მოძღვარი (ფილმი)
მოძღვარი — 1922 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვლადიმერ ბარსკის მიერ. გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
„მოძღვარი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ვლადიმერ ბარსკი |
სცენარის ავტორი | ალექსი უსტიაშვილი |
როლებში | შალვა დადიანი, გიორგი დავითაშვილი |
ოპერატორი | ალექსანდრე დიღმელოვი |
სტუდია | საქართველოს სსრ განსახკომის კინოსექცია |
გამოსვლის თარიღი | 1922 |
ხანგრძლივობა | 54 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ |
ენა | მუნჯი |
სიუჟეტი
რედაქტირებაბოქაულ გელაზე იძულებით გათხოვილი მაყვალა მწყემსი ონისეს სიყვარულს ვერ დაივიწყებს და ქმარს გაექცევა, მაგრამ თემის კანონით კვლავ ოჯახში მოაბრუნებენ. გელა ონისეს შინ შეისწრებს და დაჭრის. თემი სამივეს გაასამრთლებს და სოფლიდან მოიკვეთს. თოვლში გათოშილ მაყვალას მოძღვარი ონოფრე იპოვის და შეიფარებს. მალე მაყვალას მოკლულს ნახავენ, დანაშაულს მოძღვარს დააბრალებენ და გააციმბირებენ. ონისე თემის წინაშე აღიარებს, რომ მაყვალას დათმობას მისი მოკვლა არჩია. ცოლის მკვლელს გელა ხანჯლით განგმირავს. თემი გელას ჩაქოლავს, საქმეს კი ხელმეორედ გაარჩევს. მოძღვარს გაამართლებენ, მაგრამ გათავისუფლების ქაღალდი გადასახლებაში ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრებს.
როლებში
რედაქტირება- შალვა დადიანი – ონოფრე (მოძღვარი)
- გიორგი დავითაშვილი – ონისე
- ელენე ჩარსკაია – ჯათია
- მ. ალიბეგოვა – მაყვალა
- ვალერიან გუნია – მაყვალას მამა
- მარგალიტა ბარსკაია – მაყვალას დედა
- ალექსანდრე იმედაშვილი – გელა (მაყვალას ქმარი)
შეფასება
რედაქტირებამხატვრული თვალსაზრისით ფილმი სუსტი გამოდგა, რადგან რეჟისორის ყურადღებას მხოლოდ მთის ლანდშაფტი, მოხევეთა ზნე-ჩვეულება, ჩაცმულობა, საქციელი და ეგზოტიკურობა იწვევდა.
„სურათი, რომელიც ამჟამად ეკრანზე მიდის, ყაზბეგის ნაწარმოები არ არის, მწერლის სახელი არ უნდა შეიბღალოს. სად არის აქ მთიულეთი მთელი თავისი სიმაღლით, სად არის აქ თემი...“
| |
(გაზეთი „ლომისი“[1])
|
განსხვავებები რომანისგან
რედაქტირებამოთხრობისგან განსხვავებით, სადაც მღვდელი ონოფრე ხალხის მეურვე და გაჭირვების ტალკვესია და მისი მიზანი ხალხისა და ღმერთის სამსახურია, ფილმში იგი ღმერთს განუდგება და რევოლუციური იდეებით ანთებული ხალხს რევოლუციისკენ და ძალადობისკენ მოუწოდებს. მღვდლის რევოლუციონერად გარდაქმნის თემა მეტად აქტუალური იყო 1920-იან წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
- აკაკი ბაქრაძე, „კინო, თეატრი“ გვ. 76-77 — „ხელოვნება“, თბილისი, 1989
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზეთი „ლომისი“ 8 აპრილი, 1923