იზაბელ კოიმბრელი (პორტ. Isabel de Coimbra; დ. 1 მარტი, 1432, კოიმბრა, პორტუგალია — გ. 2 დეკემბერი, 1455, ევორა, პორტუგალია) — ავისთა დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის ვაჟის, კოიმბრას ჰერცოგ პედრუ ავისის ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალი 1447-1455 წლებში როგორც მეფე აფონსუ V-ის პირველი მეუღლე. პორტუგალიის მეფე ჟუან II-ის დედა

იზაბელ კოიმბრელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 მაისი, 1447
მმართ. დასასრული: 2 დეკემბერი, 1455
წინამორბედი: ელეანორ არაგონელი
მემკვიდრე: ხუანა ლა ბელტრანეხა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 მარტი, 1432
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 2 დეკემბერი, 1455, (23 წლის)
გარდ. ადგილი: ევორა, პორტუგალია
დაკრძ. ადგილი: ბატალიის მონასტერი, პორტუგალია
მეუღლე: აფონსუ V, პორტუგალიის მეფე
შვილები: ჟუანა, პორტუგალიის პრინცესა
ჟუან II, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ავისები
მამა: პედრუ, კოიმბრას ჰერცოგი
დედა: იზაბელა ურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იზაბელი დაიბადა 1432 წლის 1 მარტს, პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში. იგი იყო კოიმბრას ჰერცოგ პედრუ ავისისა და მისი ცოლის, იზაბელა ურგელის ქალიშვილი. მამამისი იყო თვით პორტუგალიის განსვენებული მეფე ჟუან I-ისა და მისი ცოლის, ინგლისელი პრინცესა ფილიპა ლანკასტერის ვაჟი.

იზაბელს მამის ხაზით, ბიძაშვილად ერგებოდა პორტუგალიის მეფე აფონსუ V, რომლის რეგენტიც 1439 წლიდან მოყოლებული იზაბელის მამა, ჰერცოგი დე კოიმბრა იყო. 1445 წელს მამის გავლენის წყალობით იგი მეფე აფონსუზე იქნა დანიშნული, რასაც გარკვეულწილად კონფლიქტი მოჰყვა მათ კიდევ ერთ ბიძაშვილთან, ბრაგანსას ჰერცოგთან, რომელსაც თავის მხრივ თვითონ სურდა იზაბელზე დაქორწინება. იზაბელი და აფონსუ V 1447 წლის 6 მაისს დაქორწინდნენ, ამის შემდეგ იგი პორტუგალიის დედოფალი გახდა. ქორწილის დღეს მეუღლემ ახალ დედოფალს რამდენიმე ქალაქი აჩუქა, როგორებიცაა სანტამერი, ალვაიასერე, სინტრა და ტორეს ვედრასი.

მათი ქორწინება საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა და წყვილს მალევე შეუყვარდა ერთმანეთი. 1448 წლიდან აფონსუმ იგი თავის უმაღლეს მრჩევლად დანიშნა. მალევე იზაბელის მამა გარდაიცვალა (იყო ეჭვები, რომ იგი მოკლეს), მისი ძმა კი გააძევეს. თუმცაღა იზაბელი მხოლოდ საკუთარი და თავისი ქმრის კეთილდღეობაზე ზრუნავდა, რის გამოც კოიმბრას საჰერცოგო მათ მფლობელობაში გადავიდა 1454 წლამდე, მანამ სანამ მისი ძმა დევნილობიდან არ დაბრუნდა. მიუხედავად ყველაფრისა იზაბელის ძმა სამეფო კარზე დიდი პატივით მიიღეს და და-ძმას არც არაფერი შეუმჩნევია. 1455 წლის 2 დეკემბერს, 23 წლის იზაბელი გარდაიცვალა, თუმცა ძალიან ბევრი მისი თანამედროვე და ახლანდელი ისტორიკოსი თვლის, რომ იგი მოწამლეს.

  1. ჟუანი (29 იანვარი, 1451), გარდაიცვალა დაბადებისას;
  2. ჟუანა (დ. 6 თებერვალი, 1452 — გ. 12 მაისი, 1490), პორტუგალიის პრინცესა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, 1693 წელს რომის პაპმა ინოკენტი XII-მ იგი წმინდანად შერაცხა;
  3. ჟუან II (დ. 3 მარტი, 1455 — 25 ოქტომბერი, 1495), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო ელეონორ ვიზეუელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, თუმცა იგი ტახტზე ვერ ავიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Edgar Prestage, Il Portogallo nel medioevo, in Cambridge University Press - Storia del mondo medievale, vol. VII, pp. 576–610, Garzanti, 1999.