შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან თეატრალური ინსტიტუტი)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი — დარგობრივი ტიპის უნივერსიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის მართვის და ხელოვნების საშემსრულებლო თუ გამოყენებით დარგებში კვალიფიციური კადრების მომზადებას; ინტერდისციპლინარული ხასიათის სასწავლო გეგმების განვითარებას.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1923
ატარებს სახელს შოთა რუსთაველი
ტიპი საჯარო
რექტორი გიორგი შალუტაშვილი
კანცლერი გიორგი ხარებავა
ვიცე-კანცლერი გიორგი ფხაკაძე
დეკანები ანდრო ენუქიძე, დავით ჯანელიძე, ზვიად დოლიძე
მისამართი რუსთაველის გამზ. № 19, თბილისი, საქართველო.
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი +(995 32) 2999411
მეტსახელი თეატრალური
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი — საქართველო
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
http://www.tafu.edu.ge/

თეატრალური სტუდიების მომრავლება საქართველოში XX საუკუნის ათიან წლებში შეინიშნება. ლადო მესხიშვილმა და ვალერიან გუნიამ 1911 წელს დააარსეს დრამატული კურსები, გიორგი ჯაბადარმა თავისი სტუდია 1913 წელს შექმნა. 1919 წელს კოოპერატივთა კავშირთან დაფუძნდა დრამატული სტუდია. 1921 წელს გერმანე გოგიტიძე იღვწოდა სასწავლო კინოსტუდიის შესაქმნელად. 1922 წელს დაარსდა აკაკი ფაღავას სათეატრო სტუდია.

1923 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით (ოქმი N31) დაარსდა სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი. თუმცა ინსტიტუტი აკაკი ფაღავას სტუდიის ბაზაზე შეიქმნა, ეს უკვე თვისობრივად ახალი სტრუქტურა — სახელმწიფო დაწესებულება იყო. ამ პერიოდიდან სასცენო განათლებაზე სახელმწიფო იწყებდა ზრუნვას.

საწყის ეტაპზე ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ: აკაკი ფაღავა (რექტორი), კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ნიკო შიუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე.

1926 წელს ინსტიტუტი დაიშალა. მის მაგივრად რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებთან შეიქმნა დრამატული სტუდიები. სახკინმრეწვთან კი კინოსამსახიობო კურსები. 1939 წელს აკაკი ხორავას თაოსნობით, (რომელიც 1923 წელს შექმნილი ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო) ისევ აღდგა თეატრალური ინსტიტუტი.

აღდგენის დღიდან თეატრალური ინსტიტუტი განუხრელად იზრდებოდა. წარმოიქმნა ახალი კადრები და განყოფილებები. 1940 წელს ინსტიტუტში არსებობდა შემდეგი კათედრები: ხელოვნებათმცოდნეობის, მსახიობის ოსტატობის, რეჟისურის, ენისა და ლიტერატურის, მარქსიზმ-ლენინიზმის, 1941 წელს გაიხსნა თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1949 წელს შეიქმნა მეტყველების კათედრა და სასცენო მოძრაობის კათედრა. 1956 წელს სამსახიობო ფაკულტეტს შეემატა მუსიკალური განყოფილება. 1958 წელს დაარსდა მუსიკალური კომედიის კათედრა. ამავე წელს ინსტიტუტმა გამოუშვა პირველი აფხაზური ჯგუფი, 1964 დაღესტნისათვის მომზადდა სამსახიობო კადრები. 1965 წელს დაარსდა სარეჟისურო-საბალეტმეისტერო განყოფილება. 1967 წელს ინსტიტუტმა გამოუშვა ჯგუფი რუსული თეატრისათვის. 1970 წელს პირველად გამოიცა სამეცნიერო ნაშრომების კრებული „თეატრმცოდნეობითი ძიებანი“. ამავე წელს შეიქმნა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის კვლევითი სამეცნიერო სექტორი. 1972 წელს გაიხსნა კინომცოდნეობის ფაკულტეტი და ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტი. 1973 წელს შეიქმნა სოციოლოგიის კაბინეტი. 1971 წელს მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრა ორად გაიყო. იმავე წელს დაარსდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1975 წელს ორგანიზებულ იქნა სასწავლო კინოსტუდია.

1983 წელს გაიხსნა დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი. 1978-1986 წლებში ტარდებოდა სტუდენტთა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფესტივალი „ამირანი“. 1989 წელს მარქსიზმ-ლენინიზმის ისტორიის საგანი შეიცვალა, საზოგადოებრივ-მეცნიერებათა საგნით. 1989 წლიდან კინოფაკულტეტის სტუდენტები სისტემატურად მონაწილეობდნენ მიუნხენის უმაღლესი კინოსასწავლებლების ფესტივალზე. 1991 წელს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მოსამზადებლად გაიხსნა ასპირანტურა-სტაჟირების განყოფილება. 1992 წელს შეიქმნა სახვითი ხელოვნების კათედრა.

სტრუქტურა და მართვა

რედაქტირება

1992 წელს ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და იწოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტად. 1993 წელს დაარსდა კინოს ისტორიისა და თეორიის კათედრა. 1993 წელს ინსტიტუტის სამეცნიერო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები რის შედეგადაც სამეცნიერო კვლევითი განყოფილება შემდეგი დანაყოფებით დაკომპლექტდა :

  1. თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევითი სექტორი.
  2. სოციალური კვლევისა და შემოქმედებითი ფსიქოლოგიის ლაბორატორია.
  3. თეატრიის ისტორიის კაბინეტი.
  4. კინოს ისტორიის კაბინეტი.
  5. სამეცნიერო სასწავლო ბიბლიოთეკა.
  6. სარედაქციო განყოფილება.
  7. ასპირანტურა.
  8. დოქტურანტურა.
  9. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.
  10. მოსწავლეთა თეატრალური აღზრდის პრობლემების შემსწავლელი ლაბორატორია.
  11. პროფესორ-მასწავლებელთა საკონკურსო კომისია.

1999 წელს შეიქმნა საავტორო ტელევიზიის კათედრა. ამავე წელს დაფუძნდა სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირი. 2001 წელს დაარსდა ლიტერატურული თეატრი.

2005 წელს თეატრის და კინოს უნივერსიტეტში დაიწყო რეფორმების განხორციელება, განხორციელდა რიგი სტრუქტურული ღონისძიებებისა, აგრეთვე სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის რეორგანიზება, უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვა.

2005 წლის 12 მარტს რექტორად აირჩიეს პროფესორი გიორგი მარგველაშვილი.

დღეისათვის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და პედაგოგები, მოღვაწეობენ საქართველოში არსებულ ყველა თეატრში, კინოსტუდიასა და ტელეკომპანიაში. ამ გზით უნივერსიტეტში წარმოშობილი იდეები, ტენდეციები, მიმართულებები, სტილური, ჟანრული და თემატური ძიებები თავისებურ განვითარებას პოულობს ერთიან ქართულ კულტურულ სივრცეში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება