სურამის ციხე (ფილმი)
სურამის ციხე — 1923 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული ივანე პერესტიანის მიერ. „სურამის ციხე“ იყო ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული პირველი ქართული საბჭოთა ფილმი. გადაღებულია დანიელ ჭონქაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. „სურამის ციხეში“ რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა უკანასკნელად ითამაშა, როგორც მსახიობმა. პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანებზე შედგა 1923 წლის 16 ნოემბერს.
„სურამის ციხე“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ივანე პერესტიანი |
პროდიუსერი | გერმანე გოგიტიძე |
სცენარის ავტორი | ივანე პერესტიანი |
ნაწარმოები |
სურამის ციხე — დანიელ ჭონქაძე |
როლებში | ამო ბეკ-ნაზაროვი, მიხეილ ჭიაურელი |
ოპერატორი | ბორის ზაველევი |
მხატვარი |
ევგენი ლანსერე ვალერიან სიდამონ-ერისთავი კ. ტირი ვ. აკიშნი |
სტუდია | საქართველოს სსრ განსახკომის კინოსექცია |
გამოსვლის თარიღი | 16 ნოემბერი, 1923 |
ხანგრძლივობა | 65 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | მუნჯი |
სიუჟეტი
რედაქტირებაყმა დურმიშხანი, რომელსაც მხევალი ვარდუა უყვარს, ყმობისაგან თავის დასახსნელი და ვარდუაზე დასაქორწინებელი ფულის საშოვნელად ვაჭრობით გამდიდრებულ ოსმან–აღას დაუდგება ნოქრად. საქმეში გაუმართლებს, მდიდარ ქალსაც შეირთავს და მისი ლოდინით განაწამებ ვარდუას დაივიწყებს. წლების შემდეგ, ცნობილ მკითხავად ქცეული ვარდუა მოღალატე შეყვარებულზე შურს იძიებს. მისი რჩევით სურამის ციხის კედლის გასამაგრებლად მშენებლები მასში დურმიშხანის ერთადერთ ვაჟს, ზურაბს ცოცხლად ჩაატანენ. გამწარებული დურმიშხანი მკითხავში ვარდუას იცნობს. ქალი დურმიშხანს ხანჯლით განგმირავს და თვითონაც თავს მოიკლავს.
როლებში
რედაქტირება- ამო ბეკ-ნაზაროვი — დურმიშხანი
- მიხეილ ჭიაურელი — ოსმან აღა
- თამარ საყვარელიძე — ვარდუა
- ტატიანა მაქსიმოვა — გაიანე - დურმიშხანის ცოლი
- ლ. გალუსტიანი — ზურაბი – დურმიშხანის შვილი
გადაღება
რედაქტირება„სსრკ რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარიატის კინოსექცია მიისწრაფვის უკვდავყოს მშობლიური მხარის მწერლები და ამ მიზნით ასურათებს მათ ნაწამოებებს. პირველ რიგში დაყენებულია ის მწერლები, რომელთა შემოქმედებასაც სოციალური მიმართულება აქვს, ასეთ მწერალთა შორის პირველი ადგილი დანიელ ჭინქაძეს უჭირავს“
| |
(სახკინმრეწვის განცხადება[1])
|
ასე გადაწყდა რიგით მეორე ქართლ საბჭოთა ფილმად „სურამის ციხის“ გადაღება. სურამის ციხის კედლის ამოშენებისას საჭირო იყო პარაკლისისს გადაღება, რისთვისაც დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის დახმარებით 12 მღვდელმა მიიღო ფილმში მონაწილეობა. სცენა თბილისის ბოტანიკურ ბაღში იქნა გადაღებული. მღვდლებმა გასამრჯელოდ თუმანი, ეპისკოპოსმა კი 10 თუმანი მიიღეს. პერესტიანმა ფილმის მონტაჟისას პარაკლისის სცენას ტიტრები „პირფერობა, ფარისევლობა, ცრუმორწმუნეობა“ გაუკეთა. ფილმში მონაწილე მღვდლებმა ამის გამო კათოლიკოს-პატრიარქთან იჩივლეს. გერმანე გოგიტიძემ დახურული ჩვენება მოაწყო კათოლიკოს-პატიარქისთვის, სადაც აჩვენა ფილმის ვერსია, რომელშიც სადავო ტიტრი ამოღებული იყო, მაგრამ კინოთეატრებში ჩვენებისას ტიტრი მაინც დააბრუნა.
ფილმზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ კინოსექციამ მისი 14 ასლი დაბეჭდა და გაავრცელა კინოთეატრებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.
- გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013. — გვ. 81-83, ISBN 978-9941-0-5910-0.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კარლო გოგოძე, „ი.ნ. პერესტიანი“ გვ. 25 — „ხელოვნება“, თბილისი, 1957