კარლ IV ნავარელი (ესპ. Carlos IV de Navarra; დ. 29 მაისი, 1421 — გ. 23 სექტემბერი, 1461) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ხუან II-ისა და ნავარის დედოფალ ბლანკა I-ის უფროსი ვაჟი. ნავარის მეფე 1441-61 წლებში.

კარლ IV
ნავარის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1441
მმართ. დასასრული: 23 სექტემბერი, 1461
წინამორბედი: ბლანკა I
მემკვიდრე: ბლანკა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 მაისი, 1421
დაბ. ადგილი: ვალიადოლიდი, კასტილიის სამეფო
გარდ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1461, (40 წლის)
გარდ. ადგილი: ბარსელონა, არაგონის სამეფო
მეუღლე: აგნესა კლეველი
(ქ. 1439 - გარდ. 1448)
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ხუან II, არაგონის მეფე
დედა: ბლანკა I, ნავარის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლი დაიბადა 1421 წლის 29 მაისს ვალიადოლიდში. იგი იყო არაგონის მეფე ხუან II-ისა და ნავარის დედოფალ ბლანკა I-ის უფროსი ვაჟი. მას ორი უმცროსი და ჰყავდა, რომელთაც დიდი პრეტენზიები ჰქონდათ ნავარის ტახტზე. 1425 წლიდან მოყოლებული, იგი დედის თანამმართველი იყო.

1439 წლის 30 სექტემბერს კარლი დააქორწინეს კლევის ჰერცოგ ადოლფ I-ისა და ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ის ქალიშვილ მარი ბურგუნდიელის ასულ აგნესაზე. 1441 წელს დედოფალი ბლანკა I გარდაიცვალა და ნავარის მეფედ კარლ IV გვევლინება. მისი მეუღლე, დედოფალი აგნესა კლეველი 1448 წლის 6 აპრილს უშვილოდ აღესრულა 26 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მართალია მეფემ უარი თქვა ახალი ცოლის შერთვაზე, თუმცა უამრავი საყვარელი გაიჩინა. მიუხედავად ამისა, 1449 წელს იგი შეეცადა შოტლანდიის მეფის ასულ იზაბელა სტიუარტზე დაქორწინებულიყო, თუმცა იგი ბრეტანის ჰერცოგს მისთხოვდა. კარლის ერთ-ერთ საცოლედ ასევე მოიაზრებოდა პორტუგალიის მეფე დუარტე I-ის ასული კატარინა პორტუგალიელიც, რომელიც ნავარისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. საბოლოოდ, სხვადასხვა საყვარლისგან მეფე კარლს სამი უკანონო შვილი დარჩა:

  1. ანა, მედინასელის გრაფინია;
  2. ფილიპე, პალერმოს არქიეპისკოპოსი;
  3. ჟანი, უესკას ეპისკოპოსი;

1447 წლიდან იწყება სამოქალაქო ომი ნავარის ტახტისთვის, სადაც კარლის წინააღმდეგ მისი და, კასტილიის მეფის რძალი ბლანკა ნავარელი იბრძოდა. 1452 წელს, კარლ IV ბრძოლისას ტყვედ ჩაიგდო კასტილიის მეფე ხუან II-მ. ამავდროულად სამოქალაქო ომი იწყება კასტილიაშიც, სადაც ერთმანეთს ტახტში ხუან II-ის ვაჟი ენრიკე და მისი ნახევარ-და-ძმა ალფონსო და ისაბელი ეცილებოდნენ. კასტილიის მეფეს ნავარისთვის აღარ ეცალა, ამიტომაც კარლ IV გაათავისუფლა. ამავდროულად, 1453 წელს ბლანკა ნავარელი ქმარს გაეყარა და სამშობლოში დაბრუნდა, რითაც ბრძოლა უფრო გამძაფრდა. 1459 წელს კარლმა უარი განაცხადა მამასთან შერიგებაზე და ტახტისათვის მებრძოლ ისაბელ კასტილიელზე ქორწინება განიზრახა. იგი უკვე კასტილიის საზღვართან იყო, როცა მამამისის, არაგონის მეფე ხუან II-ის ბრძანებით დააპატიმრეს. მამამისს სურდა, რომ ისაბელი მის მეორე ვაჟზე, ფერდინანდ არაგონელზე დაქორწინებულიყო. საბოლოოდ მან გაათავისუფლა კარლი, თუმცა გაშვების წინ არაგონის ტახტზე ყველანაირი უფლება ჩამოართვა.

განთავისუფლებიდან მალევე, 1461 წლის 23 სექტემბერს, ბარსელონაში ყოფნისას კარლ IV 40 წლის ასაკში გარდაიცვალა და ტახტზე მისი და ბლანკა II ავიდა, ისაბელ კასტილიელი კი მართლაც ფერდინანდ არაგონელზე დაქორწინდა, რაც გახდა საფუძველი გაერთიანებული ესპანური იმპერიისა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza. 2. Lisboa Occidental. p. 497.
  • Wikisource Chisholm, Hugh, ed. (1911). "John I of Castile" . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Louda, Jirí; MacLagan, Michael (1999), Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.), London: Little, Brown and Company