დუკატი

XII–XIX საუკუნეების ევროპული მონეტა

დუკატი (ლათ. dukatus) — XII-XIX საუკუნეების ევროპული მონეტა.

ავსტრიული ოქროს დუკატი

ვერცხლის დუკატი პირველად მოჭრა სიცილიის სამეფოს მეფემ როჯერ II-მ 1140 წელს. ვენეციაში 1283/1284 წლებში დოჟმა ჯოვანი დანდოლომ დაიწყო ოქროს დუკატის მოჭრა. მისი წონაა 3,559 გ. შუბლზე გამოსახულია ვენეციის რესპუბლიკის მფარველი წმ. მარკოზი, რომელიც მუხლმოყრილ დოჟს გადასცემს ალამს. გარშემო ლათინური ზედწერილია: მარცხნივ — „წმინდა მარკოზი ვენეციისა“, მარჯვნივ — დოჟის სახელი და გვარი, ალმის ტარის გასწვრივ — „ჰერცოგი“. ზურგზე გამოსახულია ვარსკვლავებით გარშემოვლებული ქრისტე და წრიული ზედწერილი: „ქრისტე! საჰერცოგო, რომელსაც განაგებ, დეე გებოძოს შენ“.

ოქროს დუკატი სწრაფად გავრცელდა ევროპასა და აღმოსავლეთ ქვეყნებში და XIV საუკუნიდან საერთასრისო ფულადი ერთული გახდა. XIV საუკუნიდან ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა ტიპის დუკატი იჭრებოდა. რუსეთში დუკატს ჭრიდნენ 1701-1855 წლებში. ეწოდებოდა ჩერვონეცი, იწონიდა 3,6 გ. ვენეციაში დუკატს ცეხინიც ეწოდებოდა.

XV-XVIII საუკუნეებში საქართველოში ხმარობდნენ ვენეციურ, ჰოლანდიურ და უნგრულ დუკატებს, რომელთაც უწოდებდნენ ფლურს, ჰოლანდიურ დუკატებს კი — ასლანსაც. დუკატები აღმოჩენილია ლეხურის ხეობაში, ქუთაისში, ანანურში (დუშეთის მუნიციპალიტეტი), ახალსოფელსა (სოხუმის მუნიციპალიტეტი) და ირაგაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს., თბ. 1971