ისაბელა არაგონელი (1470-1498)
ისაბელა არაგონელი (ესპ. Isabella de Aragón, პორტ. Isabel de Aragão; დ. 2 ოქტომბერი, 1470 — გ. 23 აგვისტო, 1498) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ისაბელ I კასტილიელისა და ფერდინანდ II არაგონელის უფროსი ქალიშვილი. ასტურიის პრინცესა 1476-1478 და 1497-98 წლებში. პორტუგალიისა და ალგარვის დედოფალი 1497-98 წლებში, როგორც მანუელ I-ის პირველი მეუღლე. მისი უმცროსი და-ძმები იყვნენ ესპანეთის დედოფალი ხუანა I, პორტუგალიის დედოფალი მარია, ინგლისის დედოფალი კატალინა და ასტურიის პრინცი ხუანი.
ისაბელა არაგონელი | |
---|---|
Isabella de Aragón | |
პორტუგალიისა და ალგარვის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 სექტემბერი, 1497 |
მმართ. დასასრული: | 23 აგვისტო, 1498 |
წინამორბედი: | ელეანორ ვიზეუელი |
მემკვიდრე: | მარია არაგონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ოქტომბერი, 1470 |
დაბ. ადგილი: | პალენსია, კასტილიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 23 აგვისტო, 1498, (27 წლის) |
გარდ. ადგილი: | სარაგოსა, არაგონის სამეფო |
დაკრძ. ადგილი: | ტოლედო, ესპანეთი |
მეუღლე: |
აფონსუ, პორტუგალიის პრინცი მანუელ I, პორტუგალიის მეფე |
შვილები: | მიგელი, პორტუგალიის პრინცი |
დინასტია: | ტრასტამარები |
მამა: | ფერდინანდ II, არაგონის მეფე |
დედა: | ისაბელ I, კასტილიის დედოფალი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაისაბელა დაიბადა 1470 წლის 2 ოქტომბერს, კასტილიის ქალაქ პალენსიაში. იგი იყო არაგონის, მაიორკის, ვალენსიის, სიცილიისა და სარდინიის მეფე ფერდინანდ II არაგონელისა და მისი მეუღლის, დედოფალ ისაბელ კასტილიელის პირველი შვილი. იგი ჯერ კიდევ მაშინ დაიბადა, როდესაც კასტილიის მეფე ბიძამისი ენრიკე IV იყო. 1474 წელს მეფე ენრიკე უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ტახტი მის დას, ისაბელ I კასტილიელს დარჩა. ამის შემდეგ ისაბელა არაგონისა და კასტილიის ტახტის მემკვიდრე, ანუ ასტურიის პრინცესა გახდა.
ვინაიდან მეფე ენრიკეს გარდაცვალებისას თავად არ დაუსახელებია მისი მემკვიდრის ვინაობა, ისაბელ I-ს თავიდან ტახტისათვის ბრძოლა მოუწია. მას ომი გამოუცხადა პორტუგალიის დედოფალმა ხუანა დე ბელტრანეხამ, რომელიც ენრიკეს საყვარლისგან ჰყავდა და უკანონო შვილად ითვლებოდა. საყვარლებთან გაჩენილ შვილებს ტახტზე არასოდეს არ ჰქონდათ უფლება, ამიტომაც ყველანაირი უპირატესობა ისაბელ I-ის მხარეს იყო, რის გამოც შეძლო ტახტის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა ხუანას პორტუგალიელები უჭერდნენ მხარს, რამაც შემდგომში კასტილია-პორტუგალიის ომის დაწყება გამოიწვია.
ისაბელას მთელი ცხოვრება საშინლად ახსოვდა პორტუგალიასთან ომის პერიოდი. მისი მშობლები პორტუგალიაში იბრძოდნენ, თავად ის კი სეგოვიაში ჰერცოგ ანდრეა დე კაბერასა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ბეატრის დე ბობადილას კონტოლქვეშ იყო დატოვებული. ამ პერიოდს დაემთხვა უკმაყოფილო სეგოვიელების აჯანყება ანდრეას წინააღმდეგ, რომელმაც ის ჩამოაგდეს, პრინცესა ისაბელა კი კოშკში გამოკეტეს. იგი მანამდე იყო ასე სანამ მისი მშობლები პორტუგალიიდან არ დაბრუნდნენ.
ომი 1479 წელს დამთავრდა ალკასოვას ხელშეკრულებით, იმ პირობით, რომ პრინცესა ისაბელა ცოლად უნდა გაჰყოლოდა პორტუგალიის პრინც აფონსუ ავისს. ამ დროს აფონსუც და ისაბელაც სულ ცხრა წლისანი იყვნენ. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა, რომ ისაბელ I-სა და ფერდინანდ II-ს მისთვის დიდძალი თანხა უნდა გადაეხადათ და ასევე ისაბელა მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე პორტუგალიაში უნდა დარჩენილიყო. 1480 წელს ათი წლის აფონსუ და ისაბელა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა ქორწინება კიდევ სამი წელი ვერ შედგებოდა, ვინაიდან სიძეც და საპატარძლოც არასრულწლოვნები იყვნენ, სრულწლოვნების ასაკად კი 13 წელი იყო აღიარებული.
ისაბელამ ადრეული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მშობლებთან ერთად ბრძოლაში გაატარა, რომლებიც სამხრეთ ესპანეთში მუსულმანებს ებრძოდნენ და აძევებდნენ პირენეს ნახევარხუნძულიდან.
ქორწინებები
რედაქტირებაისაბელას საქმრო იყო პორტუგალიის მეფე ჟუან II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეანორ ვიზეუელის ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე. 1490 წლის გაზაფხულზე ქალაქ სევილიაში აფონსუ პორტუგალიელი და ისაბელა არაგონელი დაქორწინდნენ. იმავე წლის 19 ნოემბერს წყვილი ბადახოსში ჩავიდა, სადაც აფონსუს ბიძა, ჰერცოგი მანუელ ავისი (მომავალში მეფე მანუელ I) დახვდათ. 22 ნოემბერს აფონსუ და ისაბელა ელვასში ჩავიდნენ, მეორე დღეს კი ისაბელა თავის დედამთილს, დედოფალ ელეანორ ვიზეუელს შეხვდა. სწორედ აქ აღინიშნა მათი ქორწინება, რომელიც ადრე სევილიაში უკვე აღნიშნეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება მხოლოდ პოლიტიკური საქმე იყო და სამშვიდობო ხელშეკრულების გამო შედგა, აფონსუსა და ისაბელას მალევე ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი. პორტუგალიის სამეფო კარზე ისაბელამ მალევე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. მან სამეფო ოჯახს თავი თავისი განათლებითა და პორტუგალიური ტრადიციების ზუსტი ცოდნით მოაწონა. ისაბელას ბედნიერი პორტუგალიური ცხოვრება მალევე, 1491 წელს დასრულდა, როდესაც პრინცი აფონსუ მგზავრობისას ეტლში მოკლეს. გამწარებულმა ისაბელამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პორტუგალიელებმა ღმერთი განარისხეს, როდესაც მათ ესპანეთიდან გაძევებული იუდეველები შეიფარეს, ღმერთმა კი ისინი ამგვარად დასაჯა.
მისი მშობლების თხოვნით პორტუგალიელებმა ისაბელა ესპანეთში დააბრუნეს. შიმშილისა და დაშინებების შემდეგ ისაბელამ თქვა, რომ იმას გააკეთებდა, რასაც მოისურვებდა. მან განაცხადა, რომ სურდა დარჩენილი ცხოვრება აფონსუ ეგლოვა და მეორედ გათხოვება აღარ სურდა. წლების მანძილზე ისაბელას ქორწინებაზე აღარაფერი ისმოდა. 1495 წელს ჟუან II გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ბიძაშვილი მანუელ I ავიდა, რომელმაც ისაბელას ხელი ითხოვა. ფერდინანდი და ისაბელი ცდილობდნენ თავიანთი ქალიშვილის თხოვნას პატივს სცემდნენ, რის გამოც მათ მანუელს მათ კიდევ ერთ ქალიშვილზე, პრინცესა მარია არაგონელზე დაქორწინება შესთავაზეს, თუმცა მანუელმა უარი თქვა. სამეფო ოჯახი ჩიხში აღმოჩნდა, რის გამოც ისაბელა ცოლობაზე დასთანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ მანუელი ყველა ებრაელს გააძევებდა პორტუგალიის მიწიდან. მანუელი საცოლის ულტიმატუმს დასთანხმდა და ისინი 1497 წელს დაქორწინდნენ, რითაც ისაბელა პორტუგალიის დედოფალი გახდა.
არაგონისა და კასტილიის ტახტის მემკვიდრე, გარდაცვალება და შემდეგ
რედაქტირებაიმ წელსვე, როდესაც ისაბელა პორტუგალიის დედოფალი გახდა, გარდაიცვალა მისი ძმა, ასტურიის პრინცი ხუანი, რის შედეგაც, ისაბელა, როგორც უფროსი ქალიშვილი კასტილიისა და არაგონის ტახტის მემკვიდრე გახდა. ისაბელას უმცროსმა დამ ხუანამ და მისმა ქმარმა, ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპემ ესპანეთის ტახტზე პრეტენზია განაცხადეს, რაზეც ისაბელამაც და ფერდინანდმაც უარი თქვეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისაბელა უშვილოდ დაიღუპებოდა მათ მემვკიდრეებად ხუანა და ფილიპე ცხადდებოდნენ. ვინადიან ესპანურ სამეფოებში სალის კანონი არ მოქმედებდა, ისაბელა მალევე სცნეს კასტილიისა და არაგონის ტახტის მემკვიდრედ.
იმისათვის, რომ იგი არაგონის მომავალ დედოფლად ეცნოთ, აუცილებლად უნდა ჩასულიყო არაგონის დედაქალაქ სარაგოსაში, რა დროსაც იგი ორსულად იყო. სწორედ აქ, 1498 წლის 23 აგვისტოს ისაბელამ თავისი ერთადერთი ვაჟი მიგელი გააჩინა. მას მგზავრობის გამო მშობიარობა ძალიან გაურთულდა და ბავშვის გაჩენიდან ერთ საათში, 27 წლის ისაბელა გარდაიცვალა. მისი ვაჟი პორტუგალიის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა, თუმცა ისიც მალევე დაიღუპა და მანუელმა ცოლად ისაბელას და, პრინცესა მარია არაგონელი შეირთო. ესპანეთის ტახტზე კი ხუანა I და ფილიპე I ავიდნენ. მათმა ვაჟმა კარლ I-მა კი ცოლად მარიას და მანუელას ქალიშვილი ისაბელ პორტუგალიელი შეირთო. ისაბელისა და კარლის ვაჟი, ფილიპე II კი 1580 წელს პორტუგალიისა და ესპანეთის მეფე გახდა, რითაც შეიქმნა იბერიის უნია.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Downey, Kirsten (2014). Isabella: the Warrior Queen. New York: Nan A. Talese/Doubleday.
- Fernández Álvarez, Manuel (2003). Isabel la Católica (in Spanish). Madrid: Espasa-Calpe, S.A. ISBN 84-670-1260-9.
- Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros.