საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები

საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებისაქართველოში ჩატარებული პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ჩატარდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავარი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების არჩევის მიზნით. არჩევნები გაიმართა 1919 წლის 14-17 თებერვალს. არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს სოციალისტურმა პარტიებმა, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიამ ხმების 81,5%-ით. მიუხედავად არჩევნებზე გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზისა, არჩევნების ალეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არცერთ მონაწილე პარტიას არ დაუყენებია.[1]

საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
14-17 თებერვალი, 1919

საქართველოს დამფუძნებელი კრება, 130 ადგილი
უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 66 ადგილი
ამომრჩეველთა გამოცხადება 57,64%
  პირველი პარტია მეორე პარტია მესამე პარტია
 
ლიდერი ნოე ჟორდანია გიორგი ლასხიშვილი ნიკო ნიკოლაძე
პარტია სოციალ-დემოკრატები სოციალისტ-ფედერალისტები ეროვნულ-დემოკრატები
მიღებული ადგილები 109 8 8
მოსახლეობის ხმები 409 766 33 754 30 154
პროცენტულობა 81% 6,7% 6,1%

  მეოთხე პარტია
 
ლიდერი ლეო შენგელაია
პარტია ესერები
მიღებული ადგილები 5

ადგილების გადანაწილება

არჩეული პარტია


სოციალ-დემოკრატები

წინაპირობები

რედაქტირება

1918 წლის 26 მაისს საქართველომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა აღიდგინა. დაკომპლექტდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც სხვადასხვა პარტია იყო წარმოდგენილი. საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა უფრო ადრე ფორმირებულ საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომელსაც 1918 წლის ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი იყო მეტად წარმომადგენლობითი, მასში შედიოდნენ ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობები, იგი ვერ ჩაითვლებოდა უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოდ, რადგან არ იყო მოსახლეობის მიერ არჩეული. შესაბამისად გადაწყდა, რომ არჩევნები 1919 წლის თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.

არჩევენების წესები

რედაქტირება

საქართველოს პარლამენტმა 1918 წლის 22 ნოემბერს მიიღო დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება.[2] ეს იყო ყველაზე დემოკრატიული კანონი იმდროინდელ მსოფლიოში. არჩევნებში მონაწილეობის და კენჭისყრის უფლება მიენიჭა ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს. არჩევნები ჩატარდა საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის პრინციპით. მოქმედებდა პარტიულ სიებზე დამყარებული პროპორციული საარჩევნო სისტემა.

დამფუძნებელი კრების წევრად უნდა აერჩიათ 130 დეპუტატი.არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკანდიდატო სიის წარსადგენად აუცილებელი იყო საარჩევნო ხმის მქონე 50 მოქალაქის ხელმოწერით დადასტურებული კანდიდატების სიის და თითოეული კანდიდატის წერილობითი თანხმობის წარდგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა 876 910 ადამიანით.

საარჩევნო კომისიები

რედაქტირება

დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური, საქალაქო, სამაზრო, სოფლის საზოგადოებისა და სოფლის წვრილი საარჩევნო კომისიები. სოხუმისა და ზაქათალის ოლქებში არჩევნების ჩატარება დაევალა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. დაკომპლექტდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის 21 წევრიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია საკუთარი შემადგენლობიდან და თითო წევრი დაემატა თითოეული დარეგისტრირებული საკანდიდატო სიიდან, ამ პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე დაინიშნა, მოადგილედ სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე გობეჩია, ხაზინადრად - ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა, მდივნად - სოციალ-დემოკრატი - ანა სოლოღაშვილი.[3]

ცსკ პასუხისმგებელი იყო საარჩევნო სიების შედგენაზე, საარჩევნო ბიულეტენების დარიგებაზე, საარჩევნო უბნების მართვასა და ხმების დათვლაზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების თარიღად 14, 15 და 16 თებერვალი დაადგინა.

პოლიტიკური პარტიები

რედაქტირება

პირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური პარტია. შემდგომში დამატებით არჩევნებისას საკანდიდატო სიებს დაემატა მეთექვსმეტე პარტიაც – აფხაზთა ეროვნული პარტია. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს ბოლშევიკებმა, რომლებსაც საქართველოში პარტია რეგისტრირებული არ ჰქონდათ და მოქმედებდნენ, როგორც რუსეთის კომუნისტური პარტია.

პროგრამები

რედაქტირება

სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა გამოქვეყნდა 1919 წლის 22 იანვარს გაზეთ „ერთობაში“. ეს პროგრამა ითვალისწინებდა რვასაათიანი სამუშაო დღეს, უბედური შემთხვევისას მუშათათვის ჯანმრთელობისა და უმუშევრობის დაზღვევა, სტრატეგიული ინდუსტრიების ნაციონალიზაციას, მიწის რეფორმის დაჩქარებას, თვითმმართველობის რეფორმას, ეროვნულ უმცირესობების უფლებების გარანტირებას.

სოციალისტ-ფედერალისტების პროგრამა გამოქვეყნდა 26 იანვარს გაზეთ „სახალხო საქმეში“. სოციალისტ-რევოლუციონერების საარჩევნო პლატფორმა გამოქვეყნდა 12 თებერვალს გაზეთ „შრომაში“.

არჩევნები

რედაქტირება

არჩევნები წარიმართა თავისუფალ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა არაერთი ხარვეზი. მმართველ ძალას ზოგ შემთხვევაში უსამართლო უპირატესობა ჰქონდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ქალაქების მოსახლეობის 52 % და სოფლის მაცხოვრებელთა 76 %-მა.

კენჭისყრა სხვადასხვა მიზეზებით ვერ შედგა სოხუმის ოლქში, ბორჩალოს, ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში, ზემო სვანეთში, თიანეთისა და დუშეთის მაზრების ნაწილში. კენჭისყრა ამ ტერიტორიებზე (გარდა აფხაზეთისა) ჩატარდა 1919 წლის აგვისტოში. სოციალ-დემოკრატების მანდატების რაოდენობა 102-მდე შემცირდა, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობა კი გაიზარდა. დამატებითი არჩევნების შედეგად სამი მანდატი მიიღო დაშნაკცუთიუნმა, ხოლო ერთი მანდატი მიწის მესაკუთრეთა პარტიამ. 1920 წლის მაისში ჩატარდა კიდევ ერთი დამატებითი კენჭისყრა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯონსი ს., დემოკრატიის ფორმირება საქართველოში 1918-1921 // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 45-47, ISBN 978-9941-13-771-6.
  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები. ტომი VIII. თბილისი, 2018. გვ. 93-105.
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016.
  1. ბენდიანიშვილი ა, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-21 წწ.), თბილისი, ისტორიის ინსტიტუტი, 2001, გვ. 134-135
  2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული. 1918-1921. შემდგენელი ე. გურგენიძე. თბილისი, 1990, გვ.84.
  3. სირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016. გვ.18.