ქართული კინო
ქართული კინო — ქართული კულტურის ნაწილი. სათავეებს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან და არსებობის 100 წელზე მეტს მოიცავს. ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როცა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო. დღემდე შემორჩენილი პირველი ფილმია ამაშუკელისვე „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), ხოლო პირველი მხატვრული ფილმი — გერმანე გოგიტიძის „ქრისტინე“ (1919).
ისტორია
რედაქტირებაპირველი ნაბიჯები
რედაქტირებასაქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. თბილისი სულ რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზსა და რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგს, სადაც პირველი კინო იმავე წლის მაისს აჩვენეს.
„სათავადაზნაურო თეატრი. დღეს, 16 ნოემბერს აჩვენებენ განთქმულს მთელს ევროპაში კინემატოგრაფს, ცხოველი ფოტოგრაფიული სურათი ლიუმიერისა. დასაწყისი 8 საათზედ. ადგილების ფასი ძლიერ დაკლებულია“
| |
1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად მოსკოვიდან თბილისში ჩაიტანა „ლატერნა მაგიკა“ და იმით აწყობდა ჩვენებებს, მალე დიღმელოვებმა შეიძინეს, სინემატოგრაფი ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატურა შეიძინა და ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა მხარეები მოიარეს საკუთარი პროგრამით. ორი წლის შემდეგ დიღმელოვებმა ამავე პროგრამით იმოგზაურეს რუსეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიასა და თურქეთში. 1904 წლისთვის მათი პროგრამა ამოიწურა. ამავე წელს თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე რესტორან „დათვის“ შენობაში გაიხსნა პირველი სტაციონარული კინოთეატრი „ილუზიონი“. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ, ოდესელმა ბიზნესმენმა, მუშტაიდის ბაღში საზაფხულო კინოთეატრი გახსნა. მანამდე ის ფილმებს სათავადაზნაურო თეატრში (დღევანდელი გრიბოედოვის თეატრი) და ძმები ნიკიტინების ცირკში (ზარია ვოსტოკას რედაქცია) უჩვენებდა. მანვე ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ალექსანდრე დიღმელოვს კინო ქრონიკების გადასაღებად.
1907 წლისთვის თბილისში აშენდა ახალი კინოთეატრები: „მუზა“, „აპოლო“, „კოლიზეი“, „ლირა“, „მინიონი“, „სინემა-დისკი“ და აშ. მათ ხშირ შემთხვევაში პროჟექტორებს ან ელექტრო-თეატრებს უწოდებდნენ. პირველი ელექტრო-თეატრი „აპოლო“ იყო. შემდგომ წლებში კინოთეატრების რიცხვი გაიზარდა. მათი უმრავლესობა განლაგებული იყო მიხაილოვის გამზირზე. გოლოვინზე ერთადერთი კინოთეატრი „არფასტო“ მდებარეობდა დღევანდელი კინოსა და თეატრის ინსტიტუტის შენობაში და მიქაელ არამიანცს ეკუთვნოდა. თბილისში გაიხსნა უცხოური კინოკომპანიების — „პატეს„, „გომონის“, „ამბროზიოს“ „ჩინეზის“ ფილიალებიც. თბილისის ქუჩებში 15 სარეკლამო ბოძი იდგა და მათზე აფიშები იყო გაკრული. 1911-12 წლებში კი ფოთში ვინმე გაბელიას აუშენებია 500 ადგილიანი კინოთეატრი, რომლის წინ დიდი სცენა ჰქონდა მოწყობილი წარმოდგენებისთვის. 1914 წელს გერმანე გოგიტიძემ კინოთეატრი ააშენა ოზურგეთში.
„თბილისს, რომლის მცხოვრებნი ესეოდენ უჩივიან უფულობას, უყვარს გართობა და დროსტარება. არა მარტო კლუბები, თეატრები, ცირკი და კინემატოგრაფის დარბაზებია ყოველ საღამოს გადაჭედილი, არამედ რესტორნები და ლუდხანებიც“
| |
(„კაუკაზიშე პოსტი“[1])
|
ქართული კინოს დაბადების წლად ითვლება 1908 წელი, როდესაც ვასილ ამაშუკელი პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს იღებდა ბაქოში. ეს ფილმები შემორჩენილი არ არის. ბაქოს შემდეგ ამაშუკელმა მოღვაწეობა ქუთაისში გააგრძელა. მან 1912 წელს გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. 1910-იან წლებში ფილმებს იღებდა ოპერატორი ივანე ნაცვლიშვილი. მან, ისევე როგორც ამაშუკელმა, 1915 წელს გადაიღო აკაკი წერეთლის დაკრძალვის კადრები. ეს ფირი 1940 წელს, აკაკის გარდაცვალების 25 წლისთავზე აჩვენეს ფართო საზოგადოებას, მაგრამ შემდეგ დაიკარგა.[2]
1910-იან წლებში ქართული ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზებისთვის იღწვოდნენ შალვა დადიანი, გერმანე გოგიტიძე და იოსებ იმედაშვილი. 1911 წელს ერთ-ერთმა ფრანგულმა კინოფირმამ შალვა დადიანს შესთავაზა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციისთვის სცენარის დაწერა დადიანმა დაწერა სცენარი, რომელიც კომპანიამ მოიწონა. დადიანს რეჟისორის ასისტენტობა და კონსულტანტობაც უნდა გაეწია, მაგრამ ეს წამოწყება პირველი მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა.
1913 წელს რომანოვების დინასტიის სამასი წლისთავთან დაკავშირებით დრანკოვისა და ტალდკინის კინოკომპანიამ გადაწყვიტა გადაეღო სრულმეტრაჟიანი ფილმი „კავკასიის დაპყრობა“, რომლის რეჟისორებად ლუდვიგ ჩერნი და სიმონ ესაძე დაინიშნენ. ესაძეს დაევალა სცენარის დაწერაც. „კავკასიის დაპყრობა“ იყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოიცავდა პერიოდს XVIII საუკუნიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე. გადაღებები სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა, მათ შორის ქსნის ხეობაში, ერისთავების სასახლეში. მასში, სხვა მსახიობებთან ერთად, მონაწილეობდნენ ქართველი დრამატული მსახიობები ვალერიან გუნია, რომელმაც რამდენიმე როლი შეასრულა, ზაქრო ბერიშვილი, ვლადიმერ გვიშიანი, ასევე ქართველი თავადაზნაურები. ეს იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფილმი იყო, მასში ოცი ათასამდე სპეციალურად გამოწყობილი და გრიმიანი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ფილმს იღებდა ქართველი ოპერატორი ვლადიმერ კერესელიძე. „კავკასიის დაპყრობა“ ეკრანებზე გამოვიდა 1915 წლის ოქტომბერში და მეფის ოჯახის და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. დღეს ფილმი დაკარგულად ითვლება.
1915 წელს სიმონ ესაძეს მიეცა კინოფოტოგადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე. მან გადაიღო ფილმები „არზრუმის დაცემა“, „ტრაპეზუნდის აღება“, „დაპყრობილი თურქული ქალაქები“. ესაძე თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც არზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას.
1916-1918 წლებში პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე ჩაუდგა სათავეში პირველი ქართული მხატვრული ფილმის, „ქრისტინეს“ გადაღებას ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით. ფილმის გადაღების იდეა მას გაუჩნდა ოზურგეთში, საკუთარ კინოთეატრში ერთ-ერთი იტალიური ფილმის ნახვის შემდეგ. ფილმის რეჟისორად გოგიტიძემ ალექსანდრე წუწუნავა აიყვანა. ფილმი გურიასა და თბილისში იქნა გადაღებული და პრემიერა 1919 წელს გაიმართა.
1916 წელს თბილისში დაფუძნდა „მომხმარებელთა საზოგადოების კავშირი“. 1918 წელს მას „ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირი“ ეწოდა. 1919 წლის 27 სექტემბერს კავშირსა და გერმანე გოგიტიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გოგოტიძეს საქართველოს მასშტაბით კინოჩვენებები უნდა მოეწყო კავშირის დაფინანსებით, შემოსავალი კი გაეყოთ. ამით ქართული კინოწარმოება კერძოს ნაცვლად, პრაქტიკულად, საზოგადოებრივ საწყისებზე მოეწყო. ხელშეკრულების ფარგლებში გოგიტიძემ არაერთო მოვლენა აღბეჭდა ფირზე. 1918 წელს კინოთეატრ „აპოლოს“ მეპატრონე ვაჭარმა ჰენრიხ გეგელემ კინოლაბორატორია შექმნა, სადაც ალექსანდრე დიღმელოვი მუშაობდა. მას კონტრაქტი ჰქონდა პავლე პიროვენს კომპანია „ფილმასთან“. „ფილმა“ საქართველოში კინოების გადაღებას გეგმავდა და ამისთვის ბაქოდან რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი ჩამოიყვანა. ბარსკიმ სამი ფილმი გადაიღო, „თავმოკვეთილი გვამი“, „მითხარ, რისთვის?“ და „ცეცხლთაყვანისმცემლები“. 1920 წელს „ფილმამ“ საქართველო დატოვა და კინოწარმოების ნაციონალიზაცია მოხდა. სახელმწიფო კინოწარმოებას სათავეში გერმანე გოგიტიძე ჩაუდგა. გოგიტიძემ წარადგინა კინოწარმოების გეგმა, რომლის მიხედვით უნდა გადაღებული 52 ფილმი, მათ შორის სამი დიდი ფილმი „ვეფხისტყაოსნი“, ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვრის“ და ალ. სუმბათაშვილის „ღალატის“ მიხედვით, ასევე კომედიები, საბავშვო ფილმები, სამეცნიერო და სანახაობრივი ფილმები.
ქართული საბჭოთა კინო
რედაქტირებასაქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ კინოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, როგორც რეკლამისა და პროპაგანდის კარგ საშუალებას. 1921 წლის 11 აპრილს კინოს სექცია გაიხსნა განათლების სახალხო კომისარიატში. ის განთავსდა საჯარო ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულზე. სექციას გადაეცა „ფილმას“ ქონება და კინოთეატრ „აპოლოს“ უკან მოწყობილი დიღმელოვის ლაბორატორია. 11 ივლისს მოხდა კინოთეატრების ნაციონალიზაციაც. კინოსექციის დირექტორები იყვნენ გერმანე გოგიტიძე და ამო ბეკ-ნაზაროვი. ქართულ კინოწარმოებაში აქტიურად ჩაებნენ რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორები: ივანე პერესტიანი, ამო ბეკ-ნაზაროვი, ვლადიმერ ბარსკი. სასცენარო საქმეებს განაგებდა გრიგოლ რობაქიძე, მან შეადგინა ქართული კლასიკური მწერლობის ეკრანიზაციის გეგმა. სექციის პირველი კინონამუშევარი იყო „ბავშვების გამგზავრენა კოჯორში დასასვენებლად“. პირველი მხატვრული კინოსურათის გადაღება გადაწყდა რევოლუციურ-ისტორიულ თემატიკაზე, კერძოდ არსენა ჯორჯიაშვილზე. ფილმი „არსენა ჯორჯიაშვილი“, რომელიც ივანე პერესტიანმა გადაიღო შალვა დადიანის სცენარით, კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა. მოგებამ საშუალება მისცა კინოსექციას გაეუმჯობესებინა კინოატელიე, ლაბორატორია და გაეზარდა თანამშრომელთა რიცხვი. მთავარი როლის შემსრულებელ მიხეილ ჭიაურელს კი მაშინდელი ამერიკის და მსოფლიოს კერპს დაგლას ფეირბენქსს ადარებდნენ.[3]პერესტიანმა ქართულ კინოში რევოლუციური თემატიკა შეიტანა. „არსენა ჯორჯიაშვილმა“ ვ. გარდინის ფილმ „ნამგალ და უროსთან“ ერთად საბჭოთა კინემატოგრაფიაში საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ-რევოლუციურ ჟანრს. გერმანე გოგიტიძის დირექტორობის დროს ასევე გადაღებული იქნა ფილმები„სურამის ციხე“ „მოძღვარი“ და „კაცი კაცისთვის მგელია“
1922 წელს თბილისში გაიხსნა პირველი კინოსასწავლებელი, რომელშიც უნდა აღეზარდათ მომავალი კინომსახიობები. 1923 წელს კინოსექცია „სახკინმრეწვად“ ჩამოყალიბდა. ამ გარდაქმნამ ხელი შეუწყო ქართული კინოს ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას. მის დირექტორად კვლავ გოგიტიძე დარჩა. ივანე პერესტიანის ფილმი „წითელი ეშმაკუნები“ უკანასკნელი ძალიან წარმატებული და პოპულარული აღმოჩნდა და კრიტიკოსების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ეს იყო პირველი საბჭოთა ფილმი, რომელზეც რეცენზია New York Times-ში დაიბეჭდა. 1925 წელს გამოსულ, ივანე პერესტიანის ფილმში „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ პირველად იყო გამოყენებული ე.წ. ფლეშბეკები. მხატვრულ ფილმებთან ერთად სახკინმრეწვი უშვებდა დოკუმენტურ პროდუქციასაც. 1924 წლის მარტში ქართული კინომრეწველობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოწინავედ დაასახელეს. 1928 წლისთვის „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში სიდიდით მესამე კინოფაბრიკა იყო.[4] ქართული კინოს განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო იმ პერიოდის საბჭოთა ხელოვნების იდეოლოგი ანატოლი ლუნაჩარსკი.[5]
1924 წელს სახკინმრეწვში ალექსანდრე წუწუნავა მიიწვიეს. მაყურებელთა მოწონებას იმსახურებდა მისი ფილმები „ვინ არის დამნაშავე?“ (1925 წ.) „ხანუმა“ (1926 წ.) „ჯანყი გურიაში“ (1928 წ.). „ვინ არის დამნაშავე?“ იყო პიესაზე დაფუძნებული პირველი ქართული ფილმი, ხოლო „ხანუმა“ პირველი ქართული კინოკომედია. წუწუნავას ფილმებში მონაწილეობდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. მან პირველი როლი შეასრულა ფილმში „არსენა ყაჩაღი“ (1923). ვაჩნაძე ხიბლავდა აუდიტორიას მიმზიდველობითა და სილამაზით. მისი მონაწილეობა ფილმში იყო გარანტი სტაბილური საკასო შემოსავლებისა.[6]
1924-1929 წლებში ქართულ კინოში მოღვაწეობდა თეატრის რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. მარჯანიშვილმა პირველმა გადაიღო საბავშვო (გოგი რატიანი“, 1927) და ასევე უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმები („ამოკი“, 1927). 1920-იან წლებში ქართული კინო გადაიქცა ხელოვნების ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ, თვითმყოფად დარგად.[7]მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნა ქართული ლიტერატურის ეკრანიზაციას. შეიქმნა ფილმები ალექსანდრე ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, გიორგი წერეთლის, დავით კლდიაშვილის და სხვათა ნაწარმოებების მიხედვით. ასეთი ფილმები იყო „სამი სიცოცხლე“ (ი. პერესტიანი, 1925), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (კ. მარჯანიშვილი, 1926). 1923 წლიდან ქვეყნდებოდა პირველი რეცენზიები. 1925 წლიდან გამოიცემოდა რუსულ ენოვანი ჟურნალი „Кино Грузий“, ასევე რეცენზიები ქვეყნდებოდა გაზეთში „საქართველოს განათლების მუშაკი.“ სახკინმრეწვი დიდ ყურადღებას უთმობდა უცხოეთში ქართული ფილმების გატანა-გაყიდვის საკითხს. ამ მიზნით საზღვარგარეთ მიავლინეს გერმანე გოგიტიძე, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულებები პარიზის, ბერლინის, თეირანის კინოთეატრების მფლობელებთან. განსაკუთრებით პოპულარული იყო კინოები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. სახკინმრეწვი ამ დროს დოკუმენტურ ფილმებსაც იღებდა. მათ შორის გამორჩეულია 1927 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი ფილმი „ზაჰესი“, რომელსაც მშენებლობიდან, 1922 წლიდან ნაწილ-ნაწილ იღებდნენ და ამონტაჟებდნენ.
1920-იანი წლების შუა ხანებში ხელმეორედ გაჩნდა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის აზრი. ამჯერად ეკრანიზაციის იდეა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე შალვა ელიავას ეკუთვნოდა. გერმანე გოგიტიძე მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ ფრიც ლანგთან შესახვედრად. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას. გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე ზაჰესსა და რიონჰესს ავაშენებდითო.[8]გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. 1928 წელს გოგიტიძე სახკინმრეწვის დირექტორობიდან გაათავისუფლეს.
წუწუნავამ და მარჯანიშვილმა გაუკვალეს გზა ახალი თაობის ქართველ კინემატოგრაფებს, მიხეილ კალატოზიშვილს, მიხეილ ჭიაურელს, კოტე მიქაბერიძეს, ნიკოლოზ შენგელაიას. კინორეჟისორების ამ ახალმა თაობამ შექმნა ისეთი ფილმები, როგორიცაა: „ელისო“ (ნ. შენგელაია, 1928), „ჩემი ბებია“ (1929), „ჯიმ შვანთე“ (მ. კალატოზიშვილი, 1930) და „ხაბარდა“ (მ. გელოვანი, 1931). ამ პერიოდის ზოგიერთი ფილმი, ავანგარდისტული „ჩემი ბებია“ და „ლურსმანი ჩექმაში“ საბჭოთა ცენზურამ აკრძალა. 1928 წელს თბილისის კინოსტუდიაში სიკო დოლიძემ ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კინოქრონიკის სექტორი. ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქართულ მულტიპლიკაციას, რომლის მამამთავარი იყო ვლადიმერ მუჯირი. მან შექმნა ფილმები „შორს აკვანი“ (1930) და „არგონავტები“ (1936).
30-40-იანი წლების ქართულ კინოს საბჭოთა სახელმწიფოებრივი იდეოლოგია სოციალისტური რეალიზმი განსაზღვრავდა. ამ პერიოდის ფილმებს ხშირად პროპაგანდისტული, სააგიტაციო ხასიათი ჰქონდათ. ასეთ ფილმებს შორის აღსანიშნავია მიხეილ ჭიაურელის ეპიკურ-ისტორიული ფილმები „არსენა“ (1937), „გიორგი სააკაძე“ (1942-43), „დიადი განთიადი“ (1938 წ.), „ჯურღაის ფარი“ (ს. დოლიძე, დ. რონდელი, 1944 წ.), „ფიცი“ (1946 წ.), „ბერლინის დაცემა“ (1950 წ.), „დაუვიწყარი 1919 წელი“ (1952 წ.). ამავდროულად, 30-40-იან წლებში იქმნებოდა კომედიური ფილმები „ჟუჟუნას მზითევი“ (1934 წ.) „დაკარგული სამოთხე“ (დ. რონდელი, 1937 წ.), „ჭირვეული მეზობლები“ (შ. მანაგაძე, 1945 წ.), „ქეთო და კოტე“ (ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1948 წ.), „ჭრიჭინა“ (ს. დოლიძე, 1954 წ.).
40-იან წლებში, დიდი სამამულო ომის დროს შემცირდა ფილმების წარმოება. ქართული კინოს აღორძინება დაიწყო 50-იან წლებში. 1953 წელს სახკინმრეწვის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კინოსტუდია „ქართული ფილმი“, სადაც ხდებოდა ყველა ქართული ფილმის გადაღება. 1958 წელს კინოქრონიკის სექტორის ბაზაზე ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ-ის დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია. საეტაპო ფილმი იყო რეზო ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის „მაგდანას ლურჯა“, რომელიც ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის ეკრანიზაცია იყო. მას, ისევე როგორც აბულაძის სხვა ფილმს „სხვისი შვილები“ იტალიური ნეორეალიზმის გავლენა იგრძნობოდა. „მაგდანას ლურჯამ“ კანის და ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები დაიმსახურა. პოპულარობით სარგებლობდა რეზო ჩხეიძის ჰეროიკული დრამა „ჯარისკაცის მამა“ და მთავარი როლის შემსრულებელი სერგო ზაქარიაძე.
რეჟისორების ახალი ტალღა საქართველოში 60-იანი წლებიდან გამოჩნდა. 1968 წელს შეიქმნა ქართული ტელეფილმების სტუდია. 60-70-იანი წლები ქართული კინოს აღორძინების პერიოდია. ამ დროს მოღვაწეობდნენ ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი და სხვები. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. მკაცრი ცენზურის პირობებში ქართველი კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდისთვის და შეხბოდნენ აქტუალური სოციალური და ზნეობრივ პრობლემებს. ამიტომაც ქართულ კინოში იგავური ფორმა დამკვიდრდა. ფილმები „თეთრი ქარავანი“ (ე. შენგელაია, თ. მელიავა, 1963 წ.) „ალავერდობა“ (გ. შენგელაია, 1963 წ.), „გიორგობისთვე“ (ო. იოსელიანი, 1966 წ.), „დიდი მწვანე ველი“ (მ. კოკოჩაშვილი, 1967 წ.) „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (ე. შენგელაია, 1968 წ.) არსებული სოციალური სისტემის შეფარული კრიტიკა იყო.
60-იანი წლებშივე რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ სათავე დაუდო ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს სერიას. მან ორიგინალურად გაიაზრა მუნჯი კინოს. 70-იან წლებში ბევრი მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმი შეიქმნა: ბაადურ წულაძის „ფეოლა“ (1970 წ.), ირაკლი კვირიკაძის „ქვევრი“ (1970 წ.) გურამ პატარაიას „რეკორდი“ (1973 წ.). დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1975-1978 წლებში გამოსული მრავალსერიიანი ფილმი „დათა თუთაშხია“, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გაბესკირიამ ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. აბრაგის როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნა თავისი უკანასკნელი ნამუშევრები: „ამბავი სურამის ციხისა“ (1984 წ.) და „აშუღ-ყარიბი“ (1988 წ.) სერგო ფარაჯანოვმა, რომლის ხელოვნება აღმოსავლური კულტურის ტრადიციებიდან და თბილისური ფოლკლორიდან იღებს სათავეს. ქალ რეჟისორებს შორის გამოირჩა ლანა ღოღობერიძე. მისმა ფილმმა „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1980) სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიიღო.
1972 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში შეიქმნა კინოხელოვნების ფაკულტეტი, ხოლო თავად ინსტიტუტი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ინსტიტუტმა ქართველი კინემატოგრაფისტების ახალი თაობა დაბადა: თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, ალეკო ცაბაძე, გოდერძი ჩოხელი, ნანა ჯანელიძე, ლევან თუთბერიძე და სხვები. მათი მოღვაწეობა საბჭოთა კავშირი ნგრევას და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს დაემთხვა. ამის გამო მათ მხოლოდ რამდენიმე ფილმის გადაღება მოახერხეს.
დამოუკიდებლობის შემდეგ
რედაქტირება1990-იანი წლები ქართული კინოში სტაგნაციის პერიოდი იყო. უსახსრობის გამო ცალკეულ ფილმებზე მუშაობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. მრავალი კინემატოგრაფისტი საერთოდ ჩამოშორდა შემოქმედებით პროცესს. ამ პერიოდში ფილმების მინიმალური რაოდენობა გადაიღეს. გამონაკლისი იყო 1996 წელს გადაღებული „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, რომელიც ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროდუქცია იყო და დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, მოხვდა რა ოსკარის ნომინანტთა სიაში საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში. 2013 წელს რეჟისორ ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ქართულ-ესტონური პროდუქცია „მანდარინები“ დასახელებული იყო ოქროს გლობუსისა და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში, მოიგო საერთაშორისო პრესის აკადემიის პრესტიჟული ჯილდო, გაიმარჯვა მრავალ საერთაშორისო ფესტივალებზე.
ქართული კინოს დღე
რედაქტირებასაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №588 ბრძანებულებით, დაწესდა ქართული კინოს დღე, რომელიც აღინიშნება 15 მაისს. [9]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქ. სსრ, თბ.. — გვ. 304-307.
- მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.
- გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013, ISBN 978-9941-0-5910-0.
- თაბუკაშვილი ო., „ნიკოლოზ შენგელაია“, თბილისი, 1974
- სეფიაშვილი ო,. „ეკრანი და დრო“, თბილისი, 1969
- ბაქრაძე ა., „კინოკრიტიკული ეტიუდები“, თბილისი, 1966
- გოგოძე კ. „ნარკვევები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან“, თბილისი, 1950
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზეთი „კაუკაზიშე პოსტი“ N37 — 1908 წ.
- ↑ გოგი დოლიძე, „ქართული კინო გუშინ და დღეს“, კინემატოგრაფიული ძიებანი, ხელოვნება გვ. 116-119 — 1985 წ.
- ↑ Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 77 — Cambridge University press. 1992
- ↑ კერესელიძე მ., „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ გვ. 11 — Bilnet, 2011
- ↑ გოგიტიძე, 2013, გვ. 47
- ↑ Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s" გვ. 87 — Cambridge University press. 1992
- ↑ ამირეჯიბი ნ., „დროთა ეკრანი“ // „ხელოვნება“ გვ. 13 — 1990 წ.
- ↑ გოგოძე კ., ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციის საკითხისათვის // საბჭოთა ხელოვნება : ჟურნალი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966, № 10, გვ. 32-43.
- ↑ ,,ქართული კინოს დღის დაწესების შესახებ”