გერმანე გოგიტიძე
გერმანე გოგიტიძე (დ. 12 სექტემბერი, 1886, ჭალა — გ. 7 მარტი, 1960, თბილისი) — ქართველი კინოხელოვანი, პროდიუსერი, ქართული კინოწარმოების ერთ-ერთი პიონერი, გოგიტიძის დამსახურებით ქართულ კინოწარმოებას მიეცა სისტემატური ხასიათი.
გერმანე გოგიტიძე | |
---|---|
გერმანე გოგიტიძე მეუღლესთან ერთად | |
დაბადების თარიღი |
12 სექტემბერი, 1886 ჭალა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
7 მარტი, 1960 (73 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | კინოპროდიუსერი |
მეუღლე(ები) | ნადია ქადეიშვილი, ანეტა სიხარულიძე |
შვილ(ებ)ი |
იოსებ გოგიტიძე (1914-1994), რევაზ გოგიტიძე (1918-2013) |
მშობლები | მამა: იოსებ გოგიტიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისში, კერძო პანსიონში. შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის გიმნაზიაში, სადაც დაინტერესდა თეატრით, მონაწილეობა მიიღო სამოყვარული სპექტაკლში და განასახიერა ქალის როლი. გიმნაზიაში სწავლა დაასრულა 1904 წელს და მეუღლესთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ, ჯერ ლაიფციგში, შემდეგ პარიზში. საფრანგეთში 1905-1910 წლებში სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. საფრანგეთში ყოფნის დროს შეეძინა ორი შვილი, რომლებიც გრიპის ეპიდემიით დაიღუპნენ.
სწავლის დასრულების შემდეგ, 1910 წელს დაბრუნბდა ოზურგეთში. 1914 წელს ოზურგეთში გახსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი 300-კაციანი დარბაზით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა. იყო ინიციატორი და სულისჩამდგმელი პირველი ქართული მხატვრული ფილმის გადაღებისა. 1916–1918 წლებში ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად გადაიღო „ქრისტინე“, რომლის ჩვენება 1919 წელს შედგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო დოლუმენტური ფილმების გადაღება. გადაიღო „დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს“, „სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში“,, „1919 წლის 26 მაისი“. 1919 წელს გოგიტიძემ დადო ხელშეკრულება კოოპერატივების კავშირთან, რომლის მიხედვით გოგიტიძის ფილმების ჩვენება საქართველოს რეგიონებში ჩატარდებოდა, შემოსული თანხა კი გაიყოფოდა. გოგიტიძემ განაგრძო კინოქრონიკების გადაღება და გადაიღო „აზერბაიჯანის ფრონტი“, „ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის“, „ბათუმის სიმაგრეები“ „გორის მიწისძვრა“, „მეორე ინტერნაციონალის ლიდერთა დელეგაცია“, „სახალხო გვარდიის სასოფლო მუშაობა“, „აჭარა“, „სახალხო გვარდიელთა ჯირითი“, „ბათუმის პროტესტი“, „1920 წლის 26 მაისი“, „გორის წისქვილი“.
1920 წელს მოხდა კინოწარმოების ნაციონალიზაცია. გოგიტიძე გახდა სახელმწიფო კინოწარმოების ხელმძღვანელი. მთავრობამ მას თბილისში ბინა გამოუყო. გოგიტიძემ წარადგინა კინოწარმოების გეგმა, რომლის მიხედვით უნდა გადაღებული 52 ფილმი, მათ შორის სამი დიდი ფილმი „ვეფხისტყაოსნი“, ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვრის“ და ალ. სუმბათაშვილის „ღალატის“ მიხედვით, ასევე კომედიები, საბავშვო ფილმები, სამეცნიერო და სანახაობრივი ფილმები.
1921 წელს გოგიტიძე დაინიშნა საქართველოს სსრ-ის განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციის დირექტორად, 1923 წლიდან კი „სახკინმრეწვის“ დირექტორ–განმკარგულებლად. მისი ხელმძღვანელობით კინოსექციამ გამოუშვა ფილმები „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921), „მოძღვარი“ (1922), „სურამის ციხე“ (1923), „წითელი ეშმაკუნები“ (1923), „მამის მკვლელი“ (1923), და „კაცი კაცისთვის მგელია“ (1923). გოგიტიძემ დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში; მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება.
1920-იანი წლების შუა ხანებში წელს გოგიტიძე მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ ფრიც ლანგთან შესახვედრად, რათა განეხილათ „ვეფხიტყაოსნის“ ეკრანიზაციის საკითხი. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას. გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე ზაჰესსა და რიონჰესს ავაშენებდითო.[1] გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
1928 წელს გოგიტიძე ეწინააღმდეგებოდა ფილმ „ჯანყი გურიაში“ გადაღებას, რადგან მიაჩნდა, რომ ფილმს დიდი დანახარჯები დასჭირდებოდა, წარმატებული კი არ გამოვიდოდა. ბიუჯეტის გადახარჯვის გამო გოგიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ირანში ფილმების დისტრიბუციის საკითხის მოსაგვარებლად გაგზავნეს, თუმცა ეს წამოწყება არ შედგა. ამის შემდეგ გოგიტიძე კინოს აღარ დაბრუნებია.
1940-იან წლებში გოგიტიძე მუშაობდა საქწიგნში ლიტერატურის გავრცელების საკითხებზე. 1949 წლის 8 აპრილს გოგიტიძე დააპატიმრეს და აიძულებდნენ ეღიარებინა უცხო ქვეყნის ჯაშუშობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მისი ვაჟი რევაზი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, საფრანგეთში დარჩა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. წამების შემდეგ გოგიტიძემ აღიარა ჯაშუშობა და 1950 წელს ის 15 წლით კომის ასსრ-ში გადაასახლეს, სადაც მუშაობდა ქვანახშირის მოპოვებასა და სხვა მძიმე სამუშაოებზე. პატიმრობიდან ვადაზე ადრე, 1956 წლის 13 ივლისს გაათავისუფლეს.
ავტორია წიგნისა „ქართული კინოს წარსულიდან“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 98-99.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 62.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 198.
- გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013, ISBN 978-9941-0-5910-0.
- იმედაშვილი ი. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. - გვ. 636
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გოგოძე კ., ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციის საკითხისათვის // საბჭოთა ხელოვნება : ჟურნალი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966, № 10, გვ. 32-43.