ალექსანდრე I (კახეთის მეფე)

კახეთის მეფე
ტერმინს „ალექსანდრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალექსანდრე.

ალექსანდრე I (დაახლოებით დ. 1454-1456 — გ. 1511) — კახეთის მეფე 1476–1511 წლებში, მეფე გიორგი VIII-ის ძე.

ალექსანდრე I
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1476
მმართ. დასასრული: 1511
წინამორბედი: გიორგი I
მემკვიდრე: გიორგი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1454
გარდ. თარიღი: 1511
მეუღლე: 1. ანა ჩოლოყაშვილი
2. თინათინი
შვილები: 1. გიორგი II
2. დიმიტრი
3. მარიამი
4. ეკატერინე
5. სოფიო
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი I
დედა: ნესტან დარეჯანი

ცხოვრება და მოღვაწეობა რედაქტირება

მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას — ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

1477 წელს ქართლში უზუნ-ჰასანის შემოსევის დროს, თურქმანთა ბრძოლებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც (1501) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. 1483 და 1491 ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს. 1490 წელს, მას შემდეგ რაც ქართლის სამეფოს დარბაზმა ურჩია კონსტანტინე II-ს დროებით ხელი აეღო საქართველოს გაერთიანებაზე, ალექსანდრე I-მა ზავი დადო ქართლის მეფესთან. ვახუშტის მიხედვით, ამავე დროს მომხდარა სამეფოებს შორის საზღვრების დადგენაც.

კახეთის სამეფოს საგარეო საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა, თუმცა სამაგიეროდ მეფესა და მის უფოს ვაჟს, გიორგის შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. 1511 წელს გიორგიმ მოკლა ალექსანდრე და თავი მეფედ გამოაცხადა.

გაერთიანებული საქართველოს სამეფოს უკანასკნელი მეფის გიორგის ძის ალექსანდრე მეფის ასულები: მარიამი, ეკატერინე და სოფიო დაკრძალული იყო დარიის მონასტერში[1].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.), თბ., 1956;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
  • Алексидзе Л., Древнейший документ грузино-русских дипломатических отношений, წგნ.: Советский ежегодник мецдународного права, М., 1962
  • ასათიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 291-292.
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - საქართველოს მეფეები, 2007 წ.

სქოლიო რედაქტირება

წინამორბედი:
გიორგი I
კახეთის მეფე
1476 - 1511
შემდეგი:
გიორგი II