ავლაბრის ფერისცვალების ეკლესია

ავლაბრის ფერისცვალების ეკლესია, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი, დარიის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი თბილისში, ავლაბარში, ურბნისის ქუჩის №1-ში.

ისტორია რედაქტირება

წმინდა ფერისცვალების ეკლესია მეფე ერეკლე მეორის მეუღლემ, დარეჯან დედოფალმა ააშენა, როგორც მის მიერვე აგებული სასახლის — „საჩინოს“ კარის ეკლესია. სასახლის კომპლექსში შედიოდა, ასევე, მისი საცხოვრებელი და სხვადასხვა დამხმარე სათავსები. ეკლესია აგებულია 1770-ან წლებში დარეჯან დედოფლის მიერ შემოზღუდულ ციხე-სიმაგრის კედლებზე, რომლის კოშკები, ბურჯები და კედლები ამოყვანილია რიყის ქვისა და ქართული აგურის შერეული წყობით.

ეგნატე იოსელიანის კატალოგში ვკითხულობთ: „ავლაბარშივე არის ეკკლესია ზედა წმინდათა მოწამეთა ირაკლი და დარიასათა მეცხრესა, ით-სა ზედა დღეთა მარტის თთვისა, აღშენებული ნებითა და წარსაგებლითა მეფის ირაკლი მეორის მეუღლისა დედოფლისა დარიასითა წელსა 1789-სა, ვინადგან სახელებითა ამით იწოდებოდნენ თვთ აქა ხსენებულნი მეფე და დედოფალი, და ამას ეკკლესიასა შინა ასვენიან მრავალნი წმინდათა ნაწილნი და პინაკიცა იგი, რომელიცა დაიდგომოდა წინაშე უფლისა იესოსსა გარდმოტანილი ქუაბათხევის მონასტრით, და ყოვლადუსამღუდელოსმან მიტროპოლიტმან ექზარხოსმან საქართველოისამან იონამან მეორედ კურთხევათა მისითა შესცუალა ესე ტაძრად ფერისცუალებისა წელსა N. ესე არს მონასტერად დადებული, და არიან ამასა შინა მონოზონნი მემხოლოენი“.

1795 წელს აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია და სასახლე დაზიანდა, მაგრამ მალე აღადგინეს. საქართველოს ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა თეოფილაქტემ აქ დააარსა სამრევლო სასწავლებელი და სასულიერო პირთა ბავშვებისათვის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სემინარია. პლატონ იოსელიანის ცნობით, საქართველოს ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა იონამ წმინდათა ერეკლესა და დარიას ეკლესია ფერისცვალების ეკლესიის სახელზე აკურთხა 1822 წელს.

მოსე ჯანაშვილი მოგვითხრობს: „წმინდა ირაკლისა და დარიას მონასტერი მეტეხის გორაზედ. ეს სასახლე მისის ეკლესიითურთ შეიძინა ექზარხოსმა თეოფილაქტემ და გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები. იონა მიტროპოლიტმა 1824 წლის 29 ოქტომბერს ტაძარია კურთხა მაცხოვრის ფერიცვალების მონასტრად… (დარეჯანი) აქვე სცხოვრობდა შემდეგ ერეკლეს გარდაცვალებისა 1803 წლამდის. ხოლო ამ წელიწადს იგი გადაასახლეს რუსეთს, სადაც აღესრულა 8 ნოემბ. 1807 წ. ეს სასახლე მისის ეკლესიითურთ შეიძინა ექსარხოსმა თეოფილაქემ და აქ გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები. იონა მიტროპოლიტმა (1824წ. 29ოქტ. ) ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერიცვალების მონასტრად. მონასტრის უმთავრეს ტაძარში ჰმარხიან: ეპისკოპოსი გორისა ნიკიფორე ჯორჯაძე (1851წ. ), მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (1829წ. ), რომელსაც 1815 წლიდან ებარა სამწყსო თელავისა და კავკასიისა, არქიმ. ევგენი (1832წ. ), რექტორი სემინარიისა.“

საქართველოს გასაბჭოებისა და მოქალაქეების სტიქიურად შესახლების შემდეგ კომპლექსი არაერთხელ გადაკეთდა, დაემატა მინაშენები. 1970 წლებში დაიწყო საჩინოდან მობინადრეთა გასახლება. ეკლესიაში განთავსებული იყო 26 კომისრის მუზეუმი, შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი.

ძეგლის აღწერა რედაქტირება

ეკლესია აგურისა და ქვის შერეული წყობით არის ნაგები. ის დარბაზული ტიპისაა, გადახურულია კამარით, რომელსაც შუაზე საბჯენი თაღი აქვს. ორქანობიანი სახურავი დაბურულია კრამიტით. საკურთხევლის აფსიდი გარედან ნახევარწრიულად არის შვერილი. ფასადებზე აგურის წყობაში გამოყვანილია ჯვრების და რომბების ვერტიკალური მწკვრივები. შენობაში გამოყენებულია ირანული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტები — დაბალი შეისრული თაღები, აგურის კბილანებიანი წყობის ტიმპანები. XIX საუკუნეში მიაშენეს უყელო გუმბათით გადახურული, სივრცესთან ფართო თაღით დაკავშირებული კარიბჭე, რომელსაც კლასიცისტური ყაიდის შპილიანი სამრეკლო ადგას.

ეკლესიის ინტერიერის მოხატულობა XIX საუკუნის II ნახევრით თარიღდება და ანტონ და დავით გეგელიძეთა მიერ არის შესრულებული. საკურთხევლის აფსიდი 2001 წელს თავიდან მოიხატა.

მონასტრის ტერიტორიაზე 1999 წლიდან არქიტექტორების თეიმურაზ ბერიძისა და ზაზა ციციშვილის პროექტის მიხედვით ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. მოიხსნა შელესილობა და აღდგა აგურის კედლების თავდაპირველი წყობა. მოიხსნა, ასევე, ცრუ გუმბათი ტაძრის ორქანობიანი სახურავიდან. ეკლესიის სამხრეთ მხარეს აშენდა სატრაპეზო. 1980-იან წლებში აღადგინეს ეკლესიის საკურთხეველი, რომელიც შემდეგ მოიხატა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 292-297