ხუანა ლა ბელტრანეხა

ხუანა ლა ბელტრანეხა (ესპ. Juana la Beltraneja, პორტ. Joana a Beltraneja; დ. 21 თებერვალი, 1462 — გ. 12 აპრილი, 1530) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის დედოფალ ჟუანა პორტუგალიელის ქალიშვილი, რომლის მამაზეც დღემდე დაობენ ისტორიკოსები. ბევრი მამამისად დედოფალ ჟუანას ქმარს, კასტილიის მეფე ენრიკე IV-ს ასახელებს, დანარჩენები კი დედოფლის საყვარელ ბელტრან დე ლა სუევას, რის გამოც ხუანას მეტსახელად ბელტრანეხა, ანუ ბელტრანის ასული შეარქვეს. იგი ასევე იყო პორტუგალიის დედოფალი 1475-81 წლებში, როგორც თავისი ბიძის, მეფე აფონსუ V-ის მეორე ცოლი. უამრავი წლის მანძილზე, ხუანა კასტილიის ტახტში თავის მამიდას, დედოფალ ისაბელ I-ს ეცილებოდა, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა.

ხუანა ლა ბელტრანეხა
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 მაისი, 1475
მმართ. დასასრული: 28 აგვისტო, 1481
წინამორბედი: იზაბელ კოიმბრელი
მემკვიდრე: ელეანორ ვიზეუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 თებერვალი, 1462
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 12 აპრილი, 1530, (68 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: აფონსუ V, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ტრასტამარები
მამა: სავარაუდოდ: ენრიკე IV, კასტილიის მეფე, ან ბელტრან დე ლა სუევა, ალბუკერკეს ჰერცოგი
დედა: ჟუანა პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

დაბადება

რედაქტირება

1455 წლის 21 მაისს კასტილიის მეფე ენრიკე IV დაქორწინდა ჟუანა პორტუგალიელზე, რომელიც პორტუგალიის მეფე დუარტე I-ის ასული და აფონსუ V-ის ღვიძლი და იყო. ამ დროისათვის ენრიკე უკვე განქორწინებული იყო ნავარის დედოფალ ბლანკა II-სთან, ვინაიდან დედოფალმა განაცხადა, რომ ქმართან არასდროს წოლილა. ქორწილიდან სულ რამდენიმე წელიწადში, 1462 წლის 21 თებერვალს დაიბადა ხუანაც.

დედოფალი ბლანკას სკანდალური განქორწინების შემდეგ, საზოგადოდ ითვლებოდა, რომ ენრიკე იმპოტენტი იყო, ხუანას დაბადებამ კი ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოშვა. ამას ემატებოდა ისიც, რომ დედოფალი ჟუანა პორტუგალიელი მეფეს სრულიად ღიად და დაუფარავად ღალატობდა ალბუკერკეს ჰერცოგ ბელტრან დე ლა სუევასთან, რის გამოც, ხალხი პატარა ხუანას ბელტრანისა და ჟუანას უკანონო შვილად თვლიდა, რის გამოც ესპანელებმა ხუანას „ლა ბელტრანეხა“ შეარქვეს, რაც „ბელტრანის ასულს“ ნიშნავს.

მიუხედავად ყველაფრისა, ენრიკეს მემკვიდრე სჭირდებოდა, თუნდაც გოგონა, რის გამოც მან საჩქაროდ აღიარა ხუანა თავის ლეგიტიმურ შვილად და მაშასადამე ტახტის მემკვიდრედ, რის შემდეგაც ხუანა ასტურიის პრინცესა ხდება. ამით გათამამებულმა დედოფალმა ჟუანამ მალე ახალი რომანი გააჩაღა საკმაოდ სიმპათიურ და წარმოსადეგ ფონსეკას არქიეპისკოპოსთან, რომლისგანაც დაფეხმძიმდა. ყოველივე ეს ენრიკემ ვეღარ აიტანა და 1468 წელს ჟუანა პორტუგალიელს ოფიციალურად გაეყარა.

ტახტის მემკვიდრე

რედაქტირება

1462 წლის 9 მაისს ხუანა ოფიციალურად იქნა აღიარებული კასტილიის ტახტის მემკვიდრედ და მიენიჭა ასტურიის პრინცესის წოდება. ენრიკემ კასტილიელ დიდგვაროვნებს მისდამი ერთგულების ფიციც კი დაადებინა.

 
ხუანა ლა ბელტრანეხა

ბევრმა კასტილიელმა დიდგვაროვანმა, მეფე ენრიკეს ჩვილი და საეჭვო პირობებში დაბადებული ასულისთვის ერთგულების ფიცის დადებას არჩია ენრიკეს უმცროსი ნახევარ-ძმის, პრინცი ალფონსოს მხარეს გადასულიყვნენ. 1464 წლიდან ეს ყოველივე შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა და დიდებულთა ლიგამ მეფე ენრიკე აიძულა უარი ეთქვა ხუანაზე და თავის მემკვიდრედ ალფონსო ეცნო. ამის შემდეგ ასტურიის პრინცი სწორედ ალფონსო ხდება. ენრიკე ამ კომპრომისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდა, თუ შემდგომში ალფონსო ხუანაზე (ანუ თავის ძმის შვილზე) დაქორწინდებოდა, რათა ორივეს მიეღო გვირგვინი.

1468 წელს კასტილიის სამეფო ოჯახში ბევრი რამ შეიცვალა: ენრიკე IV და ჟუანა პორტუგალიელი განქორწინდნენ, ინფანტი ალფონსო კი გარდაიცვალა. ამან ხუანა კვლავ ასტურიის პრინცესად აქცია, თუმცა ამ დროს ტახტზე პრეტენზია განაცხადა ენრიკეს ნახევარ-დამ, ინფანტა ისაბელმა, რომელიც ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე იყო. კიდევ ერთი სამოქალაქო ომის თავიდან ასარიდებლად ისაბელი ასტურიის პრინცესად გამოაცხადეს, ხუანა კი ტახტის მეორე მემკვიდრედ გვევლინება.

1465-70 წლებში ხუანა მენდოსების დიდებულ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც უნდა აღზრდილიყო. 1470-75 წლებში კი დაიწყო მისი საქორწინო მოლაპარაკებები. ენრიკე ვინმე ისეთ ძლევამოსილ სასიძოს ეძებდა, რომელიც შეძლებდა ხუანას მემკვიდრეობის დაცვას. 1470 წლის 26 ოქტომბერს ხუანა დანიშნეს საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის უმცროს ძმაზე, გიენის ჰერცოგ შარლ დე ვალუაზე. მათი ქორწინება შედგებოდა კიდეც, თუმცა 1472 წელს, სრულიად მოულოდნელად შარლი გარდაიცვალა. საფრანგეთთან და ბურგუნდიასთან წარმოებული რამდენიმე წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყდა ხუანა თავისი ბიძისთვის, პორტუგალიის დაქვრივებულ და შვილებიან მეფე აფონსუ V-ისათვის მიეთხოვებინათ, რომელსაც ნამდვილად შესწევდა მისი მემკვიდრეობის დაცვის ძალა.

1474 წელს ენრიკე IV გარდაიცვალა. კასტილიის დიდგვაროვნების ერთმა ნაწილმა დედოფლად ხუანა, ხოლო მეორე ნაწილმა მამიდამისი, ისაბელი აღიარა, რასაც მოჰყვა კასტილიის ოთხწლიანი სამოქალაქო ომი გვირგვინისთვის.

გარდა მისი საქმროს, ანუ პორტუგალიის მეფისა, ხუანას მხარს უჭერდა ისეთი კასტილიელი დიდგვაროვნები, როგორებიც იყვნენ ტოლედოს არქიეპისკოპოსი, ესკალონას ჰერცოგი, ესტრუნიხების დინასტია, კადისის მარკიზი, კალატავრას ორდენის დიდი მაგისტრი და გრაფი როდრიგო ტელესი.

ხუანაზე არანაკლებ ძლევამოსილი მოკავშირეები ჰყავდა ისაბელსაც. მათგან გამოსარჩევია თავად მისი ქმარი, არაგონის, სარდინიის, სიცილიისა და ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II, ასევე მენდოსას ძლევამოსილი საგვარეულო, მარნიკ დე ლარას ოჯახი, მედინას ჰერცოგი, სიდონიას ჰერცოგი, ალბუკერკეს ჰერცოგი, სანტიაგოს ორდენის დიდი მაგისტრი და სრულიად კალატავრას ორდენის წევრები, გარდა მათი დიდი მაგისტრისა.

ტახტისათვის ბრძოლა

რედაქტირება
 
ისაბელ კასტილიელი და ფერდინანდ არაგონელი

1475 წლის 10 მაისს პორტუგალიის მეფე აფონსუ V კასტილიაში ჩავიდა და 15 დღის შემდეგ, პალენსიაში დაქორწინდა ხუანაზე. ამის შემდეგ ხუანა პორტუგალიისა და ალგარვის დედოფალი ხდება. მიუხედავად ამისა, პორტუგალიის მეფე-დედოფალი კასტილიაში დარჩა, სადაც ისინი ტოროს სამეფო სასახლეში დაბინავდნენ. ისინი ყველას დიდ მიწებსა და ტიტულებს ჰპირდებოდნენ, ვინც მათ „უზურპატორი ისაბელის“ წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდნენ. სულ მოკლე ხანში, კასტილიაში ჩავიდა ფერდინანდ II და მისი დიდი არმიაც, რასაც მოჰყვა მათი პირველი შეტაკება, სადაც ფერდინანდმა და ისაბელმა სასტიკად დაამარცხეს ხუანა და აფონსუ.

1476 წლის 1 მარტს ფერდინანდისა და აფონსუს ძალები ტოროში კვლავ შეხვდა ერთმანეთს, სადაც პორტუგალიის მეფე ცხენიდან გადმოაგდეს და სასტიკად სცემეს. აფონსუმ ძლივს მოახერხა ბრძოლის ველიდან გაქცევა. ამის გამო, აფონსუს ვაჟი, პორტუგალიის მეფე ჟუან II დიდი ჯარებით შევიდა კასტილიაში და რამდენჯერმე დაამარცხა ფერდინანდი, რითაც მათი ძალები გათანაბრდა. მიუხედავად ამისა, გაქცევისა და თავდაპირველი მარცხების გამო, მთელს კასტილიაში ხუანასა და აფონსუს პრესტიჟი განადგურდა. ამის შემდეგ, ფერდინანდმა კასტილიის ყველა დასახლებაში გააგზავნა წერილი, სადაც იგი თავის საარაკო გამარჯვებას ამცნობდა, რომელიც პორტუგალიელებზე მოიპოვა. ამ ამბიდან მალევე, ალკასარის სასახლეში ხუანა და მისი ქმარი ალყაში მოაქციეს, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ დანებებოდნენ და პორტუგალიაში დაბრუნებულიყვნენ. კასტილიელი მემატიანე გვატყობინებს:

 
„ეს იყო ტოროს ბრძოლაში. მართალია პორტუგალიელთა არმია ბოლომდე არ დამარცხებულა, თუმცა ამან გაანადგურა ხუანას ავტორიტეტი. ის საბოლოოდ შეეგუა იმ აზრს, რომ არც კასტილიელები და არც ღმერთი არ აღიარებს მას ჩვენს დედოფლად. ის კატასტროფა, რომელიც მის გამო დატრიალდა, ჯერ კიდევ ცოცხალია კასტილიელთა მეხსიერებაში.“
 
ხუანას გერბი პორტუგალიის დედოფლობის პერიოდში

ამ მარცხის შემდეგ აფონსუ წარუმატებლად ცდილობდა საფრანგეთის მეფე ლუი XI-თან ისაბელის წინააღმდეგ ალიანსის შექმნას. 1478 წელს რომის პაპმა სიქსტუს IV-მ ახლო ნათესაური კავშირის გამო ხუანასა და აფონსუს ქორწინება ანულირებულად სცნო, რითაც დასრულდა მისი პორტუგალიის დედოფლობა. ამასთან ერთად, იგი იძულებული გახდა საბოლოოდ ეთქვა უარი კასტილიის დედოფლობაზეც.

დარჩენილი ცხოვრება

რედაქტირება

1479 წელს აფონსუმ ისაბელსა და ფერდინანდთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მანაც უარი განაცხადა კასტილიის გვირგვინზე. ამის შემდეგ ხუანა არჩევნის წინაშე დადგა: ან მონასტერში უნდა წასულიყო, ან ისაბელის ერთი წლის ვაჟზე, ხუანზე უნდა დაქორწინებულიყო. ხუანამ უარი განაცხადა ქორწინებაზე და ქალაქ კოიმბრას სანტა კლარას დედათა მონასტერში გაემგზავრა. ისაბელმა შეაქო მისი გადაწყვეტილება. ხუანა აქ კომფორტულად და ფუფუნებაში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი ლისაბონშიც გადასახლდა, სადაც ახლოს იყო სამეფო კართან. 1482 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის დის შვილმა, ნავარის მეფე ფრანსუამ ხუანას ქორწინება და კასტილიის ტახტისთვის ბრძოლის განახლება შესთავაზა. მართალია ხუანამ ამაზე უარი განაცხადა, თუმცა ეს ფრანგების მხრიდან გაფრთხილება იყო ისაბელისა და ფერდინანდის მისამართით, რომლებიც პრეტენზიას საფრანგეთის კუთვნილ რუსილონის საგრაფოზე აცხადებდნენ. ამ ამბიდან ფრანსუა ნავარელი დაიღუპა, თავად დედოფალი ისაბელი კი 1504 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ კასტილიის ტახტზე ისაბელის ასული, ხუანა I და მისი ქმარი, ფილიპე ბურგუნდიელი ადიან, რაც დიდად არ მოსწონდა ჯერ კიდევ ცოცხალ ფერდინანდ II-ს. მალე ფერდინანდმა ხუანას ქორწინება შესთავაზა, იმ პირობით, რომ იგი კასტილიაზე კვლავ განაცხადებდა პრეტენზიას და დაეხმარებოდა მას თავისივე შვილის დამხობაში. ხუანამ ამ ქორწინებაზეც უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ხუანა თავის წერილებსა და დოკუმენტებზე ყოველთვის აწერდა ხელს როგორც „La Reina“ ანუ „დედოფალი“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იგი თავს გარდაცვალებამდე თვლიდა კანონიერ დედოფლად. ხუანა ლა ბელტრანეხა გარდაიცვალა 1530 წელს, 68 წლის ასაკში, რა დროსაც კასტილიაშიც და არაგონშიც უკვე ისაბელისა და ფერდინანდის შვილიშვილი მეფობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bury, John B. The Cambridge Medieval History, Volume 8. Macmillan, 1959.
  • González, Juan B.España Estratégica, guerra y diplomacia en la história de España. Madrid, Sílex ediciones, 2007. ISBN 978-8477371830
  • Hunt, Jocelyn. Spain 1474–1598. Routledge, 2013, ISBN 9781136759093. p. 5
  • Testimonial of the divorce ruling between Prince Henry and the infanta Blanche, included in Collection of unedited documents on the history of Spain, vol. XL, pages 444-450.