აკაკი ნესტორის ძე ფაღავა (დ. 15 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნავო, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ივნისი, 1962, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1962).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაწყებითი განათლება მიიღო სენაკში და 1899 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1908 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და სიტყვიერების განყოფილებაზე, პაალელურად სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სარეჟისორო განხრით, რომლის კურსის დასრულების შემდეგ მიიღეს სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ. 1913 წელს კ. სტანისლავსკის, ა. ბენუასა და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად მონაწილეობდა მოლერის „ეჭვით ავადმყოფის“, და „ძალად დაქორწინების“ დადგმაში. მალე სამხატვრო თეატრის კოლეგიის წევრადაც შეიყვანეს.

1915 წელს ა. ფაღავა სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. შემდეგ, რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში, მთელ ენერგიას ახმარდა მისი განვითარების საქმეს.

მართალია, ამ დროისათვის საქართველო განიცდიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ახალგაზრდა ხელოვანი არ შეუშინებია სიძნელეებს, 1920 წელს შეაგროვა დაქსაქსული მსახიობები, შეადგინა დასი, სპექტაკლების მოსამზადებლად დაბა სურამში წაიყვანა, იქიდან დაბრუნებულნი ძალით შეიჭრნენ არტისტული საზოგადოების (დღევანდელი რუსთაველის თეატრი) შენობაში და „ტარტოს“ სპექტაკლების პარალელურად შეუდგნენ ქართული წარმოდგენების გამართვას. ასე განაგრძო იმ თეატრმა არსებობა, რომელიც დღეს რუსთაველის სახელით არის ცნობილი. 1922 წელს აკაკი ფაღავამ თბილისში საფუძველი ჩაუყარა თეატრალურ სტუდიას, რომელსაც 1924 წელს თეატრალური ინსტიტუტის უფლებები მიენიჭა, ხოლო 1939 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ღვაწლმოსილი რეჟისორი წლების მანძილზე იყო ამ ინსტიტუტის პრორექტორი და თეატრის ისტორიის კათედრის გამგე სიცოცხლის ბოლომდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ა. ფაღავამ 1924 წელს თბილისის კონსერვატორიასთან ჩამოაყალიბა საოპერო სტუდია და ხელმძღვანელობდა საოპერო კლასს. მასვე ეკუთვნის საქართველოში თეატრალური საზოგადოების დაარსების პრიორიტეტი.

ფასდაუდებელია ა. ფაღავას, როგორც რეჟისორის, თეატრმცოდნეობის ღვაწლი. მან ჯერ კიდევ 21 წლისამ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართული თეატრი“. საინტერესო ნაშრომმა ქართულ საზოგადოებაში ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ქართული თეატრალური ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეს, 1962 წელს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება, დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ტერეზა ფარნაოზის ასული გრიგალაშვილი (დ. 14 მაისი, 1888, ქუთაისი — გ. 5 აპრილი, 1976, თბილისი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 335, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება