საქართველოს სახალხო ფრონტი

საქართველოს სახალხო ფრონტი — ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში.

საქართველოს სახალხო ფრონტი
ხელმძღვანელობა
ლიდერი ნოდარ ნათაძე
ისტორია
დაფუძნდა ივნისი, 1988
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

ოფიციალურად დაფუძნდა 1989 წლის ივნისში. თავმჯდომარედ აირჩიეს ნოდარ ნათაძე. საქმიანობა შთამბეჭდავად დაიწყო. მასში გაერთიანებული იყო 100 ათასამდე წევრი. გააჩნდა პირველადი და რეგიონული ორგანიზაციები. დაარსებიდან ძალიან მალე საქართველოს სახალხო ფრონტთან შეიქმნა ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია „იმედი“, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პირველი ოფიციალური სამხედრო ერთეულის — საქართველოს ეროვნული გვარდიის ფორმირებაში. სახალხო ფრონტი გამოდიოდა საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფი გადასვლის წინააღმდეგ, რადგან შიშობდა, რომ უცხოური კაპიტალი დაიტაცებდა საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს.[1] 1990 წელს სახალხო ფრონტთან ჩამოყალიბდა საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია "აიეტი" (თავმჯდომარე ჰენრი კუპრაშვილი), რომელიც 1991 წლიდან არის დამოუკიდებლად არსებული ეკოლოგიური, არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

სახალხო ფრონტს ჰქონდა პრეტენზია გაეერთიანებინა ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ეს მისია ვერ შეასრულა. წინასაარჩევნო პერიოდში პარტია დატოვა მრავალმა ადამიანმა. სახალხო ფრონტიდან წასულმა წევრებმა დააფუძნეს პარტია „ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი“ და „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ შემადგენლობაში გადავიდნენ. საბოლოოდ, სახალხო ფრონტი რიგით პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა.

1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში სახალხო ფრონტი მონაწილეობდა დამოუკიდებლად. პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ უზენაეს საბჭოში 12 მაჟორიტარი შეიყვანა. სახალხო ფრონტის დეპუტატებმა რესპუბლიკური პარტიის სამ წევრთან და კომუნისტური პარტიის სიით გასულ თედო ნინიძესთან ერთად ჩამოაყალიბეს ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრი“. ფრაქციის თავმჯდომარე იყო სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია. XX საუკუნე. რედ. ვ.გურული. – თბილისი, გამომც.თსუ, „არტანუჯი“, 2003. გვ.222.
  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 54, ISBN 978-9941-0-5972-8.