საქართველოს დისიდენტური მოძრაობების კონფერენცია (1990)

საქართველოს დისიდენტური მოძრაობების კონფერენცია (1990) — დისიდენტური მოძრაობების და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთიანი კონფერენცია საქართველოს სსრ-ში, თბილისში. გაიმართა 1990 წლის 11-13 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონფერენციის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ორ ბანაკად გაიყო.

კონფერენციაში მონაწილეობდა იმ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი ყოველი პარტიიდან და მას კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციისათვის.

კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:

  • პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საქართველოს სსრ-ის მოქმედი კანონმდებლობით 1990 წლის მარტში დანიშნულ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს სსრ-ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა. ამ ტაქტიკას იზიარებდა საქართველოს სახალხო ფრონტი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია.
  • სხვა პოლიტიკური ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ — თავისუფლება: შემდეგ — დამოუკიდებლობა“. ისინი ითხოვდნენ მარტში დაგეგმილი არჩევნების ბოიკოტირებას, ალტერნატიული არჩევნების ჩატარებას და ალტერნატიული არცევნებში კომუნისტების, სოციალ-დემოკრატების და უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატების არდაშვებას.

არჩევნების ბოიკოტის პოზიციას უფრო მეტი მომხრე ჰყავდა, პარტიებმა დაიწყეს გასვლა საარჩევნო კამპანიიდან. საქართველოს სსრ-ის ხელისუფლება იძულებული გახდა არჩევნები გადაედო შემდგომაზე.

შემდგომში მოხდა განხეთქლება რადიკალურ ძალებს შორისაც. ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით შეიქმნა პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“. მასში გაერთიანდნენ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მონარქისტები, მერაბ კოსტავას საზოგადოება. გამსახურდიას ბლოკი აპირებდა მონაწილეობა მიეღო 1990 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში. გიორგი ჭანტურიას და ირაკლი წერეთლის ირგვლივ შეიქმნა მეორე ბანაკი, მასში გაერთიანდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, კონსერვატორული პარტია, და მხედრიონი. 1990 წლის აპრილში ატყდა სროლა გამსახურდიას და ჭანტურიას მომხრეებს შორის. 1990 წლის 23-25 მაისს სპორტის სასახლეში ჭანტურიასა და წერეთლის მომხრეებმა ჩაატარეს ეროვნული ყრილობა. მასში 82 პოლიტიკური და კულტურული ორგანიზაცია მონაწილეობდა. ყრილობამ უარი ტქვა ოფიციალურ არჩევნებში მონაწილეობაზე და სექტემბერში დანიშნა ალტერნატიული არჩევნები. „ყრილობის“ პრეტენცია ლეგიტიმაციაზე შეარყია მასში „მრგვალი მაგიდის“, „სახალხო ფრონტისა“ და „რუსთაველს საზოგადოების“ არყოფნამ.

1990 წლის სექტემბერში ეროვნული ყრილობის მიერ გამართულ არჩევნებში მონაწილეობდა ექვსი პოლიტიკური ბლოკი. კვორუმი მხოლოდ კენჭისყრის სამი რაუნდის შემდეგ შედგა. არჩევნებში მოსახლეობის დაბალი მონაწილეობის გამო არჩეული ორგანოს ოლი ალტერნატიულ საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად ხელისუფლების მაკონტროლებელ სახალხო ორგანოდ დაქვეითდა. 28 ოქტომბერს გამართულ ოფიციალურ არჩევნებში კი „მრგვალმა მაგიდამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ლიტერატურარედაქტირება