ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში

ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოშიყარა-ყოინლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებლის ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში XV საუკუნის 40-იან წლებში. მას შემდეგ, რაც, საქართველოს მეფე ალექსანდრე I-მა (1412-1442 წწ.) მტკიცე უარი განუცხადა მორჩილებას ადა ხარკის მიცემაზე, ჯეჰან-შაჰმა „საღვთო ომის“ საბაბით ორგზის ილაშქრა საქართველოში. პირველად 1440 წელს წამოვიდა საქართველოზე 20-ათასიანი ლაშქრით, არდებილის შეიხის, ყადიებისა და მუსლიმანი სწავლულების თანხლებით. სომეხი მწერლის თომა მეწოფეცის ცნობით, 27 მარტს, აღდგომა დღეს, მტერმა მოულოდნელად შემოარტყა ალყა სამშვილდეს. 50 დღის შემდეგ შიმშილითა და წყურვილით შეწყხებული ქალაქი მოტყუებით აიღეს, ათასობით მცხოვრები გაჟლიტეს, მათი ქონება კი დაიტაცეს. ქალაქის კართან 1664 მოჭრილი თავისაგან მინარეთი აღმართეს, ათი ათასამდე ადამიანი დაატყვევეს. შემდეგ მტრის ლაშქარი თბილისისაკენ დაიძრა, გზად სოფლები ააწიოკა და დედაქალაქიც აიღო. თბილისი ააოხრეს და ცეცხლს მისცეს, ეკლესიები დააქციეს, ჯეჰან შაჰმა მოსახლეობას დიდი ხარკი დააკისრა.

1444 წელს ჯეჰან-შაჰი მეორედ შემოესია საქართველოს; დაესხა თავს ახალციხეს. ვახტანგ IV მტერს შეება. ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილასაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 557.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967