ისაბელ პორტუგალიელი (1428-1496)

ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Isabel de Portugal; დ. 1428 — გ. 15 აგვისტო, 1496) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის ვაჟის, ინფანტ ჟუან პორტუგალიელისა და იზაბელა დე ბარსელოს ასული. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1447-54 წლებში როგორც ხუან II-ის მეორე მეუღლე. ესპანეთის გამაერთიანებელი დედოფლის, ისაბელ I კასტილიელის დედა.

ისაბელ პორტუგალიელი
კასტილიისა და ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 აგვისტო, 1447
მმართ. დასასრული: 22 ივლისი, 1454
წინამორბედი: მარია არაგონელი
მემკვიდრე: ჟუანა პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1428
გარდ. თარიღი: 15 აგვისტო, 1496, (67-68 წლის)
მეუღლე: ხუან II, კასტილიის მეფე
შვილები: ისაბელ I, ესპანეთის დედოფალი
ალფონსო, ასტურიის პრინცი
დინასტია: ავისები
მამა: ჟუანი, პორტუგალიის კონშტაბლი
დედა: იზაბელა დე ბარსელო
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები და წარმომავლობა

რედაქტირება

ისაბელი დაიბადა 1428 წელს პორტუგალიაში. იგი იყო პორტუგალიის კონშტაბლ ჟუანისა და მისი ცოლის, იზაბელა ბარსელოს შუათანა ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დედამისი მამამისისათვის ნახევარ-ძმის შვილი იყო. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია პორტუგალიის მეფე ჟუან I და მისი ცოლი, დედოფალი ფილიპა ლანკასტერი იყვნენ, რომელიც თავის მხრივ ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შვილიშვილი იყო.

ქორწინება

რედაქტირება

1447 წლის 17 აგვისტოს ისაბელი ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II-ს, რითაც იგი დედოფალი გახდა. ხუანისათვის ეს მეორე ქორწინება იყო, რადგან მისი პირველი ცოლი, დედოფალი მარია არაგონელი ნაადრევად გარდაიცვალა და მისგან მხოლოდ ერთი ვაჟი დარჩა, ენრიკე, რომელიც იმპოტენციით იტანჯებოდა. ენრიკე ნავარის დედოფალ ბლანკა II-ზე იყო დაქორწინებული, რომელთან სკანდალური განქორწინების შემდეგაც გასაჯაროვდა მისი იმპოტენციის შესახებ. სწორედ ამიტომ, სხვა მემკვიდრის გასაჩენად ხუანი მეორედ დაქორწინდა. ეს მას მისმა საუკეთესო მეგობარმა და მრჩეველმა — ალვარო დე ლუნამ ურჩია, რომელსაც მალევე შეუყვარდა ახალგაზრდა და ლამაზი ისაბელი. აღსანიშნავია, რომ ქორწინებისას ხუანი 42 წლის იყო, ისაბელი კი 19-ის.

კონფლიქტი დე ლუნასთან

რედაქტირება

ალვარო დე ლუნა წლების მანძილზე დომინირებდა მეფეზე და რაღათქმაუნდა ვარაუდობდა, რომ მისი მეორე ქორწინების შემდეგაც ასე იქნებოდა. დე ლუნამ მალევე სცადა ახალგაზრდა დედოფლის გაკონტროლება, რაც იმაში გამოიხატა, რომ დედოფლის საძინებლისკენ მიმავალი მეფე არაერთხელ გააბრუნა უკან. ისაბელი მალევე გადაემტერა მას და დაარწმუნა ხუანი, რომ დე ლუნა მისი ნდობით ბოროტად სარგებლობდა.

ისაბელს, როგორც დედოფალს თავიდან ნაკლები გავლენა ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1451 წელს გოგონა გააჩინა, მისი ძალაუფლება გაიზარდა, როგორც მემკვიდრის დედის. გოგონას ისაბელი დაარქვეს და ენრიკეს შემდეგ ტახტის მეორე მემკვიდრედ დაასახელეს. დე ლუნა შეაშინა დედოფლის გავლენების ზრდამ და მისი სამუდამოდ იზოლირება მოისურვა. არსებობდა ჭორები, რომ დე ლუნამ ისაბელის მოწამვლა სცადა, მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ ხუანის პირველი ცოლი, დედოფალი მარია არაგონელიც დე ლუნამ მოწამლა. ამის გამო, ისაბელმა თავის მთავარ მიზნად დე ლუნასგან განთავისუფლება დაისახა. 1453 წელს, კამათისას დე ლუნამ დიდგვაროვანი ალფონსო პერეირა სასახლის ფანჯრიდან გადააგდო და მოკლა. ისაბელმა ეს კარგად გამოიყენა და დაარწმუნა მეფე, რომელმაც მაშინვე გასცა ალვაროს დაპატიმრების ბრძანება. სუსტი ბუნების მქონე მეფე ხუანი ისე მოიქცა, როგორც ეს ცოლმა უკარნახა და ამავე წელს დე ლუნას თავი მოჰკვეთეს.

თავისი საუკეთესო მეგობრის სიკვდილით დასჯამ მეტად დაამძიმა მეფე ხუანის ჯანმრთელობა. 1453 წლის 15 ნოემბერს ისაბელმა ვაჟი გააჩინა, რომელსაც ალფონსო დაარქვეს. ამ ამბიდან ცხრა თვეში, 1454 წლის 20 ივლისს მეფე ხუან II გარდაიცვალა და ტახტზე ისაბელის გერი — ენრიკე IV ავიდა.

ქვრივობა

რედაქტირება
 
ტახტზე მჯდომი ისაბელ პორტუგალიელი თავის შვილებთან და მოახლეებთან ერთად

ტახტზე ასვლისთანავე, მეფე ენრიკე IV-მ თავისი დედინაცვალი, რომელიც მასზე სამი წლით უმცროსი იყო და მისი შვილები არევალოს ციხეში გამოკეტა. არევალოში დედოფალი ისაბელი და მისი შვილები მკაცრ რეჟიმში ცხოვრობდნენ. როგორც ცნობილია, შემოთავაზებების მიუხედავად, ისაბელს აღარასდროს უფიქრია მეორედ დაქორწინებაზე.

არევალოში ყოფნისას ისაბელი ღრმად ჩაეფლო მელანქოლიასა და პარანოიაში, რაც ჯერ კიდევ მისი ვაჟის დაბადებიდან დაეწყო. რაც დრო გადიოდა, იგი სულ უფრო დაუდევარი და უყურადღებო ხდებოდა. იგი თავის შვილებთან მხოლოდ 1461 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც ენრიკე IV-მ ისინი ერთმანეთს დააცილა. ენრიკემ ცოლად ისაბელის ბიძაშვილი, დედოფალი ჟუანა პორტუგალიელი შეირთო, რომელიც თავისი საყვარლის, გრაფი ბელტრანისაგან მალევე დაორსულდა. იმპოტენტობით გატანჯულმა მეფემ ცოლის ღალატი დააიგნორა და როგორც იქნა ნანატრი მემკვიდრე შეეძინა, მართალია გოგონა, თუმცა მაინც მემკვიდრე, რომელსაც ხუანა დაარქვა. პატარა გოგონას ნამდვილი მამის გამო ხალხმა ხუანა ლა ბელტრანეხა (ესპანურად: „ბელტრანის ასული“) შეარქვა. იმავდროულად, ისაბელის ფსიქიკური მდგომარეობა სერიოზულად შეირყა და ეჩვენებოდა რომ მის ოთახში დე ლუნას სული დადიოდა, რომელიც გამუდმებით მის სახელს იმეორებდა და ლანძღავდა მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისიც კი დაავიწყდა, ვინ იყვნენ მისი გარშემომყოფები, ხშირად საკუთარ იდენტობასაც ვერ იხსენებდა, რის გამოც აგრესიული ხდებოდა.

დედა-დედოფლობა და გარდაცვალება

რედაქტირება

ისაბელს მისი ქალიშვილი არასდროს სტუმრობდა, მისი ვაჟი ალფონსო კი 1468 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა 14 წლის ასაკში. ითვლება, რომ იგი ენრიკემ მოაწამვლინა, მაგრამ გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად შავი ჭირი დასახელდა. 1469 წელს მისი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს. 1474 წელს, როდესაც ენრიკე IV გარდაიცვალა, ტახტზე მისი ქალიშვილი ისაბელ I ავიდა, რომელსაც ომი გამოუცხადა ხუანა ლა ბელტრანეხამ, რომელიც ცოლად თავის ბიძას, პორტუგალიის აფონსუ V-ს გაჰყვა მოკავშირის შეძენის მიზნით, მაგრამ ისაბელმა ისინი დაამარცხა და გააძევა. ფერდინანდმა და ისაბელმა დარჩენილი ცხოვრება ესპანეთის გაერთიანებაზე დახარჯეს, ისაბელ პორტუგალიელი კი ვალიადოლიდის სამეფო სასახლეში გადაიყვანეს. მის პატივსაცემად დაარქვეს სახელი თავიანთ უფროს ასულ ისაბელს, რომელიც შემდგომში პორტუგალიის დედოფალი გახდა. ისაბელ პორტუგალიელი გარდაიცვალა 1496 წელს, 67-68 წლის ასაკში.

  1. ისაბელ I (1451-1504), კასტილიისა და ლეონის დედოფალი, ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს, რითაც ესპანეთი გაერთიანდა, მათ დააფინანსეს კოლუმბის მოგზაურობა და დააარსეს ესპანეთის კოლონიური იმპერია, დაასრულეს რეკონკისტა და ესპანეთიდან გააძევეს მუსულმანები და ებრაელები. მათი მრავალი შვილიდან აღსანიშნავია პორტუგალიის დედოფალი ისაბელ არაგონელი, ესპანეთის დედოფალი ხუანა I შეშლილი, პორტუგალიის დედოფალი მარია არაგონელი და ინგლისის დედოფალი კატალინა არაგონელი;
  2. ალფონსო (1453-1468), ასტურიის პრინცი, თავისი ნახევარ-ძმის, ენრიკე IV-ის ტახტის მემკვიდრე, გარდაიცვალა მოულოდნელად შავი ჭირით, დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Germán Bleiberg (Hrsg.): Diccionario de Historia de España. Desde sus orígenes hasta el fin del reinado de Alfonso XIII. Band 2. Revista de Occidente, Madrid 1952.
  • Francisco de Paula Cañas Gálvez: Las Casas de Isabel y Juana de Portugal, reinas de Castilla. Organización, dinámica institucional y prosopografía (1447–1496). In: Las relaciones Discretas ente las Monarquías Hispana y Portuguesa. Las Casas de las Reinas (siglos XV-XIX). Band 1. Polifemo, Madrid 2009, ISBN 978-84-96813-175, S. 9–231.
  • Philippe Erlanger. Isabella die Katholische. Katz, Gernsbach 1989, ISBN 3-925825-25-8.
  • M. A. Panzer: Das katholische Königspaar. In: Walther L. Bernecker (Hrsg.): Die spanischen Könige. 18 historische Porträts vom Mittelalter bis zur Gegenwart. Beck, München 1997, ISBN 3-406-42782-0.