აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჭარა (მრავალმნიშვნელოვანი).

აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აჭარის ასსრ (რუს. Аджарская Автономная Советская Социалистическая Республика, Аджарская АССР, ყოფ. აჭარისტანის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა [1936 წლის 5 დეკემბრამდე]; 16 ივნისი 192110 დეკემბერი, 1990) — საბჭოთა სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფო, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე და გამოხატავდა მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის რესპუბლიკის ყველა ეროვნების მშრომელთა ნებასა და ინტერესებს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბათუმი.

აჭარის ასსრ
რუს. Аджарская АССР
დროშა გერბი

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ადმ. ცენტრი ბათუმი
შიდა დაყოფა ქედის რაიონი, ქობულეთის რაიონი, ხელვაჩაურის რაიონი, ხულოს რაიონი და შუახევის რაიონი.
კოორდინატები 41°39′00″ ჩ. გ. 42°00′00″ ა. გ. / 41.65000° ჩ. გ. 42.00000° ა. გ. / 41.65000; 42.00000
დაარსდა 1921
სალაპარაკო ენები ქართული, რუსული
გაუქმდა 1990

1921 წლის მარტში, ოსმალების მიერ ბათუმის ოლქის დატოვებისთანავე, ბათუმის სამხედრო კომიტეტი გადადგა და დაარსდა საოქლო რევოლუციური კომიტეტის დროებითი მთავრობა, დაკომპლექტებული შემდეგი წევრებისაგან: ს. ქავთარაძე (რევკომის საგანგებო რწმუნებული ბათუმში), მ. ტოროშელიძე (ფინანსები და სახალხო განათლება), დ. მახარაძე (სასურსათო საქმე), კ. ქაჯაია (რევკომის გამგეობის მმართველობა), ჟღენტი (სამხედრო), ს. გუბელი (იუსტიცია), ი. პევცოვი (სახალხო მეურნეობის საბჭო), კ. ქავთარაძე.[1]

აჭარის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა 1921 წლის 16 ივნისს. აჭარაში ავტნომიის შექმნის მთავარი მიზეზი იყო თურქეთთან დადებული ყარსის ხელშეკრულება, აჭარამ რელიგიურ და კულტურული უფლებების დაცვის მიზნით მიიღო ფართო ადმინისტრაციული ავტონომია.

1990 წელის 10 დეკემბერს აჭარის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა აჭარის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) ცვლილებების შეტანა და მხარი დაუჭირა ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შეცვლასა და თვითსახელწოდებას. რესპუბლიკის სახელწოდებიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

აჭარის ასსრ იყოფოდა 5 რაიონად:

  1. ქედის რაიონი;
  2. ქობულეთის რაიონი;
  3. ხელვაჩაურის რაიონი;
  4. ხულოს რაიონი;
  5. შუახევის რაიონი.

აჭარის ადმინისტრაციული დაყოფა არ შეცვლილა მას შემდეგაც, რაც სსრკ დაიშალა.

მმართველობა

რედაქტირება

კონსტიტუციის ბოლო სახე მიღებული იყო აჭარის ასსრ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე IX სესიაზე 1978 წლის 26 მაისს. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო აჭარის ასსრ ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც 110 დეპუტატისაგან შედგებოდა. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლის ვადით. იგი უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა ყველა საკითხი, რომელიც სსრკ, საქართველოს სსრ და აჭარის ასსრ კონსტიტუციებით ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნებოდა. აჭარის ასსრ კონსტიტუციის მიღებას და მასში ცვლილებების შეტანას, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცებას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკი უმაღლესი საბჭო ახორციელებდა. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა აგრეთვე აჭარის ასსრ კანონების მიღება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) — აჭარის ასსრ სახელმწიფო და ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს შექმნა. უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს — აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში ახორციელებდა აჭარის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უაღლესი ორგანოს ფუნქციებს. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში წარმოადგენდა სახელმწიფო დეუტატთა შესაბამისი საბჭოები, რომელთაც ირჩევდა მოსახლეობა ორ-ნახევარი წლის ვადით. მართლმსაჯულებას ახორციელებდა აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები. აჭარის ასსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით.

აჭარის ასსრ მონაწილეობდა საქართველოს სსრ-ისა და სსრკ-ის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა გადაწყვეტაში შესაბამისად საქართველოს სსრ და სსრკ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მეშვეობით. სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში იგი წარდგენილი იყო 11 დეუტატით.

1938 წლის 12-14 ივლისს ქალაქ ბათუმში შედგა აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სესია. სესია გახსნა უხუცესმა დეპუტატმა ბაშია ბერიძემ. აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს იუსუფ კორძაია. თავმჯდომარის მოადგილეებად — მარიამ მახარაძე და იუსუფ შავაძე.

აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დაუთ დავითაძე, თავმჯდომარის მოადგილედ ხატიჯე კაკაბაძე და მიხეილ კილაძე[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება