მთავარი მენიუს გახსნა

დავით და კონსტანტინე — ძველი ქართული წყაროებით არგვეთის (ზემო იმერეთი, დღევანდელი ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის ნაწილები) მთავრები VIII საუკუნის I ნახევარში, მხეიძეთა ფეოდალური გვარიდან.

735 საქართველოს არაბთა ლაშქარი შემოესია მურმან იბნ-მუჰამადის მეთაურობით, მემატიანე აღნიშნავს: „იყვნენ სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჯალაკთა ეგრისთა“. მურვანს ქართველებმა თავისი გულქვობის და სისასტიკის გამო „ყრუ“ უწოდეს, მის ლაშქრობაზე მემატიანე წერს „აღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა“. არაბებმა ქართველთა წინააღმდეგობა დაძლიეს და 735-738 წლებში საკუთარი ბატონობა დაამყარეს, იმერეთში ისინი ფერსათის მთიდან გადმოვიდნენ და არგვეთის სამთავროს მიადგნენ, რომელიც ცალკე სამთავრო იყო, მისი საზღვრები წარმოადგენდა აღმოსავლეთით ლიხის ქედი, სამხრეთით ფერსათის მთები, დასავლეთით რიონი და ჩრდილოეთით კავკასიონი. არგვეთის მთავრებმა უმალვე შეკრიბებს ჯარი. „ხოლო იყვნეს წმიდანი ესე ქალ წულ ხორციელთა და მეცნიერ ძუელისა და ახლისა აღთქმისა, ჭეშმარიტნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლითა და ორივენი სავსე სულითა წმიდითა“ — ასე ახასიათებს მათ მემატიანე. არგვეთელთა ჯარი ფერსათის მთაზე, ხანისწყალზე ჩამოსასვლელთან შეეგება მტრის მოწინავე ლაშქარს და მტერს სასტიკი მარცხიც აწვნია. ამ მარცხმა აღაშფოთა ყრუ და იგი ურიცხვი ლაშქრით თვითონ დაიძრა ქართველთა წიაანააღმდეგ. მტერმა მოახრო მთელი არგვეთი და ასევე მათი რისხვა არ აცდა ციხესიმაგრე „წყალწითელას“. წმინდათა ცხოვრებაში ვკითხულობთ: „რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო და ეოხრა და დაეწვა“. დამარცხების შემდეგ არგვეთის მთავრები თარეშულად ბრძოლის გზას დაადგნენ და მოულედნელი თავდასხმებით თავზარს სცემდნენ მტერს, ბოლოს ყრუმ ბრძანა ისინი ცოცხლად შეეპყრათ. როგორც მემატიანე ამბობს მურვანი მოიხიბლა მათი გარეგნობით, ამიტომ მათ მან ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ძმები აწამეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ქვები დაჰკიდეს, ჯოხებით სცემეს, მათ კი საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს. ამის შემდეგ ისინი ცოცხლად ჩაყარეს „მდინარეს მას ფასონსა, რომელ არს ენითა ქართულითა რიონი“.

ქუთათურებმა ამოასვენეს წყლიდან გმირები და ქუთაის-გელათის გზის ახლოს, მდინარე წყალწითელასთან, ყოფილ ხარების ეკლესთან არსებულ აკდამაში დაასვენეს ისინი. ეკლესია მურმან ყრუს დაექცია: „და იყო უკაცურ დარღუცულ ეკლესია“. ამიერიდან ამ ადგილს ეწოდა მოწამეთა. დრო გადიოდა, მაგრამ ხალხი არ ივიწყებდა ძმათა მხეიძეთა გმირობას. წამებულთა სახელთა მოსახსენიებლად მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული „მოწამეთობა ანუ ორწიფობა“, ძვ. სტილი 2 ოქტომბერი (ახ. სტილით 15 ოქტომბერი), დღე, როდესაც აწამეს დავითი და კონსტანტინე. ისინი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ა. მურავიოვი, საქართველო და სომხეთი.
  • პ.ვაჭარიძე, მოწამეთა, გამზ.ქუთაისი, 1985 წ
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II, გვ 289-გვ 290
  • გ.წერეთელი, გამზ.კვალი, 1893 წ. N45
  • მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ 324-330, 333