ივანე ლიპარიტის ძე

კლდეკარის ერისთავი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივანე.

ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაშიXI საუკუნის საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. ლიპარიტ IV ბაღვაშის ძე, სპასალარი 1059-1073 წწ., კლდეკარის ერისთავი 1073-1078 წწ.

გადახვეწილი იყო ბიზანტიაში ბაგრატ IV-გან შერისხულ და ბერად აღკვეცილ მამასთან, ლიპარიტ IV-თან ერთად. ბიზანიტიის იმპერატორმა ისააკ I-მა ივანეს სომხური ოლქის არშარუნიკის გამგებლობა უბოძა. ლიპარიტის თხოვნით, საქართველოს მეფემ 1059 წელს შეიწყნარა ივანე, დაუბრუნა მამაპაპეული მამული და სპასალარად დანიშნა. ერთხანს იგი ერთგულად ემსახურებოდა ბაგრატ IV-ს, დიდი პოლიტიკური უფლელები მოიპოვა და ეკონომიკურადაც გაძლიერდა. ალფ-არსლანის შემოსევების დროს ივანე ლიპარიტის ძე მეთაურობდა ალფ-არსლანთან მეფის სამოციქულო მისიას. 1069 წელს დაამარცხა განძის ამირა ფადლონი. 1073 წელს კი ისევ მეფის მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩადგა. აუჯანყდა გიორგი II-ს, კახელები მოიშველია და ქსნისპირა ადგილები დაიჭირა. გიორგი II იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო: ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის შვილს ლიპარიტს კი — ლოწობანი. 1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე ისევ განუდგა მეფეს, მაგრამ ამჟამად კახელები გიორგი II-ს მიემხრნენ და იგი იძულებული გახდა მეფეს დაზავებოდა. შემდეგ ივანე ლიპარიტის ძემ ქ. გაგი გამოსტაცა მეფის მეციხოვნეებს და საქართველოს მტერს განძის ამარა ფადლონს მიჰყიდა. დაახლოებით 1074 წელს კი მორჩილებით ეახლა საქართველოს ასაოხრებლად მოსულ თურქ-სელჩუკების სულთან მელიქ-შაჰს. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდნილა და ივანე ლიპარიტის ძე გამოიპარა. 1080 წელს მელიქ-შაჰი შეესია საქართველოს და ივანე ლიპარიტის ძე ოჯახიანად ტყვედ ჩაიგდო. შემდეგ იგი წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 209.
  • კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., 1969
  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 2012