ქრისტინე (ფილმი)
„ქრისტინე“ — პირველი ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებულია 1916-18 წლებში ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ფილმის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე წუწუნავა.
„ქრისტინე“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ალექსანდრე წუწუნავა, გერმანე გოგიტიძე |
პროდიუსერი | გერმანე გოგიტიძე |
სცენარის ავტორი | ალექსანდრე წუწუნავა |
ნაწარმოები |
ქრისტინე — ეგნატე ნინოშვილი |
როლებში | ანტონინა აბელიშვილი |
ოპერატორი |
ალექსანდრე შუგერმანი, ალექსანდრე დიღმელოვი |
მხატვარი | დიმიტრი შევარდნაძე |
დისტრიბუტორი | გერმანე გოგიტიძე |
გამოსვლის თარიღი | 26 მაისი, 1919 |
ხანგრძლივობა | 50 წთ |
ქვეყანა | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ენა | მუნჯი |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი გლეხი ქალის ბედუკუღმართ ცხოვრებას ასახავს. ღარიბი გლეხის ქალიშვილ ქრისტინეს გარყვნილი აზნაური უქმაძე დააორსულებს და შემდეგ მიატოვებს. ყველასგან მოძულებული ქრისტინე შვილს მშობლებთან ტოვებს და თბილისში მიჰყვება ნაცნობ ქალს, რომელიც საროსკიპოში მიიყვანს. მრავალი წლის შემდეგ ქრისტინე დასნეულდება, დასახიჩრდება, გალოთდება და მათხოვრობით ირჩენს თავს. საბოლოოდ ქალი სრულიად უპატრონოდ, საავადმყოფოში გარდაიცვლება.
როლებში
რედაქტირება- ანტონინა აბელიშვილი — ქრისტინე
- გრიგოლ ფრონისპირელი — იასონი
- ვასო არაბიძე — დათია
- სოფიო ყიფშიძე — მარიკა
- მარგარიტა გოგოლაშვილი — სონა
- ბაბო როსტომაშვილი — ნატა
- ცეცილია წუწუნავა — მარინე
გადაღება
რედაქტირებაფილმის გადაღების იდეა გაუჩნდა გერმანე გოგიტიძეს ოზურგეთში, საკუთარ კინოთეატრში ერთ-ერთი იტალიური ფილმის ნახვის შემდეგ. მანვე შეარჩია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინე“. ფილმის დაფინანსებისთვის გოგიტიძემ მიმართა აკაკი ხოშტარიას, მაგრამ მისგან დაფინანსება ვერ მიიღო. ამის შემდეგ მან სესხი აიღო ამიერკავკასიის ბანკისგან. ფილმის რეჟისორად გოგიტიძემ ალექსანდრე წუწუნავა აიყვანა. წუწუნავა კარგად იცნობდა მასალას, რადგან „ქრისტინე“ პოლიო ირეთელის 1909 წლის სცენარის მიხედვით დადგმული ჰქონდა თბილისის, ჭიათურისა და ბაქოს თეატრებში. გადასაღები ტექნიკით გადამღებ ჯგუფს პოლკოვნიკი სიმონ ესაძე დაეხმარა.
პირველ ხანებში ფილმს არაპროფესიონალი ოპერატორი იღებდა, მაგრამ შემდეგ გოგიტიძემ მიიწვია ალექსანდრე შუგერმანი, სამხედრო ქრონიკების კინოოპერატორი. ამისთვის მას ამიერკავკასიის უმაღლესი სარდლობის ნებართვა დასჭირდა. გადაღებები თბილისსა და გურიაში მიმდინარეობდა. სოფელ ლიხაურში გოგიტიძემ გლეხისგან სამზადი სახლი შეიძინა და მას სახურავი და ერთი კედელი მოაცილა, რათა გადასაღები ადგილი კარგად განათებულიყო.[1]
წუწუნავასა და გოგიტიძეს უთანხმოება მოუვიდათ ქრისტინეს როლის შემსრულბლის შერჩევასთან დაკავშირებით. გოგიტიძეს ამ როლზე ანეტა ქიქოძე, მხატვარ შალვა ქიქოძის და სურდა. წუწუნავამ კი არჩევანი შეაჩერა ანტონინა აბელიშვილზე. აბელიშვილი 40 წლის იყო, მაშინ როცა ქრისტინე 15-16 წლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ წუწუნავამ თავისი გაიტანა. რეჟისორი ქიქოძეს იმიტომ იწუნებდა, რომ ეს უკანასკნელი ქრისტინეს როლს თეატრში ასრულებდა და წუწუნავა შიშობდა, ქიქოძეს კინოში თეატრალური შტამპები არ შეეტანა. სხვა ვერსიის მიხედვით კი წუწუნავასა და აბელიშვილს რომანი ჰქონდათ. გოგიტიძესა და წუწუნავას უთანხმოება ჰქონდათ ოპერატორთანაც, ერთხელ სოფელ აჭში გადაღებების დროს წუწუნავამ შუგერმანს ხელიც კრა და გორაკიდან დააგორა. შუგერმანი დაითხოვეს და მის ნაცვლად ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი გახდა.
1916 წელს წუწუნავამ ფილმის სამი ნაწილი გადაიღო, პარალელურად კი ბაქოს დრამატულ თეატრში დგამდა სპექტაკლებს, რაც გადაღებებს აჭიანურებდა, 1917 წელს კი სულ მიატოვა გადაღებები და როსტოვში გაემგზავრა, სადაც კონტრაქტი ჰქონდა იქაურ თეატრთან. ბაქოსა და როსტოვში წუწუნავა 1918 წლის ბოლომდე გაჩერდა. მას აკმაყოფილებდა, რაც გადაიღო. მისი ვერსიით ფილმი ქრისტინეს თბილისში ჩასვლით უნდა დასრულებულიყო. გოგიტიძეს კი ფილმის გამძაფრება სურდა, ამიტომ მანთავად გადაიღო ბოლო ორი ნაწილი. გადაღებები 1917 წლის ოქტომბერში დასრულდა.[2]
პრემიერა
რედაქტირებაფილმი ეკრანებზე გამოსასვლელად მზად იყო 1918 წლის აპრილში, მაგრამ გურიაში ოსმალეთის იმპერიის ჯარები შეიჭრნენ და ოზურგეთი და რამდენიმე სოფელი დაიკავეს. ოსმალებმა გაანადგურეს გოგიტიძეს ქონება ფილმის ორიგინალი ფირი. მხოლოდ თბილისში შენახული ასლების მეშვეობით მოხერხდა ფილმის აღდგენა. აღდგენა დასრულდა 1918 წლის 8 ოქტომბერს.
პრემიერა 1919 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლისთავზე კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა. გოგიტიძემ ფილმის ჩვენებები მთელ საქართველოში გამართა. იქ, სადაც ელექტროენერგია არ იყო, ის საბარგო მანქანაზე დამონტაჟებული სპეციალური დანადგარით აჩვენებდა მაყურებელს.[3] მიუხედავად ამისა, ფილმი კომერციულად მაინც წამგებიანი აღმოჩნდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.
- გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013, ISBN 978-9941-0-5910-0.