ისაბელ არაგონელი (ესპ. Isabel de Aragón, პორტ. Isabel de Aragão), აგრეთვე ცნობილია როგორც წმინდა დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. A Reina Santa Isabel de Portugal; დ. 1271 — გ. 4 ივლისი, 1336) — ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე პედრო III-ისა და დედოფალ კონსტანცია სიცილიელის ასული. პორტუგალიის დედოფალი 1282-1325 წლებში როგორც დინიშ I-ის მეუღლე. მეფე აფონსუ IV-ის დედა. 1694 წელს პაპმა ინოკენტი XII-მ იგი წმინდანად შერაცხა.

ისაბელ არაგონელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 26 ივნისი, 1282
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1325
წინამორბედი: ბეატრის კასტილიელი
მემკვიდრე: ბეატრის კასტილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1271
დაბ. ადგილი: სარაგოსა, არაგონის სამეფო
გარდ. თარიღი: 4 ივლისი, 1336, (64-65 წლის)
გარდ. ადგილი: ეშტრემოში, პორტუგალიის სამეფო
მეუღლე: დინიშ I, პორტუგალიის მეფე
შვილები: კონსტანცა, კასტილიის დედოფალი
აფონსუ IV, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ბარსელონა
მამა: პედრო III, არაგონის მეფე
დედა: კონსტანცია სიცილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ისაბელი დაიბაად 1271 წელს სარაგოსაში. იგი იყო არაგონის მეფე პედრო III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კონსტანცია სიცილიელის ასული. მისი ძმები იყვნენ არაგონის მეფე ალფონსო II, არაგონის მეფე ხაიმე II და სიცილიის მეფე ფედერიკო III.

ინფანტა ისაბელმა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გამოავლინა თავისი დიდი ენთუზიაზმი რწმენისადმი. იგი ყოველთვის იცავდა მარხვას, ყოველდღე ესწრებოდა მესას და ქველმოქმედებასაც ეწეოდა.

ქორწინება და დედოფლობა

რედაქტირება
 
მეფე დინიშ I და დედოფალი ისაბელ არაგონელი

1281 წელს, 10 წლის ისაბელი დააქორწინეს ინფანტ დინიშ პორტუგალიელზე. მათი ქორწინება მხოლოდ 1288 წელს აღინიშნა, როცა დინიში 26 წლის გახდა, ისაბელი კი 17-ის. ქორწინებიდან სულ ერთ წელიწადში, 1282 წელს მეფე აფონსუ III გარდაიცვალა და პორტუგალიის მეფე დინიშ I გახდა, ისაბელი კი დედოფლად გვევლინება. აღსანიშნავია, რომ წყვილს ბედნიერი ქორწინება ჰქონდა. დინიში კარგ მონარქთან ერთად პოეტიც იყო, რაც ისაბელს ძალიან მოსწონდა. იგი ასევე დაინტერესებული იყო დაბალი ფენების ცხოვრებით, რის გამოც პორტუგალიელებმა მას Rei Lavrador, ანუ ფერმერი მეფე შეარქვეს.

დედოფალი ისაბელი ჩუმად განაგრძობდა თავისი ახალგაზრდობისას ჩვეულ რელიგიურ რიტუალებსა და ღარიბებისა და ავადმყოფების დახმარებას. მისი ეს ქმედებები იმ პერიოდში ბევრი ადამიანისთვის განსჯის საგანი გახდა. საბოლოოდ, მისმა ლოცვამ და მოთმინებამ შეძლო დინიშის შეცვლა, რომელიც მანამდე „ცოდვილ“ ცხოვრებას ეწეოდა.

 
ორი პარტიის მებრძოლთა შორის ჩამდგარი დედოფალი ისაბელი, 1323 წელი.

ისაბელი აქტიურად ინტერესდებოდა პორტუგალიის პოლიტიკით. 1297 წელს, დედოფალმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ალკანიცეს ხელშეკრულების დადებისას, სადაც ხელი დინიშმა და კასტილიის მეფე სანჩო IV-მ მოაწერეს, რამაც კასტილია-პორტუგალიის საზღვრები საბოლოოდ დაადგინა. 1304 წელს, ისაბელი და დინიში ესპანეთში დაბრუნდნენ, რათა გაესაჩივრებინათ კასტილიის მეფე ფერდინანდ IV-ისა და არაგონის მეფე ხაიმე II-ის (ისაბელის ძმა) არბიტრაჟი.

1322 წელს პორტუგალიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ომი ისაბელის ქმარსა და ვაჟს, ინფანტ ალფონსოს შორის მიმდინარეობდა, რა დროსაც დედოფალი ისაბელი მთავარ შუამავლად იქცა. აფონსუ მოითხოვდა დინიშის არალეგიტიმური ვაჟის, ინფანტი სანშუსათვის მემკვიდრეობის რიგიდან ამოგდებასა და გადასახლებას, რაზეც დინიში უარს აცხადებდა. როგორც ცნობილია, დინიშნა აფონსუს მოკვლაც კი მოინდომა, თუმცა დედოფალი მათ შუაში ჩადგა და არ დაუშვა ამ ტრაგედიის მოხდენა. ქვეყანაში მშვიდობა საბოლოოდ 1324 წელს აღსდგა, როდესაც სანშუ პორტუგალიიდან გადაასახლეს, აფონსუმ კი ერთგულება შეჰფიცა მამას.

ქვრივი დედოფალი

რედაქტირება
 
დედოფალი ისაბელი ფეხებს ჰბანს გლახაკებს

სამოქალაქო ომის დასრულებიდან მალევე, 1325 წელს დინიშ I გარდაიცვალა და მეფე ისაბელის ვაჟი — აფონსუ IV გახდა. ამ დროს მან მთელი თავისი ქონება სანტა კლარა-ველას მონასტერს შესწირა, რომელიც ჯერ კიდევ 1314 წელს თვითონ დააარსა კოიმბრაში. იგი შეუერთდა წმ. ფრანსისკეს ორდენს და მთელი დარჩენილი ცხოვრება ღარიბებისა და ავადმყოფების დახმარებას დაუთმო. როგორც ცნობილია, 1293 წელს, დიდი შიმშილობისას მან სამეფო სასახლის სარდაფებიდან ამოატანინათ დიდძალი ფქვილი და კოიმბრაში დაარიგებინათ. იგი იმითაც იყო ცნობილი, რომ ყოველთვის ძალიან უბრალოდ ეცვა და ძალზედ თავმდაბლურად საუბრობდა. იგი ხშირად სტუმრობდა ობოლთა და ქვრივთა თავშესაფარს და საჩუქრებს არიგებდა. ისაბელმა დააარსა კოიმბრას, ლეირიასა და სანტარემის საავადმყოფოები. იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა. 1336 წელს ისაბელმა ძლივს შეაჩერა თავისი ვაჟი აფონსუ IV, რომელიც დიდი ჯარებით მიემართებოდა კასტილიის მეფე ალფონსო XI-ის წინააღმდეგ, რომელიც მისი დის, დედოფალ კონსტანცა პორტუგალიელის ვაჟი იყო. თავიდან მას შვილმა არ დაუჯერა და თავისი ჯარებით მაინც დაიძრა კასტილიისკენ, თუმცა ეშტრემოშის ველზე, სადაც ორი მეფის ჯარები ერთმანეთს უნდა შეხვედროდა ისაბელი სასწრაფოდ ჩავიდა და ორი დიდი არმიის შუაში ჩადგა. მეფეებმა ჯარების დაძვრა ვერ გაბედეს, რითაც ისაბელმა კვლავ შეაჩერა ბრძოლა და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების შედეგად აფოსნუ IV ბეატრის კასტილიელზე დაქორწინდა, ხოლო ალფონსო XI-მ ცოლად აფონსუს ასული, მარია პორტუგალიელი შეირთო. საქმის მოგვარებისთანავე, დედოფალს ციებ-ცხელება შეეყარა და ჩალოგინდა. ამავე წლის 4 ივლისს, იგი ეშტრემოშში გარდაიცვალა, 64-65 წლის ასაკში. დავის ეფექტურად გადაჭრის გამო, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოიპოვა „მშვიდობისმყოფლის“ წოდება.

 
წმინდა დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის ხატი

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციისამებრ მეფე და დედოფალი ერთად უნდა დაკრძალულიყვნენ და დინიში ოდიველაში იყო დაკრძალული, ისაბელი მისი სურვილის გამო კოიმბრაში დაკრძალეს, მის მიერ დაარსებულ სანტა კლარას მონასტერში. XVII საუკუნეში მომხდარი დიდი წყალდიდობის გამო, ადგილობრივმა გლეხებმა დედოფლის ნეშტი გაადაარჩინეს და სანტა კლარა-ა-ნოვაში გადაასვენეს და აქ დიდი პატივით დაკრძალეს. წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნეშტი მთავარ სამლოცველოში გადაასვენეს, სადაც იგი ოქრო-ვერცხლის სარკოფაგში ჩაასვენეს.

ბეატიფიკაცია

რედაქტირება

ისაბელის წმინდანად შერაცხვა ჯერ კიდევ 1526 წელს გადაწყვიტა რომის პაპმა კლემენტ VII-მ, მაგრამ რეფორმაციული ტალღების გამო ამისათვის ვერ მოიცალა. ამ საქმეს პაპები ერთი საუკუნის შემდეგ კვლავ მიუბრუნდნენ და 1625 წლის 25 მაისს, რომის პაპმა ურბან VIII-მ მოახდინა ისაბელის ბეატიფიკაცია. ურბან VIII-მ მისი ხსენების დღედ მისივე გარდაცვალების თარიღი, ანუ 4 ივლისი დაასახელა. 1694 წელს, პაპმა ინოკენტი XII-მ ჩასწორება შეიტანა და მისი ხსენების დღედ 8 ივლისი გამოაცხადა, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ემთხვეოდა წმინდა მოციქულ პეტრესა და პავლეს დღესასწაულს. 1955 წელს, პაპმა პიუს XII-მ გააუქმა ეს ჩასწორება და მისი ხსენების დღედ ისევ 4 ივლისი გამოაცხადა. 1819 წლიდან მოყოლებული, წმინდა ისაბელი ითვლება სან კრისტობალ დე ლა ლაგუნას ეპარქიისა და ეკლესიის მფარველად. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კათოლიკეები მისი ხსენების დღეს 5 ივლისს აღნიშნავენ, რადგან 4 ივლისი ამ ერის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.

  1. კონსტანცა (დ. 3 იანვარი, 1290 — გ. 18 ნოემბერი, 1313), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ფერდინანდ IV-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: არაგონის დედოფალი ელეანორა და კასტილიის მეფე ალფონსო XI;
  2. აფონსუ IV (დ. 8 თებერვალი, 1291 — გ. 28 მაისი, 1357), პორტუგალიის მეფე 1325-57 წლებში, ცოლად შეირთო ბეატრის კასტილიელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: კასტილიისა და ლეონის დედოფალი მარია პორტუგალიელი, პორტუგალიის მეფე პედრუ I და არაგონის დედოფალი ელეანორა პორტუგალიელი;

კულტურული ასახვა

რედაქტირება

1947 წელს, ესპანელებმა ისაბელის ცხოვრებაზე გადაიღეს ფილმი, სახელად „წმინდა დედოფალი“, სადაც მისი როლი მარუჩი ფრენსომ ითამაშა. რენესანსულ პერიოდში, ისაბელმა ფართო ასახვა ჰპოვა პორტუგალიელი მხატვრების წყალობით, რომლებმაც მისი ცხოვრების თემატიკაზე უამრავი ტილო შექმნეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • This article incorporates text from a publication now in the public domain: Herbermann, Charles, ed. (1913). "St. Elizabeth of Portugal" . Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton.
  • "Saint Elizabeth, Queen of Portugal", Butler's Lives of the Saints
  • Ferreira, João (2010). Histórias Rocambolescas da História de Portugal [Fantastic Stories of the History of Portugal] (in Portuguese) (6 ed.). Lisbon, Portugal: A Esfera dos Livros. ISBN 978-989-626-216-7.
  • Hoever, Hugo H., ed. (1955). Lives of the Saints, For Every Day of the Year. New York, New York: Catholic Book Publishing Co. p. 511. OCLC 10070602.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). "Isabel de Aragão (1270–1336). A Rainha Santa". Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História [Medieval Queens of Portugal: Seventeen women, two dynasties, four centuries of history] (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.
  • Kristó, Gyula; Makk, Ferenc (1996). Az Árpád-ház uralkodói [Rulers of the House of Árpád] (in Hungarian). I.P.C. Könyvek. ISBN 963-7930-97-3. Appendix 4
  • Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy. Princeton: Princeton University Press. p. 462. ISBN 0691052166.