მუშთაიდის ბაღი

(გადამისამართდა გვერდიდან მუშტაიდის ბაღი)

მუშთაიდის ბაღი — ბაღი საქართველოს დედაქალაქ თბილისში.

გააშენა 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზმა, რომელიც აზერბაიჯანში ირანის შიიტების რელიგიური ლიდერი — მუჯთაჰიდი იყო. გადმოცემით, მუჯთაჰიდმა დასასახლებლად თბილისი ქართველი ცოლის გამო აირჩია, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული.

1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები, სპექტაკლები. XIX საუკუნის ბოლოს ბაღში გამართული იყო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა. მეფის რუსეთის დროს ბაღი ეკუთვნოდა ვინმე ვაჭარ გორგიჯანოვს.

1935 წელს 24 ივნისს პარკი განახლდა და ეწოდა სერგო ორჯინიკიძის სახელობის კულტურისა და დასავენების ცენტრალური პარკი.[1] მასში მოქმედებდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.[2] ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის, ძელქვის კორომი.

1887 წელს ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური. სადგურის მთავარი შენობა 1892 წელს აიგო (არქ. ალექსანდრე შიმკევიჩი, ნ. შავროვის მონაწილეობით). კომპლექსის დიდი ნაწილი (გრენის დასამზადებელი, აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი და საგრეხი კორპუსი, ე. წ. საჭიე ბინა და სხვ.) დროთა განმავლობაში დაინგრა. მთავარი შენობა კი, სადაც დღეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმია მოთავსებული, თავდაპირველი სახით არის მოღწეული (გ. ცაბაძის ქ. N6).

ორსართულიანი შენობა ეკლექტური სტილისაა. შეულესავი აგურის ნაგებობას ქვის მაღალი ცოკოლი აქვს; სიმეტრიული ფასადი ორი განაპირა და ცენტრალური ფართო რიზალიტით არის დაყოფილი. მთავარი შესასვლელის პორტიკის ბრტყელი გადახურვა ბალუსტრადით არის დასრულებული. პირველი სართულის ღიობები სამყურათაღოვანია, მეორე სართულისა კი — თაღოვანი. მათი ალათები მედალიონებით, ვარდულებითა და რომბებით შედგენილ გეომეტრიულ ნახატს ქმნის.

ინტერიერის მორთულობის უჩვეულო დეტალები ნაგებობის დანიშნულებას ესადაგება. აქ კლასიკური არქიტექტურის ელემენტების ერთიან თეთრ ფონზე (ფრიზი, კარნიზი, პილასტრი და სხვ.) მკაფიოდ გამოიყოფოდა აბრეშუმის თემაზე შესრულებული სხვადასხვა ფერის ნაძერწი ფორმები (თუთის ფოთოლი, ჭია, პარკი, ჭუპრი, გრენა). მუზეუმის დარბაზსა და ბიბლიოთეკაში შემონახულია ა. შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული ავეჯი.

სადგურის თანამშრომელთათვის აგებული სახლი (დ. აღმაშენებლის გამზ. N184) ძველთბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი, 2006, მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება