საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი

საქართველოს სსრ მწერალთა კავშირისაქართველოს სსრ-ის მწერალთა გაერთიანება. შეიქმნა „ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ“ სკპ (ბ) სკ-ის 1932 წლის 23 აპრილის დადგენილების საფუძველზე, რომელმაც გააუქმა მანამდე არსებული „სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაცია“ და მასში შემავალი ორგანიზაციები, მ. შ. „საქართველოს პროლეტარ მწერალთა ასოციაცია“. ამავე წლის 27 ივნისს მწერალთა კავშირის საგანგებო ყრილობამ აირჩია საბჭო (გამგეობა), საბჭომ — პრეზიდიუმი და თავმჯდომარე (მალაქია ტოროშელიძე), თავმჯდომარის მოადგილეები (სანდრო ეული, ნიკოლო მიწიშვილი) და მდივანი (ბ. ჯღენტი).

საქართველოს მწერალთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო იყო რესპუბლიკური ყრილობა, აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევდა პრეზიდიუმსა და სამდივნოს. აფხაზეთისა და აჭარის ასს რესპუბლიკებში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ქუთაისსა და გორში იყო ადგილობრივი მწერალთა ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ.

მწერალთა კავშირთან შექმნილი იყო აფხაზური და ოსური ლიტერატურის საბჭოები, ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე, საზღვარგარეთის მწერლებთან ურთიერთობის დამყარებისა და მეგობრობის განმტკიცების, კინოდრამატურგთა და მწერალთა წევრად მიღების კომისიები; პროზის, პოეზიის, დრამატურგიის, საბავშვო ლიტერატურის, კრიტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის, პუბლიცისტიკის, სომხური ლიტერატურის, რუსული ლიტერატურის და თარგმანის შემოქმედებითი სექციები. მწერალთა კავშირის ბეჭდვითი ორგანოები იყო: გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, ჟურნალები — „მნათობი“, „ცისკარი“ (საქართველოს სსრ ალკკ ცკ-თან ერთად), „ლიტერატურნაია გრუზია“, (რუსულ ენაზე), „ალაშარა“ (აფხაზურ ენაზე), „ჭოროხი“, „ფიდიუაგ“ (ოსურ ენაზე); ალმანახები — „საუნჯე“, „კრიტიკა“, „განთიადი“, „დომ პოდ ჩინარამი“ (რუსულ ენაზე), „კამურჯი“ (სომხურ ენაზე). მწერალთა კავშირის გამომცემლობა „მერანი“ გამოსცემდა წიგნებს ქართულ და რუსულ ენებზე. მწერალთა კავშირთან არსებობდა საქართველოს სსრ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების საქმეთა მთავარი სარედაქციო კოლეგია და ლიტერატურული ფონდი. 1981 წელს საქართველოს მწერალთა კავშირში გაერთიანებული იყო 471 წევრი. შედიოდა სსრკ მწერალთა კავშირში.

ჩატარებული ყრილობები

რედაქტირება
  1. 1932 წელს
  2. 1939 წელს
  3. 1946 წელს
  4. 1953 წელს
  5. 1959 წელს
  6. 1962 წელს
  7. 1971 წელს
  8. 1976 წელს
  9. 1981 წელს

ლიტერატურა

რედაქტირება