ეს სტატია მონასტერს ეხება. სოფლის შესახებ იხილეთ მოწამეთა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი).

მოწამეთა — სამონასტრო კომპლექსი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ქუთაისიდან 6 კმ დაშორებით, მდინარე წყალწითელას აღმოსავლეთ ხეობაში, სოფელ მოწამეთას მახლობლად.

მოწამეთა

მოწამეთა

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა მოწამეთა
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება VIII საუკუნე

მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. გალავნით შემორტყმული მონასტერი კლდოვან-ტყიან მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, მონასტრის გარშემო მყოფ ბუნებაზე მოგზაური ალექსეი მურავიოვი ამბობდა: „შეუძლებელია უკეთესი ადგილის შერჩევა საბერ-მონაზვნო განმარტოებისთვის“.

ადრეულ შუა საუკუნეებში აქ, ციხექალაქ წყალწითელში, ხარების ეკლესია იყო, რომელიც 735-737 წლებში მურვან ყრუს მეთაურობით შემოსეულმა არაბთა ლაშქარმა დაანგრია. შემოსევისას მოწამეობრივად აღსრულებული არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე ხარების დანგრეული ეკლესიის კრიპტაში დაკრძალეს. სავარაუდოდ, მეფე ბაგრატ IV-მ აქ მონასტერი ააგო და მის ეკლესიაში წმინდა მოწამეთა საფლავი მოაწყო. მოგვიანებით ამ ადგილს მოწამეთა ეწოდა. ამჟამინდელი ეკლესია აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ბაგრატისეული ეკლესია მცირე ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენდა. 1844-1845 წლებში იგი იმერეთის მიტროპოლიტის, დავითის (წერეთელი) და მონასტრის წინამძღვრის, პორფირის (წერეთელი) თაოსნობით გაფართოვდა, 1860-იან წლებში აიგო გუმბათი. სამშენებლო სამუშაოებს ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილები უძღვებოდნენ. ტაძარი 1863 წელს აკურთხა წმინდა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე).

განახლებულმა ეკლესიამ „ჩახაზული ჯვრის“ სტრუქტურა მიიღო. გუმბათი ეყრდნობა ორ კვადრატული გეგმის ბურჯსა და საკურთხევლის აფსიდის შვერილებს (საკურთხევლის კონქში შემორჩენილი ვედრების გამოსახულება XIV-XVI საუკუნეებს შორის უნდა იყოს შესრულებული). ეკლესიის თავისებურებაა უჩვეულო ორიენტაცია — საკურთხეველი მას ჩრდილოეთით აქვს. ლუსკუმა წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ნეშტით აღმოსავლეთ კედელთან, ხუთი საფეხურით შემაღლებულ ადგილზე დგას. მის წინ მწოლიარე ძუ ლომის 1840-იან წლებში დამზადებული ორი ხის ქანდაკებაა. ლუსკუმას ქვემოთ მლოცველთათვის გასასვლელია მოწყობილი. დღესარსებული ლუსკუმა და მისი ჩარდახი ხელახლა გაკეთდა 1954 წელს, მას შემდეგ რაც მიტროპოლიტ გაბრიელის (ჩაჩანიძე) მცდელობით წმინდა მოწამეთა ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მონასტერში იქნა დაბრუნებული (ნეშტი მუზეუმში მონასტრის გაუქმების შემდეგ, 1923 წელს მოხვდა).

ეკლესიის გარე შემკულობაში გამოყენებულია ბერეკაშვილების შემოქმედებისათვის დამახასიათებელი, შუა საუკუნეების არქიტექტურული ელემენტები. გუმბათის ყელს შემოწერს სამმაგ ლილვურ ნახევარსვეტებზე გადაყვანილი თაღნარი. ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები ბურთულებით არის გაფორმებული. სამხრეთი კარის ზემოთ ფართო მოჩუქურთმებული საპირის მქონე ჯვარია გამოკვეთილი. განსაკუთრებით მდიდრული გაფორმებით გამოირჩევა დასავლეთი ფასადი. მის შუა, რუსტირებული წყობით გამოყოფილ არეს დიდი პროფილირებული თაღი შემოწერს, რომელშიც ორი უფრო მცირე თაღი და ჰორელიეფური ვარდულია ჩაწერილი, ხოლო ზემოდან ჯვარია აღმართული. ამ ფასადის წინ არის მონასტრის შიდა ეზო. ქარაფი ეკლესიის ჩრდილოეთით მარალი საყრდენი კედლითაა ამოშენებული და ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია შექმნილი. ეკლესიის საკურთხეველიც ნაწილობრივ სუბსტრაქციაზე დგას.

ეკლესია რამდენჯერმე შეაკეთეს: 1890-იან წლებში არქიმანდრიტმა ბესარიონმა (ახვლედიანი), 1909-1912 წლებში არქიმანდრიტმა ნესტორმა (ყუბანეიშვილი) და 1954-1955 წლებში მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე). სარემონტო სამუშაოები შეეხო სხვა სამონასტრო ნაგებობებსაც.

ორსართულიანი სამრეკლო, ეკლესიიდან 1,5 მ-ით სამხრეთით, 1845-1847 წლებშია აგებული. ჩრდილოეთი კარის თავზე არსებული წარწერა იხსენიებს მონასტრის წინამძღვარს, პორფირის. სამრეკლოს არქიტექტურაც ბერეკაშვილების ხელობას ამჟღავნებს. 1960 წელს სამრეკლოს დასავლეთით, ძველი კოშკის ნაშთზე წინამძღვრის საცხოვრებელი სახლი დაშენდა.

მონასტრის ეზოში შესასვლელი კარიბჭე XVI-XVII საუკუნეებში აშენებული კოშკის პირველ სართულს შეადგენს. ის გეგმით კვადრატულია და აფრებზე დაყრდნობილი წრიული ლამბაქისებრი გუმბათი აქვს. კარიბჭეს მონასტერთან მისასვლელი გრძელი დახურული დერეფანი ებმის (მან შეცვალა ადრინდელი ასაწევი ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოქმედი იყო). კარიბჭის ორსავ მხარეს გალავნის ნაშთებია შემონახული. კედლების წყობა დიდკვადროვანია და V-VI საუკუნეების ქუთაისის, ნოქალაქევისა და წებელდის ციხეებზე შემონახული წყობის მსგავსია. არსებობს მოსაზრება მოწამეთასა და უქიმერიონის ციხის იდენტურობის შესახებ.

მონასტრის გარეთ სასტუმროს ნაშთი და XVI საუკუნის სამსართულიანი კოშკია. მის კედელში ჩართულია მედალიონში ჩასმული რელიეფური ტოლმკლავა ე. წ. ბოლნური ჯვარი, რომელიც შესაძლოა თავდაპირველი, ხარების ეკლესიის (V-VI საუკუნეები) დეტალს წარმოადგენდეს.

მოწამეთას ეკლესიის აშენების საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ერთნი ფიქრობენ, რომ ეკლესია აშენდა 11 საუკუნეში ბაგრატ IV-ის მიერ, მეორენი კი ეკლესია აშენდა ბაგრატ V დიდის დროს, ეს დაბნეულობა გამოწვეულია იმით, რომ მარტვილობის ტექსტში მითითებულია მეფე ბაგრატი, მაგრამ რომელი ზუსტად არ არის ნაცნობი.

მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „საქართველოს ძელი ქალაქები — ქუთაისი“, თბილისი, 2006
  • ლია შალვაშვილი, მოგზაურობა საქართველოში, გამომც. ”საქართველოს მაცნე”, თბილისი, 2007 წ.
  • ა.მურავიოვი, საქართველო და სომხეთი.
  • პ.ვაჭარიძე, მოწამეთა, გამზ.ქუთაისი, 1985 წ
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II, გვ 289-გვ 290
  • გ.წერეთელი, გამზ.კვალი, 1893 წ. N45
  • მ.საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ 324-330, 333

ფოტოგალერეა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება