე ხუანა I და ფილიპე I ადიან, არაგონში კი დაქვრივებული ფერდინანდ II მეფობს. მას არ სურდა ტახტის სიძისთვის დატოვება, რის გამოც ისაბელის დაღუპვის შემდეგ მეორედ დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის დისწულ ჟერმენა დე ფუაზე, რათა მასთან ახალი მემკვიდრე გაეჩინა, თუმცა ამაოდ. 1506 წელს ფილიპე I გარდაიცვალა, ივარაუდება, რომ იგი ფერდინანდმა მოწამლა. ამ ფაქტმა ხუანა I ჭკუიდან შეშალა, რის გამოც ხელისუფლების სათავეში ხუანასა და ფილიპეს უფროსი ვაჟი, კარლოს I მოდის, რომელმაც შეშლილი დედა მონასტერში გამოკეტა და ტახტი დაიკავა. 1516 წელს ფერდინანდი უმემკვიდრეოდ დაიღუპა, რის გამოც კარლოს I გაერთიანებული ესპანეთის მეფე გახდა, 1519 წელს, მაქსიმილიან I-ის გარდაცვალებით იგი ასევე ხდება იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, ბურგუნდიისა და ნიდერლანდების მმართველი, რითაც შეიქმნა უზარმაზარი ჰაბსბურგთა მონარქია. 1580 წელს კარლოსის ვაჟმა, ფილიპე II-მ, მაშასადამე ისაბელის შვილიშვილმა დაიკავა პორტუგალიის ტახტი, რითაც ყველა ესპანური სამეფო გაერთიანდა და შეიქმნა იბერიის უნია.

შვილებირედაქტირება

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ისაბელა   2 ოქტომბერი, 1470,

პალენსია, ესპანეთი

23 აგვისტო, 1498,

სარაგოსა, ესპანეთი

(27 წლის)

ასტურიის პრინცესა, პირველად იქორწინა პრინც აფონსუ პორტუგალიელზე, მისი

გარდაცვალების შემდეგ კი პორტუგალიის მეფე მანუელ I-ზე. გადაჰყვა მშობიარობას.

ხუანი   30 ივნისი, 1478,

სევილია, ესპანეთი

4 ოქტომბერი, 1497,

სალამანკა, ესპანეთი

(19 წლის)

ასტურიის პრინცი. ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის

ასული მარგარეტ ავსტრიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია.

ხუანა   6 ნოემბერი, 1479,

ტოლედო, ესპანეთი

12 აპრილი, 1555,

ვალიადოლიდი,

ესპანეთი

(75 წლის)

გაერთიანებული ესპანეთის პირველი დედოფალი. იქორწინა ბურგუნდიისა და

ნიდერლანდების მმართველ ფილიპე I-ზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:

საფრანგეთის დედოფალი ელეონორა, ესპანეთის მეფე კარლოს I, დანიის და

შვედეთის დედოფალი იზაბელა, საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ I,

უნგრეთისა და ჩეხეთის დედოფალი მარია და პორტუგალიის დედოფალი ეკატერინე.

მარია   29 ივნისი, 1482,

კორდობა, ესპანეთი

7 მარტი, 1517,

ლისაბონი,

პორტუგალია

(34 წლის)

ცოლად გაჰყვა თავისი დის ქვრივს, პორტუგალიის მეფე მანუელ I-ს, რომელთანაც

შეეძინა ათი შვილი, მათ შორის: პორტუგალიის მეფე ჟუან III, ესპანეთის დედოფალი

ისაბელი, სავოიის ჰერცოგინია ბეატრიზი და პორტუგალიის მეფე ენრიკე I.

გადაჰყვა მშობიარობას.

კატალინა   16 დეკემბერი, 1485,

ალკალა-დე-ენარესი,

ესპანეთი

7 იანვარი, 1536,

კემბრიჯი, ინგლისი

(50 წლის)

პირველად დაქორწინდა ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის ვაჟზე, უელსის პრინც არტურზე,

მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის ძმაზე, მეფე ჰენრი VIII-ზე, რომელთანაც შეეძინა

მომავალი დედოფალი მერი I. მასთან განქორწინების გამო ჰენრი განუდგა კათოლიკურ

ეკლესიას და დააარსა საკუთარი, ანგლიკანური ეკლესია.

გარდა ამისა ისაბელს ჰყავდა ორი შვილი:

წინაპრებირედაქტირება

გერბირედაქტირება

ისაბელის სახე მედიაშირედაქტირება

ფილმებირედაქტირება

წელი სახელი რეჟისორი მსახიობი
1949 ქრისტეფორე კოლუმბი დევიდ მაკდონალდი ფლორენს ელდრიჯი
1951 დავიწყეთ რობერტ მაკკიმსონი უცნობია
1976 შავი ხმალი ფრანსისკო როვირა მარიბელ მარტინი
1982 ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენა მარიანო ოსორესი ფიორელა ფალტოიანო
1983 ერთხელ ხუანა შეშლილთან ხოსე რამონ ლარასი ლოლა ფლორესი
1992 1492: სამოთხის დაპყრობა რიდლი სკოტი სიგურნი უივერი
1992 კოლუმბის გაგრძელება ჯერალდ თომასი ჯუნ უიტფილდი
1992 ქრისტეფორე კოლუმბი: აღმოჩენა ჯონ გლენი რეიჩელ უარდი
2001 ხუანა შეშლილი ვისენტ არანდა სუსი სანჩესი
2006 წყარო დერენ არონოფსკი რეიჩელ ვაისი
2016 გატეხილი გვირგვინი ხორდი ფრადესი მიკაელა ხენერი
2016 მკვლელის დაკვეთა ჯასტინ კარზელი მარისია პერესი

სერიალებირედაქტირება

წელი სახელი მსახიობი არხი
1985 ქრისტეფორე კოლუმბი ფეი დანაუეი
1991 გრანადის რეკვიემი მარიტა მარშალი TVE
2004 ესპანეთის ისტორია TVE
2012 ისაბელი მიკაელა ხენერი TVE
2015 დროის სამინისტრო მიკაელა ხენერი TVE
2017 თეთრი პრინცესა როსი დე პალმა STARZ
2019 ესპანელი პრინცესა ალისია ბორაჩერო STARZ

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980 წელი.
  • Arranz Márquez, Luis (2006). Cristóbal Colón: Misterio y Grandeza. Marcial Pons Historia. pp. 184-186. ISBN 9788496467231.
  • Boruchoff, David A (2003). Isabel la Católica, Queen of Castile: critical essays. Nueva York: Palgrave Macmillan.
  • Elliott, J. H. (2002). Imperial Spain: 1469-1716. New York: Penguin Books. ISBN 0-14-100703-6.
  • Fernández de Córdova Miralles, Álvaro (2005). Alejandro VI y los Reyes Católicos Relaciones político-eclesiásticas (1492-1503). Roma: Pontificia Universitas Sanctae Crucis.
  • Foronda y Aguilera, Manuel (1920). Dónde y cuándo nació Isabel la Católica.
  • Jackson-Laufer, Guida Myrl (1999). Women Rulers throughout the Ages: An Illustrated Guide. ABC-CLIO.
  • Liss, Peggy K. (1992). Isabel the Queen. Oxford University Press.
  • — (1998). Isabel la Católica: su tiempo y su vida. Nerea.
  • Losada Castro, Basilio (1983). Isabel la Católica. Auriga.
  • Menéndez Pidal de Navascués, Faustino (2005). «"Tanto monta". El escudo de los Reyes Católicos». Suárez Fernández, Luis, ed. Isabel la Católica vista desde la Academia. Estudios (16). Real Academia de la Historia de España. ISBN 978-84-95983-65-7.
  • Miguel Mora, Carlos de (2006). La toma de Baza: estrategia militar y política internacional.
  • Verlinden, Charles; Pérez-Embid, Florentino (2006). Cristóbal Colón y el descubrimiento de América. Rialp. pp. 48-49. ISBN 9788432135859. Archivado desde el original el 28 de octubre de 2014. Consultado el 9 de julio de 2012.
  • VV. AA., Isabel la Católica en la Real Academia de la Historia, Real Academia de la Historia, 2004. ISBN 978-84-95983-54-1. Cfr. para el lema o mote pág. 73.
  • VV. AA. (2004). Suárez Fernández, Luis; Manso Porto, Carmen, eds. Isabel la Católica en la Real Academia de la Historia. Real Academia de la Historia. ISBN 978-84-95983-54-1.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Palos, Joan-Lluís (28 March 2019). "To seize power in Spain, Queen Isabella had to play it smart: Bold, strategic, and steady, Isabella of Castile navigated an unlikely rise to the throne and ushered in a golden age for Spain". National Geographic History Magazine. Retrieved 20 April 2019.
  2. აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანელებმა იცოდნენ, რომ დედოფალმა ჟუანამ ქალიშვილი არა იმპოტენტი ქმრისგან, არამედ საყვარლისგან, გრაფი ბელტრანისაგან გააჩინა, რის გამოც ხუანა ისტორიაში შესულია ლა ბელტრანეხას (ესპანურად ნიშნავს „ბელტრანის ასულს“) სახელით.
  3. ისაბელის მამის პაპა-ბებია, ანუ კასტილიის მეფე ხუან I და დედოფალი ელეანორ არაგონელი იყვნენ ასევე ფერდინანდ II-ის მამის პაპა-ბებია.
  4. ამის მიზეზი გახდა კონსტანტინოპოლის დაცემა. მას შემდეგ, რაც 1453 წელს ოსმალებმა ბოსფორ-დარდანელის სრუტეები დაიკავეს, ჩაკეტეს აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები, რის გამოც ევროპელები იძულებულნი გახდნენ, რომ ინდოეთ-ჩინეთისკენ მიმავალი ახალი გზები ეძებნათ.
  5. რეალურად მისი გარდაცვალებისას მისი მეუღლე ორსულად იყო, თუმცა მან მკვდარი გოგონა გააჩინა, რის გამოც იგი სამშობლოში დააბრუნეს.