ზაქათალის ოკრუგი (რუს. Закатальский округ) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში (1860-1917). კავკასიის მთიელთა სამმართველოს მეთაურის დაქვემდებარებაში იყო 1870-1874 წლებში.[1]

ზაქათალის ოკრუგის რუკა

შეიქმნა 1860 წელს. ექვემდებარებოდა სამხედრო ადმინისტრაციას და იყოფოდა 4 ნაწილად: ალიაბადის, ჭარ-მუხახის, ბელაქნის, და კაკის უბნებად.

 
საქართველოს გუბერნია 1801 წელს

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან მიერთების შემდეგ, ჭარ-ბელაქნელი ლეკები კვლავინდებურად აგრძელებდნენ ახლა უკვე საქართველოს გუბერნიის დარბევას. რუსეთის იმპერიის მიერ რეგიონის დამორჩილება პირველად 1803 წლის 9-12 მარტს იქნა შესაძლებელი, რომლის დროსაც გენერალ გულიაკოვის მიერ აღებულ იქნა ბელაქნის ციხე, ხოლო ჭარელმა ლეკებმა მორჩილების ნიშნად დადეს ერთგულების ფიცი.[2][3] იმპერიისადმი ურჩობისა და მტაცებლობის გამო, ფიცის გამეორება მოუწიათ 1807 წელსაც.[4] რეგიონის საბოლოოდ დამორჩილება მხოლოდ 1830 წელს ბრძოლით იქნა შესაძლებელი.

  • ჭარ-ბელაქნის ოლქი (რუს. Джаро-Белоканская область; 1830-1841) — რუსეთის იმპერიის დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
  • ბელაქნის ოკრუგი (რუს. Белоканский округ; 1842-1844) — 1842 წელს სამხედრო მინისტრის ა. ჩერნიშოვის მიერ კავკასიის მხარის შემოვლისას, გენერალ ე. გოლოვინს დაავალა, რათა ბელაქნის მაზრა გარდაექმნა ბელაქნის ოლქად და დაექვემდებარათ სპეციალურ სამხედრო მეთაურისთვის, ხოლო ოკრუგის სამოქალაქო საკითხები ისევ საქართველო-იმერეთის გუბერნიის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო. გენერალ ა. ნეიდგარტის მართველობის დროს, ოლქის სამხედრო მეთაურისთვის მეტი უფლებების მისანიჭებლად დაუქვემდებარეს ლეკეთის ხაზის მეთაურს გენერალ-მაიორ გ. შვარცს, ხოლო სამოქალაქო საკითხებში კვლავინდებურად გუბერნიის დაქვემდებარებაში დარჩა. სამხედრო და სამოქალაქო უწყებებს შორის უფლებათა კონფლიქტის თავის არიდების მიზნით სამოქალაქო ადმინისტრაციას მიეცა აღნიშნულ სიტუაციაში მოქმედების ინსტრუქცია.
  • ჭარ-ბელაქნის ოკრუგი (რუს. Джаро-Белоканский округ; 1844-1860) — 1844 წელს რეგიონში რთული ვითარების გამო, გენერალ ნეიდგარდმა გადაწყვიტა გამოეყო ბელაქნის ოლქი საქართველო-იმერეთის გუბერნიიდან და სრულიად დაექვემდებარებინა მხოლოდ ერთი ადამიანისათვის „ჭარ-ბელაქნის ოკრუგის სამხედრო მეთაურისთვის“, მიენიჭა რა მისთვის სამხედრო და სამოქალაქო უფლებები.[6] აღნიშნულ რეგიონში განლაგებული იყო ლეკეთის ხაზი, შემდგარი გამაგრებული პუნქტებისაგან, რომელიც გაუქმდა 1860 წელს.
  • ზაქათალის ოკრუგი (რუს. Закатальский округ; 1860-1917) — რუსეთის იმპერიის დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. 1860 წლის 20 აპრილს ჭარ-ბელაქნის ოკრუგი გარდაიქმნა ზაქათალის ოკრუგად და დაექვემდებარა ზემო დაღესტნის მეთაურს,[7] ხოლო 18 ივლისიდან კი სამოქალაქო ნაწილში კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა, სამხედროში — კვლავ დაღესტნის მეთაურს. ოკრუგის მთიანი მაღალები გადაეცა სამხრეთ დაღესტანის სამურის ოკრუგს.[8] 1874 წლის 29 იანვრის დადგენილებით ზაქათალის ოკრუგის მართა-გამგეობა ჩაბარდა უშალოდ ზაქათალის ოკრუგის მმართველს, რომელიც თავის მხრივ დაექვემდებარა კავკასიის მთიელთა მეთაურს.[9]

მოსახლეობა 1886 წლის აღწერით 74 449 ადამიანს შეადგენდა. მის მხოლოდ ოთხ სოფელში ცხოვრობდნენ ქრისტიანი ქართველები, დანარჩენი სოფლების მოსახლეობა კი ქართველი მუსლიმებისგან შედგებოდა. მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 1886 წელს ასეთი იყო: 40225 ლეკი, 21090 მუღალი, 12430 ქართველი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება