სამი სიცოცხლე (ფილმი)

სამი სიცოცხლე — 1925 წლის ქართული საბჭოთა ორსერიიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ ივანე პერესტიანის მიერ, გადაღებულია გიორგი წერეთლის რომან „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით. ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ. პერესტიანი ამ ფილმს თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა.

„სამი სიცოცხლე“
ჟანრი მელოდრამა
დამდგმელი რეჟისორი ივანე პერესტიანი
პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე
სცენარის ავტორი ივანე პერესტიანი
ნაწარმოები პირველი ნაბიჯი
გიორგი წერეთელი
როლებში ნატო ვაჩნაძე, მიხეილ გელოვანი, დიმიტრი ყიფიანი, კოტე მიქაბერიძე
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი სემიონ გუბინ-გუნი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 24 იანვარი, 1925
ხანგრძლივობა 153 წთ
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში აღწერილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერთი ქართული ოჯახის დრამატული თავგადასავალი. ფოთელ ვაჭარს, ბახვა ფულავას ღარიბი მკერავი ქალი, ესმა შეუყვარდება და ცოლად მოიყვანს. ლამაზი ესმას ცდუნების სურვილი აზნაურ იერემია წარბას მოსვენებას დაუკარგავს, ბედნიერ ოჯახს თავს დაესხმება და ესმას გაიტაცებს. მდევრებისგან შევიწროებული იერემია, საწადელს რომ ვერ მიაღწევს, ქალს დაუნდობლად მოკლავს. გავლენიანი თავადის ქალის, ვალიდას წყალობით იერემია სასჯელს თავს დააღწევს. ბახვა მართლმსაჯულების იმედს დაკარგავს, იერემიას საძინებელში შეიპარება და დამნაშავეს თვითონ გაუსწორდება.

გადაღება

რედაქტირება

იერემია წარბას როლზე პერესტიანმა არაპროფესიონალი მსახიობი დიმიტრი ყიფიანი ცოლის რეკომენდაციით აიყვანა. რეჟისორი ყიფიანის გამოხედვამ მოხიბლა.[1] ესმას დაკრძალვის მასობრივი სცენები აბაშაში იქნა გადაღებული ხალხის უშუალო მონაწილეობით.[2]გადაღებები მიმნდინარეობდა გურიაში, სამეგრელოში, ფოთსა და თბილისში.

შეფასება

რედაქტირება

ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებით ფილმში გამარტივებულია მხატვრული სახეები. ნაჩვენებია ორი სოციალური კლასის, არისტოკრატიისა და ვაჭართა ჭიდილი, რასაც ეწირება პატიოსანი მშრომელი ქალი ესმა, რომლის უბრალოება და სისადავე მაყურებელში თანაგრძნობას და სიყვარულს იწვევს.[3]

მთავარმა სარეპერტუარო კომისიამ ფილმი თავიდან დაიწუნა. ფილმის ნაკლად ებრაელი მეირას სახეში დანახული ანტისემიტური ტენდენციები დასახელდა.[4], მაგრამ ფილმი ბევრმა დაიცვა, მათ შორის სსრკ განათლების პირველმა კომისარმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ.[5], რომელმაც ფილმს გზა გაუკვალა კინოეკრანებისკენ. ფილმში ისეთმა მახასიათებლებმა, როგორებიცაა სექსუალობა, ძალადობა, მკვლელობა და მოვლენათა სინქრონულობა, განაპირობა მისი პოპულარობა.[6]ფილმის შემოსავლებმა სამჯერ გადააჭარბა დანახარჯებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.
  • გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013, ISBN 978-9941-0-5910-0.
  1. კარლო გოგოძე, „ი. ნ. პერესტიანი“ გვ.57 — „ხელოვნება“, თბილისი, 1957
  2. ნატო ვაჩნაძე, „მოგონებები და შეხვედრები“ გვ. 36 — „აფხაზეთის სახელგამი“, სოხუმი, 1953
  3. ნათა ამირეჯიბი,„დროთა ეკრანი“ გვ. 38-39 — „ხელოვნება“, თბილისი, 1990
  4. ჟურნალი „კინო“ N7 გვ. 237 — 1981
  5. А.Луначарский, "Кино и Время", I გვ. 329 — 1960
  6. Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 88 — Cambridge University press. 1992