ტრიფონ იასონის ძე ჯაფარიძე (დ. 1876, ხრეითი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 1937, ქუთაისი) — ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი, პუბლიცისტი.

ტრიფონ ჯაფარიძე

დაიბადა 1876 წლის 7 ნოემბერს სოფელ ხრეითში (შორაპნის მაზრა) ღარიბი აზნაურის მიხეილ ჯაფარიძის ოჯახში, დედა პელაგია ჭიჭინაძე დეკანოზ ალექსი ჭიჭინაძის ასული იყო. 1903 წელს ტრიფონ ჯაფარიძემ ქუთაისში ეპისკოპოს ნესტორ ყუბანეიშვილის ქალიშვილზე – ოლღაზე იქორწინა, ტრიფონსა და ოლღას რვა შვილი ეყოლათ.

განათლება

რედაქტირება

ტრიფონი რვა წლამდე ოჯახში იზრდებოდა, აქვე ისწავლა წერა-კითხვა, 1884 წელს ის შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ 1891 წელს, როგორც ღარიბი და ამასთანავე კარგი მოსწავლე სახელმწიფოს ხარჯზე მიიღეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1898 წელს დაამთავრა სემინარია და ისევ სახელმწიფო ხარჯით გაგზავნეს კიევის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1902 წელს დაასრულა ისტორია-არქეოლოგიის განხრით. სტუდენტობის პერიოდში იგი ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ადგენდა საინტერესო საკითხებზე სამეცნიერო ხასიათის რეფერატებს სათვისტომოსათვის საჭირბოროტო საკითხებზე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტრიფონ ჯაფარიძემ მუშაობა 1902 წელს დაიწყო, თავიდან მას რამდენიმე გაკვეთილი ჰქონდა ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში. 1903 წელს დაინიშნა სტავროპოლის სასულიერო სემინარიის სუბინსპექტორად. 1904 წელს გადაიყვანეს ჩერნიგოვის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, საიდანაც მოითხოვა ქუთაისში გადმოსვლა. 1905 წელს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად. 1905 წელს ქუთაისში დაარსდა რევოლუციურად განწყობილი მასწავლებელთა კავშირი და ბიურო, რომლის შვიდ წევრთაგან ტრიფონი ერთ-ერთი იყო, მათ მფარველობდა ქუთაისის გუბერნატორი ვლადიმირ სტაროსელსკი. მთავრობამ მოძრაობის ყველა მონაწილე დასაჯა, ტრიფონ ჯაფარიძე გადაიყვანეს პინსკში სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწის თანამდებობაზე. 1908 წელს ქუთაისში ბრუნდება და საეპარქიო ქალთა სასწავლებლისა და ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლის თანამდებობაზე იწყებს მუშაობას. 1908 წელს ქუთაისში დაარსდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, რომლის გამგეობაშ შედიოდა ტრიფონ ჯაფარიძეც. საზოგადოებამ მრავალ სოფელში დააარსა სამკითხველოები, ხელს უწყობდა წერა-კითხვის გავრცელებასა და სახალხო სკოლების დაარსებას მათ შორის სამურზაყანოსა და აჭარა-ქობულეთში. 1910 წელს დაინიშნა იმერეთის ეპარქიის გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებელში ინსპექტორად, რომელიც 1917 წელს გიმნაზიად გადაკეთდა და ტრიფონ ჯაფარიძე მისი დირექტორი გახდა. 1921 წელს გიმნაზიები ტექნიკუმებად გადაკეთდა, იგი მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის მეოთხე ტექნიკუმში. 1911-1921 წლებში იყო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. 1914-1917 წლებში ქალაქის საბჭოს ხმოსანი 1917-1918 წლებში ქუთაისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და დავალებული ჰონდა ,,ისტორიული ძეგლებისა და მასალების დაცვა შემთხვევით დაღუპვისაგან“ 1917-1921 წლებში იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მუშაობდა პარტიის კომიტეტში და ფრაქციაში 1920 წელს ერთ ერთი დამფუძნებელია დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკისა 1921-1930 წლებში იყო სიძველეთა და ხელოვნების ძეგლების დაცვის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში. კითხულობდა ლექციებს ჯერ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში, მერე ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1922 წელს ქუთაისში გაიხსნა სახელმწიფო საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი და ტრიფონ ჯაფარიძე დაინიშნა მუზეუმის დირექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1930 წლამდე. 1930 წელს მის წინააღმდეგ დაწყებული კმაპანიის გამო გადმოყვანილ იქნა მუზეუმში მეცნიერ მუშაკად. 1937 წლის დასაწყისიდან 30 ივნისამდე მუზეუმის დირექტორის იონა კობახიძის ავადმყოფობის გამო მის მოვალეობას ასრულებდა.

მოღვაწეობა

რედაქტირება

განუზომლად დიდია მისი ღაწლი ქუთაისის მუზეუმის დაარსებისა და ფონდების შევსება-დაკომპლექტების საქმეში, მისი უშუალო მონაწილეობით ქუთაისის მუზეუმში თავი მოიყარა დიდძალმა მასალამ: მრავალრიცხოვანმა არქეოლოგიურმა, ეთნოგრაფიულმა, ნუმიზმატიკურმა მასალამ, ძველმა ხელნაწერმა წიგნებმა, ჭედური ხელოვნების ძეგლებმა და ა.შ. მასალების შეგროვება მან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როცა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის გამგეობას თავმჯდომარეობდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში მუზეუმის დაარსების მოსურნეებს ტრიფონ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ, ამას ზედ დაერთო რუსეთ-თურქეთის ომი და 1905 წლის რეაქციული მოძრაობები, ხალხში თანდათან მატულობდა გაურკვეველი იდეოლოგიის ჯგუფები, რომლებიც ყველაფერი ძველისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ და ,,განახლების“ იდეით იყვნენ შეპყრობილნი, მაგალითად, ასეთი ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ბაგრატის ტაძარსაც კი შეესია და ერთი კუთხე მთლიანად მოანგრიეს. ისტორიული თუ ეთნოგრაფიული დანიშნულების ნივთებისა და ძეგლების მდგომარეობა მძიმე იყო, მთავრობა საერთოდ არ ზრუნავდა მათ მოვლა-შენარჩუნებაზე, ამიტომ ნაწილი ნადგურდებოდა, ხოლო ნაწილი უცხოელებს უცვივდებოდათ ხელში. 1907 წლის 3 ოქტომბერს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით თბილისში დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქუთაისის ინტელიგენციას მსგავსი ორგანიზაციის ქუთაისში დაარსების სურვილი კიდევ უფრო გაუღვივა. 1911 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გაიმართა ინტელიგენციის წარმომადგენელთა კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისში ისტორიისა და ეთნოგრაფიის დამოუკიდბეელი საზოგადოების დაარსების შესახებ. 1912 წლის 17 ივნისს მთავრობამ დაამტკიცა საზოგადოების წესდება და ამდენად ქუთაისში დაარსდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის დამოუკიდებელი საზოგადოება, რომლის დამფუძნებლად ითვლებიან იოსებ და სიმონ ოცხელები, ტრიფონ ჯაფარიძე, სამსონ ყიფიანი და კონსტანტინე ჯორჯიკია. ნივთების შეგროების მიზნით, საზოგადოების გამგეობამ პირველივე წლებშივე რამდენიმე გასვლა მოაწყო (სამეგრელო, სვანეთი , იმერეთი) რომლის შედეგადაც შეძენილ იქნა სხვადასხვა ნივთები და მოხდა საინტერესო ადგილების აღწერა. ვინაიდან გამგეობის წევრთა უმრავლესობა ხანშიშესული ადამიანები იყვნენ, სოფელ-სოფელ დადიოდნენ ევგენი ნიკოლაძე და ტრიფონ ჯაფარიძე, რის გამოც ქუთაისის ისტორიულ-გეოგრაფიული საზოგადოების მანდატით ამ ორმა ადამიანმა ფაქტობრივად მოიარა მთელი ზემო იმერეთი. საზოგადოება ნივთების შეგროვებისათვის ძალ-ღონეს არ იშურებდა, ისინი ცდილობდნენ ოჯახებში დაცული საყურადღებო ნივთებისთვის თავი მოეყარათ, რათა ისინი არ განიავებულიყო. ტრიფონ ჯაფარიძე ასევე დიდ ყურადღებას იჩენდა ქართული გალობისადმი და საჭიროად მიაჩნდა ფონოგრაფის შეძენა, რათა გადაერჩინათ გალობის ჩანაწერები. გარდა სამუზეუმო მასალების შეგროვებისა საზოგადოება დიდ ყურადღებას უთმობდა ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების დანიშვნასა და ნივთიერი დახმარების საქმეს. ტრიფონ ჯაფარიძეს მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდა ექვთიმე თაყაიშვილთან, ნიკო ნიკოლაძესთან, ვუკოლ ბერიძესთან, ს. კაკაბაძესთან, ს. ხუნდაძესთან, კ. ლორთქიფანიძესთან, დ. ბაქრაძესთან, იოსებ ოცხელთან კორნელი კეკელიძესთან, გ. ახვლედიანთან, დიმიტრი უზნაძესთან, ვარლამ თოფურიასთან და ა. შ. ტრიფონ ჯაფარიძე დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის საკითხისადმი, როდესაც 1917 წლის 12 მარტს მცხეთის ტაძარში ჩატარდა კრება, ტრიფონ ჯაფარიძე აღტაცებით შეხვდა ამ საკითხს, მთავრობის პოზიცია გამოხატული იყო პროფესორ ბენეშევიჩის გამოსვლაში, სადაც მან ისაუბრა ქართული ეკლესიის ექსტერიტორიალობის თაობაზე, რის გამოც პროფესორ ბენეშევიჩს გაეგზავნა ქუთაისის საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების პროტესტი, სადაც დაგმობილი იყო საქართველოს ეკლესიის უტერიტორიო ავტოკეფალიის თავს მოხვევის მცდელობა. ტრიფონ ჯაფარიძის ხელმოწერილი დეპეშა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება დაბეჯითებით მოითხოვდა აღდგენილი ყოფილიყო თვითმპყრობელობისაგან უდიერად გათელილი საქართველოს ეკლესიის კანონიერი უფლებები, გაეგზავნა სხვადასხვა გაზეთებს. საზოგადოების სახელით საპროტესტო დეპეშა გაეგზავნა ასევე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს.

1922 წლის დეკემბერში ტრიფონ ჯაფარიძის ინიციატივით ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ შეგროვილი მასალების ბაზაზე დაარსდა ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი. ტრიფონ ჯაფარიძე ძალ-ღონეს არ იშურებდა სამუზეუმო მასალების მოსაპოვებლად, ის მაქსიმალურად ცდილობდა სხვადასხვა ოჯახებში თუ კერძო პირების საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ნივთი მუზეუმში ყოფილიყო დაცული, ამისათვის ზოგის პატრიოტულ გრძნობებზე მოქმედებდა, ზოგის ქრისტიანული მრწამსზე, ზოგს ქველმოქმედების გრძნობას გაუღვივებდა, რომ ნივთი დაეთმო მუზეუმისათვის. ხანდახან რომელიმე ნივთს პატრონს გამოართმევდა, მერე ამ ნივთს იმის აღნიშვნით, თუ ვინ, როდის და რა პირობებში შემოწირა მუზეუმს, ნივთს დარბაზში გამოფენდა და პატრონს სირცხვილ-ნამუსზე აგდებდა და ისიც იძულებული ხდებოდა მუზეუმისთვის ეჩუქებინა. ფაქტობრივად ტრიფონ ჯაფარიძის დამსახურებაა, რომ იმ პერიოდის განუკითხაობას თუ ანტირელიგიურ მოძრაობებს გადაურჩა და შემოგვრჩა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები. 1923 წელს, როდესაც საქართველოშ მასიური სახე მიეცა ეკლესია-მონასტრების დახურვას და საეკლესიო ნივთების განადგურებას, ტრიფონ ჯაფარიძე საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერი წიგნები და სხვა ნივთები გადაერჩინა. ბუნებრივია მარტო ერთი ვერ აუვიდოდა ამ ყველაფერს, ამიტომ ცდილობდა როგორმე დაკავშირებოდა სამეგრელოში, გურიაში, რაჭაში, იმერეთში სხვადასხვა სანდო პირებს, რათა ნივთები, როგორმე გადაერჩინათ. 1923 წელს ,,უღმერთოთა კავშირის“ წევრებმა არგვეთის მთავართა წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს ნეშტები მონასტრიდან გამოიტანეს და შეურაცხყვეს, ტრიფონ ჯაფარიძის დიდი ძალისხმევის შედეგად წმინდანთა ნეშტი ქუთაისის მუზეუმში იქნა მოთავსებული, რაც გმირობის ტოლფასი იყო, იმ პერიოდში აგორებული ისტერიის ფონზე, როცა ასეულობით ადამიანთა ჯგუფები რელიგიის აღმოფხვრის სურვილით ეგზალტირებულები, წითელი დროეშებითა და ლოზუნგებით დაძრწოდნენ ყველგან და აგრესიას ავლენდნენ ყველაფრის მიმართ, რაც რელიგიასთან კავშირიში იყო, ამას ემატებოდა გამეფებული განუკითხაობა, დაბეზღება და დახვრეტები. თუმცა ტრიფონ ჯაფარიძის გმირული საქციელი მთავრობას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მოგვიანებით რეპრესიების დროს ერთ-ერთ ბრალდებად სწორედ წმინდანთა ნეშტის გადარჩენა წაუყენეს. 1923 წლის ანტირელიგიურ ისტერიას ვერც ქუთაისის საკათედრო ტაძარი (,,სობორო“) გადაურჩა, სასტიკად დარბეულ ტაძარზე ჯვარი ჩამოხსნეს, ხოლო ხატები გამოიტანეს და გარეთ დაყარეს, სადაც კომკავშირელები ფეხებით ქელავდნენ. შეძრწუნებულმა ტრიფონ ჯაფარიძემ აღმასკომს ,,სობოროში“ მუზეუმის მოწყობა შესთავაზა, ამთ იმედოვნებდა, რომ შენობას შეინარჩუნებდა, თუმცა ქალაქის ცენტრში მდგარ საკულტო ნაგებობას ანტირელიგიური ისტერიით შეპყრობილი ხელისუფლება ბუნებრივია ვერ აიტანდა, ამიტომ 1924 წლის ზაფხულში ეკლესია მთლიანად დაანგრიეს. ტაძარი რომელიც 18 წელი შენდებოდა ოთხ თვეშ მიწასთან გაასწორეს. იმავე წელს ანტირელიგიური სუსხი გელათასაც შეეხო, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ტრიფონ ჯაფარიძის დიდძალი ძალისხმევის შედეგად გელათის მონასტრის განძეულობა მძარცველ ბრბოს გადაურჩა. რა თქმა უნდა, ტრიფონ ჯაფარიძის ბრძოლა ეროვნული საგანძურის გადარჩენისათვის შეუმჩნეველი არ რჩებოდათ ყოველგვარი ეროვნულის მოძულე და სხვა პირადი ინტერესებით მისადმი ნეგატიურად განწყობილ პირებს, რომელთა ცილისმწამებლური საჩივრებისა თუ ანონიმური წერილების საფუძველზე ტრიფონ ჯაფარიძის და მუზეუმის საქმიანობის შესწავლისათვის არაერთი კომისია შექმნილა. ტრიფონ ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა 30-იანი წლების რეპრესიების პერიოდში . ზემდგომ ორგანოებში შედიოდა უამრავი საჩივარი, ასევე ადგილობრივ პრესაში ქვეყნდებოდა ბევრი ანონიმური წერილი, სადაც ტრიფონ ჯაფარიძე გამოცხადებული იყო ,,ხალხის მტრად“, იმ პერიოდში როცა იმართებოდა ,,ხალხის მტრების“ სამხილებელი და დასაგმობი კრებები, ტრიფონ ჯაფარიძე, როგორც ძველი ნივთების შემგროვებელი და ეპისკოპოს ნესტორ ყუბანეიშვილის სიძე მიიწვიეს თეატრის შენობაში, სადაც შეკრებილმა აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდების ჯგუფმა ტრიფონ ჯაფარიძეს მოსთხოვა პასუხი ეღიარებია თუ რატომ უყვარდა ძველი ნივთები, რა უფლებით იცავდა ეკლესია-მონასტრებს და რა კავშირი ჰქონდა ნესტორ ყუბანეიშვილთან. მჭევრმეტყველებით განთქმულმა ტრიფონმა ამხილა ბრბო, რის გამოც აღშფოთებულმა მონაწილეებმა ,,ხალხის მტერი“ და ,,მოღალატე“ ტრიფონ ჯაფარიძე სცენიდან ჩამოაგდეს. 1937 წლის 30 ივნისს ტრიფონ ჯაფარიძე დააპატიმრეს, ბრალად წაუყენეს ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა და ანტისაბჭოთა ორგანიზებული ქმედებისა, მისი ,,კონტრრევოლუციური საქმიანობის“ დასადგენად უშიშროების კომიტეტმა ბევრი მოწმე გამოძებნა, მათ შორის მისი ყოფილი მოსაწავლეები, ტრიფონ ჯაფარიძის წამება და დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ის ვერ გატეხეს, უშიშროებას განსაკუთრებით აინტერესებდა მისი კავშირები ექვთიმე თაყაიშვლთან და ნიკო ნიკოლაძესთან. ოთხი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ტრიფონ ჯაფარიძე ქუთაისის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა , ძიება შეწყდა, 1956 წელს უმაღლესმა სასამართლომ გადასინჯა მისი საქმე და ის უდანაშაულოდ სცნეს, 20 წლის დაგვიანებით, როცა ის უკვე ცოცხალი აღარ იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ც. მუმლაძე, ტრიფონ ჯაფარიძე, 1993 , ქუთაისი
  • ქებულაძე კ., ანტირელიგიური მოძრაობა ქუთაისის მაზრაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, კრ. ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის შრომები, კრ. 22, 2012 წ. გვ.183
  • დ. ბრეგაძე, ვალმოხდილი მოქალაქე, გაზ. "მოწამეთა" #4, 1991, აპრილი
  • მ. ნიკოლეიშვილი, გაზ. ქუთაისი, 1962, 13 ნოემბერი
  • "ტრ. ჯაფარიძე მავნებელია, იგი უნდა მოიხსნას. ბნელი საქმეები ქუთაისის მუზეუმში" გაზ. "ლენინის გზით", 1930 წ. 22 აპრილი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება